ორ კორეას შორის — როგორია გაყოფილი ნახევარკუნძულის რეალობა
ჟურნალისტი ლანა კოკაია ორი კორეის გამყოფ ხაზზე იმყოფებოდა და გვიყვება, როგორ ჩანს ნახევარკუნძულის ორი განსხვავებული მხარე 38-ე პარალელიდან.
ერთი ენის, ერთნაირი გარეგნობის, ერთი კულტურის და ბევრი სხვა საერთოს მქონე ხალხს, დღემდე სატელეფონო კავშირიც არ აქვს. 1953 წელს 38-ე პარალელზე საზღვარი გაივლო და რუკაზე დახაზულმა ერთმა ხაზმა კორეის ნახევარკუნძული ორად გახლიჩა. სამხედრო სადემარკაციო ხაზის გავლებიდან 70 წლის შემდეგაც კორეის ნახევარკუნძული გახლეჩის მძაფრ სიმბოლოდ რჩება.
ამ გაზაფხულს კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჟურნალისტთა კონფერენციას დავესწარი და 47 ქვეყნის 56 უცხოელ ჟურნალისტთან ერთად საკუთარი თვალით ვნახე გახლეჩის რეალობა, მოვხვდი ორ კორეას შორის, ვეწვიე დემილიტარიზებულ ზონას, სადაც ისტორია, კულტურა და დაძაბულობა იკვეთება.
დემილიტარიზებული ზონის მიახლოებამდე საპასპორტო კონტროლის გავლაა საჭირო. გიდი ბევრჯერ გვაფრთხილებს, რომ ფოტო/ვიდეოს გადაღება, ტურისტებისთვის განკუთვნილი ლოკაციების გარდა, დემილიტარიზებულ ზონაში აკრძალულია.
თავდაპირველად Camp Greaves ვათვალიერებთ, რომელიც ორი კილომეტრითაა დაშორებული სამხედრო სადემარკაციო ხაზიდან. Camp Greaves კორეის ომის შემდეგ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების სახლი იყო. აშშ-ს 506-ე მეორე ქვეითი დივიზიის კვალი აქ კვლავ შემორჩენილია. ერთ-ერთ უძველეს აშშ-ს სამხედრო ბაზას კორეელები დღეს ტურისტული მიზნით იყენებენ. აქ ინტეგრირებულია ისტორია, კულტურა და ხელოვნება.
ამის შემდეგ მთავარი სანახაობა ტურისტებისთვის დორას ობსერვატორიაა, რომელიც 38-ე პარალელის სამხრეთ კორეის მხარეს მდებარეობს. აქედან შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის დათვალიერება ბინოკლებით, ან მის გარეშე.
შენობის ბოლო სართულზე ღია სივრცეა მოწყობილი, მარცხნიდან ჩრდილოეთ კორეა ჩანს, მარჯვნივ - სამხრეთია. ხალხმრავლობა და რიგი ბინოკლებთან ჩრდილოეთ კორეის მხარესაა. ამ ისტორიულ ადგილებში მოგზაურობა არა მხოლოდ წარსულის მიმოხილვას გვთავაზობს, არამედ ასახავს მშვიდობის სწრაფვას და ერთიანი კორეის შესაძლებლობას.
ობსერვატორიიდან ასევე ჩანს ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული სოფელი და ასევე ქალაქი კაესონგი. სოფელი, რომელსაც პროპაგანდისტულს უწოდებენ, სამხრეთ კორეის საზღვართან გააშენეს, რათა ჩრდილოეთ კორეა ჩანდეს, როგორც ბედნიერი და აყვავებული.
როგორ გაიყო ნახევარკუნძული?
1910 წლიდან კორეის ნახევარკუნძული იაპონიას ჰქონდა ანექსირებული. პოლიტიკური ვითარება 1945 წელს შეიცვალა, როცა აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა იაპონია ერთობლივად დაამარცხეს. შედეგად კორეის ჩრდილოეთი ნაწილი საბჭოთა კავშირს ერგო, სამხრეთი - შეერთებულ შტატებს.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ კორეა ორ ნაწილად გაყოფილიყო 38-ე პარალელზე და ეს გაყოფა აღიარა გაერომაც. კორეის ნახევარკუნძულს 38-ე პარალელზე დღემდე დემილიტარიზებული ზონა ჰყოფს.
ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც 1948 წლამდე საბჭოთა ჯარების ოკუპაციაში იყო, კორეის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა. სამხრეთ ნაწილში - პროამერიკული კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა.
ორი წლის შემდეგ, 1950 წლის 25 ივნისს მოსკოვის მხარდაჭერილი ჩრდილოეთ კორეის ჯარი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრა. აშშ გაეროს მანდატის ფარგლებში კორეაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციას ჩაუდგა სათავეში. სწორედ აშშ-ის ჯარები შეადგენდა გაეროს ძალების 70%-ს, შემდეგ იყვნენ დიდი ბრიტანეთი, თურქეთი. დაპირისპირებას შეეწირა 36 ათასი ამერიკელი, 600 ათასამდე ჩინელი და 2 მილიონამდე კორეელი.
1952 წლიდან კორეის ომი სამხედრო თვალსაზრისით ჩიხში მოექცა, რამაც მხარეებს აიძულა ომამდელ მდგომარეობას დაბრუნებოდნენ. 1953 წლის 27 ივლისს ზავი დაიდო, რომელიც დღემდე ძალაშია.
ოფიციალურად, ჩრდილოეთ კორეა დამოუკიდებელი სოციალისტური სახელმწიფოა, რეალურად კი ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც კიმთა დინასტია მართავს. Amnesty International-ის შეფასებით, მსოფლიოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ ყველაზე ცუდი ვითარება ჩრდილოეთ კორეაშია. ის ერთ-ერთი უღარიბესი, თუმცა შეიარაღებული ქვეყანაა თავისი ბირთვული იარაღებით. მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანას დღემდე 40 წლის კიმ ირ სენის შვილი კიმ ჩენ ინი მართავს.
სამხრეთ კორეა კი ლიბერალურ-დემოკრატიული, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მაღალტექნოლოგიური, ინდუსტრიული, მდიდარი ქვეყანაა. აქ არის სამსუნგის, LG-სა და ჰიუნდაის სამშობლო. სამხრეთ კორეას 51 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს, ჩრდილოეთ კორეას — ორჯერ ცოტა.
71 წლის დადებული ზავის მიუხედავად, მხარეები დღემდე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ომი დასრულებულად არ მიიჩნევა და სამხედრო დაძაბულობა დღემდე იგრძნობა.
სამხრეთ კორეელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ფხენიანისგან უსიამოვნო სიურპრიზებს, მათ შორის სარაკეტო თავდასხმებს მიეჩვივნენ.
23 წლის სტუდენტი სეო კიონგი საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს კორეის უნივერსიტეტში. განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეის შესწავლა აინტერესებს. ის მეუბნება, რომ ჩრდილოეთ კორეელთან შეხვედრის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ჰქონია, არადა ძალიან აინტერესებს შეხვდეს ვინმე იქაურს.
"მართლა მინდა მათთან შეხვედრა. მაინტერესებს როგორ გამოიყურებიან, შემიძლია მათთან დალაპარაკება თუ არა. არ მქონდა მათი ნახვის შესაძლებლობა ჯერ", — ამბობს სტუდენტი.
ის გამონაკლისი არ არის. ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შესაძლებლობას სამხრეთ კორეის მოსახლეობის უმრავლესობა მოკლებულია. ფხენიანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რთავს ნებას სამხრეთ კორეის მოქალაქეებს მოინახულონ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ნათესავები, ისიც რამდენიმე საათით.
თუმცა იყო პერიოდი არსებობდა ტურისტული პროგრამები და ტურებით სამხრეთ კორეელებს ჩრდილოეთ კორეის სპეციფიკური ადგილებისა და ნათესავების მონახულებაც შეეძლოთ 4 დღით, მაგრამ 2008 წელს მომხდარმა ინციდენტმა ეს კავშირიც გაწყვიტა.
