რატომ დავიწყე ინვესტირება? — გიორგი ჩუგოშვილის გამოცდილება
თანამედროვე სამყაროში ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ადამიანების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ამისთვის, საკმაოდ ეფექტიანი მეთოდი, ინვესტიციებია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე ცალკეული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე.
On.ge Phubber-ის თანადამფუძნებელს, გიორგი ჩუგოშვილს ესაუბრა. Phubber სოციალური შოპინგის ციფრული პლატფორმაა, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. გიორგიმ გვიამბო, რატომ დაინტერესდა ინვესტიციებით, რა გზა გაიარა აქამდე და რა რჩევები აქვს ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
გზა ინვესტირებამდე
გიორგი ჩუგოშვილი ინვესტირების დაწყებამდე, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში კორპორატიულ სფეროში იყო დასაქმებული. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში პროფესიულად ვითარდებოდა და სულ უფრო წინ მიიწევდა, ამიტომ, როგორც კი სტაბილური შემოსავალი გაუჩნდა, სახლი იყიდა.
"ეს არის სტანდარტული გზა, რასაც ადამიანი ცხოვრებაში გადის, — ამბობს გიორგი”, — პირველ სამსახურს როცა იწყებ, შედარებით დაბალი ანაზღაურება გაქვს, შემდეგ ეტაპობრივად იზრდება. რა წამსაც გაგიჩნდება შესაძლებლობა, იღებ სესხს და ყიდულობ ბინას. თუმცა, ეს არის 10-15 წლიანი ფინანსური ვალდებულება, შენ შეიძლება შემოსავალი არ გქონდეს, მაგრამ სესხი მაინც უნდა დაფარო."
როგორც ის ამბობს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე გაიაზრა, რომ ეს კეთილდღეობა მის ყოველდღიურ შრომაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ შემოსავლის პასიურ წყაროებზე ფიქრი დაიწყო.
გამოსავალი მან ინვესტიციებში დაინახა.
საწყისი ნაბიჯები
დღეს ინვესტირების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება ითქვას, ყველაზე ხშირად უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. გიორგი ამბობს, რომ ამას საკმაოდ დიდი სასტარტო კაპიტალი სჭირდება. ამიტომ, მან ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო და საბოლოოდ, არჩევანი სტარტაპებზე შეაჩერა.
"მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ მქონოდა პასიური შემოსავალი, ამეშენებინა სისტემები, რომლებიც ჩემი ყოველდღიური ჩართულობის გარეშეც იქნებოდა შემოსავლის მომტანი."
ამის შემდეგ გიორგიმ საქართველოს ბანკის აპლიკაციის საშუალებით აქციების ყიდვაც დაიწყო.
ინვესტირების სტრატეგია და რჩევები დამწყებ ინვესტორებს
გიორგი ამბობს, რომ ინვესტირების პროცესისადმი მისი მიდგომა ძალიან მარტივია:
"არის კომპანიები, მაგალითად, Tesla, Coca-Cola, რომლებისაც მჯერა, მგონია, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდებიან და მათი აქციებიც გაძვირდება. ვისაც ვხედავ, რომ კარგი პროდუქტი და მომავალი აქვს, აქცენტს სწორედ ასეთ კომპანიებზე ვაკეთებ და აქციებს ვყიდულობ. ეს არის და ეს."
გიორგი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენიმე რჩევას აძლევს მათ, ვისაც ინვესტირების დაწყება სურს:
გარისკვის აუცილებლობა
მარტივით დაწყება
გიორგის თქმით, არ არის აუცილებელი გარისკვა 100 ან 10 ათასი დოლარით დაიწყო, რადგან ყველაფერს თავისი გამოცდილება სჭირდება, რომელიც დროთა განმავლობაში მოდის.
"ყველას ვურჩევ, მარტივით დაიწყონ და შემდეგ გადავიდნენ კომპლექსურ და მასშტაბურ პროექტებზე. მაგალითად, თუ ყოველ დღე 10 ლარს გადავდებთ, ეს თითქოს ჩვენს ბიუჯეტს არ დააკლდება, მაგრამ წლის ბოლოს გვექნება 3650 ლარი, რომლითაც გარკვეული პორტფელის ყიდვა შეიძლება."
შეცდომებზე სწავლა
იგი ამბობს, რომ თავიდან შეცდომებსაც უშვებდა და ეს ბუნებრივიცაა. სწორედ ამიტომ არის კარგი თავდაპირველად მცირე თანხებით დაწყება.
თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
კომენტარები