ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე ტემპერატურის მატების შედეგად სოკოები მუტაციებს განიცდის, რომელთა შედეგადაც ისინი მეტად ინფექციური ხდება და წამლისადმი რეზისტენტულობა უძლიერდება.

ნანძინგის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, ტემპერატურის მატებასთან ერთად ეს ტენდენცია შემაშფოთებელია.

"სათანადოდ არაა შეფასებული ახალი სოკოვანი პათოგენების საფრთხე და მნიშვნელობა", — წერენ მკვლევრები ნაშრომში — "ტემპერატურაზე დამოკიდებულმა მუტაგენეზმა, შესაძლოა, სოკოებში ყველა წამლის მიმართ რეზისტენტულობა და ჰიპერვირულენტურობა [ძალიან სწრაფი და ძლიერი მოქმედების უნარი] გამოიწვიოს; მოვლენა იმ მოსაზრებასაც ამყარებს, რომ გლობალურმა დათბობამ შეიძლება, ახალი სოკოვანი პათოგენების განვითარებას შეუწყოს ხელი".

სოკოვანი ინფექციებით ყოველწლიურად დაახლოებით 3.75 მილიონი ადამიანი იხოცება. ეს იმის მიუხედავად, რომ სოკოს სახეობათა უმეტესობა ჩვენი სხეულისაზე დაბალ ტემპერატურას ანიჭებს უპირატესობას.

მერე მხრივ, ერთ-ერთი წინა ნაშრომის მიხედვით, სოკოების ფიზიოლოგია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, თუ მათ მაღალ ტემპერატურასთან შეგუებას ვაიძულებთ.

მეცნიერებმა წინა წლებში პირველი სოკოები გამოავლინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, პათოგენების სახით აღმოცენდა კლიმატის ცვლილების გამო. ესაა სახეობა Candida auris.

სითბოს თანდათანობით სხვა სოკოებიც უფრო მარტივად იტანს. შედეგად, შესაძლოა, ძუძუმწოვრების სხეული მათი გამრავლებისთვის მეტად ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდეს, ეს კი ინფიცირების რისკებს გაზრდის.

///

ახალი ნაშრომის ფარგლებში მკვლევრებმა სოკოთი ინფიცირების შემთხვევები შეისწავლეს, რომლებიც ჩინეთის 96 საავადმყოფოში დაფიქსირდა 2009-2019 წლებში. გუნდმა სოკოთა ისეთი ჯგუფი აღმოაჩინა, რომლებიც ადამიანებში აქამდე არ დაფიქსირებულა. ორ შემთხვევაში, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდებოდა, სახეობა Rhodosporidiobolus გამოვლინდა.

ამ სახეობის ერთ-ერთი შტამი, სახელად NJ103, 61 წლის კაცისგან გამოაცალკევეს. ამ პაციენტს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, ფლუკონაზოლითა და კასპოფუნგინით, მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება TZ579 შტამს, იგი 85 წლის კაცისგან მოიპოვეს, რომელიც ფლუკონაზოლით მკურნალობის მიუხედავად მოკვდა.

გარდა ამ ორისა, მეცნიერებმა გარემოდან სხვა შტამებიც გამოაცალკევეს. მათ Rhodosporidiobolus-ის 8 სახეობა ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურას, 37 °C-ს, დაუქვემდებარეს ლაბორატორიაში.

R. fluvialis და R. nylandii სახეობებმა სითბოს კარგად გაუძლო. მეტიც, R. fluvialis თავიდან ერთუჯრედიანი საფუარი იყო, თუმცა სითბოს გავლენით იგი კოლონიურ ფსევდოჰიფურ ფაზაში გადავიდა. თაგვებში შეყვანის შემდეგ ორივე სახეობამ კარგად გაიხარა.

ფსევდოჰიფური ფორმით R. fluvialis არამხოლოდ გადარჩა შედარებით თბილ გარემოში, არამედ მეტად რეზისტენტულიც აღმოჩნდა იმუნური მაკროფაგური უჯრედების მიმართ. ამ უჯრედებს ეს სოკოები უნდა დაეხოცა, თუმცა ეს პირიქით მოხდა.

საგულისხმოა, რომ R. fluvialis და R. nylandii იმ სამი მედიკამენტის მიმართაც რეზისტენტულია, რომლებსაც სოკოს საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად იყენებენ. ეს წამლებია: ფლუკონაზოლი, კასპოფუნგინი და ამფოტერიცინ B.

"R. fluvialis ფლუციტოზინის მიმართაა მგრძნობიარე; მეორე მხრივ, აღმოვაჩინეთ, რომ R. fluvialis-მა ფლუციტოზინისადმი რეზისტენტული მუტანტური ნიშან-თვისებები სწრაფად შეიძინა", — ვკითხულობთ ნაშრომში — "R. fluvialis-ში სრული რეზისტენტულობის მიღწევის სიჩქარე განსაცვიფრებელი აღმოჩნდა".

მკვლევრებმა ერთი ნივთიერება გამოავლინეს, რომელსაც Rhodosporidiobolus მარტივად ვერ შეეგუა. ესაა პოლიმიქსინ B, FDA-ის მიერ ნებადართული ბაქტერიციდი. გასათვალისწინებელია, რომ ეს ნივთიერება ნეირონებსა და თირკმლის უჯრედებს აზიანებს.

გამოდის, გლობალური ტემპერატურის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, სამომავლოდ სახიფათო სოკოებით ინფიცირების რისკიც გაიზარდოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე გაჩნდეს სოკოს საწინააღმდეგო სხვა, მეტად ეფექტიანი, საშუალებები.

ნაშრომი ჟურნალში Nature Microbiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.