საუბარია სამოქალაქო პირის მკვლელობის პირველ შემთხვევაზე კურორტ კუმგანგში, რომელსაც 1998 წელს გახსნის შემდეგ მილიონზე მეტი სამხრეთ კორეელი ტურისტი ეწვია. ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა 53 წლის ტურისტ ქალს, მას შემდეგ რაც ის სამხედრო ზონაში გადავიდა.
სამხრეთ კორეელები ამბობენ, რომ შეხვედრების შესაძლებლობა სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ ურთიერთობების ატმოსფეროზეა დამოკიდებული. თუ ატმოსფერო ორივე კორეის მმართველებს შორის დადებითია, სამხრეთ კორეა ოჯახების შეხვედრების ორგანიზების შეთავაზებას უგზავნის ჩრდილოეთს, მაგრამ ატმოსფერო თუ უარყოფითია, ეს შეუძლებელია.
ატმოსფერო კი ამჟამად დადებითი არ არის. ამის ერთ-ერთ მიზეზად სამხრეთ კორეელები მათი ხელისუფლების სათავეში კონსერვატიული პარტიის ყოფნას ასახელებენ. სამხრეთ კორეის ლიბერალური პარტია მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ მხარდაჭერას, კონსერვატიული - არა.
სამხრეთ კორეა წლებია ფინანსურად ეხმარება ჩრდილოეთს ჰუმანიტარული, სამედიცინო დახმარებებით. ამარაგებს საკვებითაც. დახმარება არ აყოვნებს ბუნებრივი კატასტროფების დროსაც, მაგრამ კონსერვატიული პარტიის პირობებში ეს დახმარება შემცირდა.
სამხრეთ კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ჩრდილოეთთან გაერთიანების მომხრეა, მაგრამ სეულის მხრიდან ფხენიანისთვის მუდმივი დახმარების გაწევა არ მოსწონთ.
"ვფიქრობ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ამ მასშტაბით არ უნდა ვეხმარებოდეთ, რადგან როცა ვეხმარებით, პასუხად სარაკეტო თავდასხმებს ვიღებთ", — ამბობს 29 წლის ჰასეონ სუნგი.
24 წლის წინ, 2000 წელს ჩრდილოეთ კორეაში გამართულ შეხვედრაზე ნახევარკუნძულის ორი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ქალაქ კაესონგში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობაზე შეთანხმდა.
კაესონგის პარკი, რომელიც საზღვრიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, 2004 წელს გაიხსნა და შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკური თანამშრომლობისა და შერიგებისკენ.
სამხრეთ კორეის 124-მა კომპანიამ 54 000-მდე ჩრდილოკორეელი მუშა დაიქირავა წინდების, მაჯის საათებისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად, რომლებიც სამხრეთ კორეაში იყიდებოდა და გადიოდა ექსპორტზეც, თუმცა 2016 წელს ინდუსტრიულმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა.
სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კაესონგის კომპლექსის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს საწარმოს მეშვეობით მიღებული ფული მისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დასაფინანსებლად არ გამოეყენებინა.
სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა მაშინ თქვა, რომ სამხრეთ კორეის ინვესტიციებისა და ათიათასობით კვალიფიციური ჩრდილოეთ კორეელი მუშის წყალობით, ჩრდილოეთ კორეამ მიიღო 616 მილიარდი კორეული ვონი ნაღდი ფული კაესონგისგან.
ფხენიანი პერიოდულად ისვრის ჭურვებს სამხრეთ კორეის მიმართულებით. 2024 წლის 3 აპრილს ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, მოჰყვება "ჯოჯოხეთური განადგურება" სეულის მხრიდან.
38-ე პარალელის გავლებიდან შვიდი ათეული წლის შემდეგაც კი, კორეის ნახევარკუნძული დაყოფის ძლიერ სიმბოლოდ რჩება. საერთო ენის, კულტურისა და ისტორიის მიუხედავად, ორ კორეას ერთმანეთისგან მკაცრი ბარიერები ჰყოფს, როგორც ფიზიკური, ასევე იდეოლოგიური.
კომენტარები