ნახეთ: ჭიანჭველები ერთმანეთს ამპუტაციას უკეთებენ და ჭრილობას უსუფთავებენ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფლორიდაში გავრცელებული Camponotus floridanus-ის სახეობის ჭიანჭველები ერთმანეთს, საჭიროების შემთხვევაში, ამპუტაციას უკეთებენ. ასევე, ჭრილობასაც უსუფთავებენ, რათა ინფექციის გავრცელებას შეუშალონ ხელი.
მნიშვნელოვანია, რომ ისინი ადამიანის გარდა ერთადერთი არსებები არიან, რომლებშიც ამგვარი "ოპერაციებია" დაფიქსირებული.
"ეს ცხოველთა სამყაროში ერთი ინდივიდის მიერ იმავე სახეობის სხვა წარმომადგენელზე ჩატარებული რთული და სისტემური ამპუტაციის ერთადერთი მაგალითია", — აცხადებენ სპეციალისტები.
2023 წელს იმავე გუნდმა აღმოაჩინა, რომ აფრიკაში მობინადრე Megaponera analis-ის სახეობის ჭიანჭველები თავიანთ პოპულაციაში ინფიცირებულ ჭრილობებს მკურნალობენ. ამისთვის ისინი ჯირკვლებში წარმოქმნილ ანტიმიკრობულ ნივთიერებას იყენებენ. მათგან განსხვავებით, ფლორიდულ სახეობაში მსგავსი ჯირკვლები არ გვხვდება, ამიტომ მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ უვლიდნენ ისინი ამგვარ დაზიანებებს.
ყურადღება ბარძაყისა და წვივის იარებზე გამახვილდა. ექსპერიმენტის ფარგლებში კოლონიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველ შემთხვევაში ჭრილობებს ჯერ პირით ასუფთავებდნენ, შემდეგ კი განმეორებითი კბენის გზით ამპუტაციას მიმართავდნენ. ამით "პაციენტს" სიცოცხლეს საგრძნობლად უხანგრძლივებდნენ, კერძოდ გადარჩენის 40%-ზე ნაკლები მაჩვენებელი 90-95%-მდე იზრდებოდა, მეორე შემთხვევაში კი — 15%-დან 75%-მდე, რაც მხოლოდ გასუფთავებას მოჰყვებოდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჭიანჭველები ნებისმიერი დაზიანებისას ამპუტაციას შეზღუდული დროის გამო არ აკეთებენ, რადგან ამისთვის დაახლოებით 40 წუთი სჭირდებათ. კომპიუტერული ტომოგრაფიით გაირკვა, რომ ბარძაყში კუნთების დაზიანება მათში სისხლის მიმოქცევის შენელებას იწვევს. შესაბამისად, იქ არსებული ბაქტერია სხეულში გავრცელებას უფრო დიდხანს ანდომებს, რაც "ოპერაციისთვის" მეტ დროს იძლევა. წვივში შედარებით ნაკლები კუნთოვანი ქსოვილია, ამიტომ ის სწრაფად ინფიცირდება. ეს ნიშნავს, რომ გასუფთავება უფრო ეფექტიანია.
ავტორების თქმით, ეს "ერთადერთი სამედიცინო სისტემაა, რომელიც ადამიანისას შეგვიძლია, შევადაროთ". ისინი გეგმავენ, რომ მომავალში სხვა სახეობებიც შეისწავლონ, რომლებშიც ანტიმიკრობული გლანდები არ გვხვდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები