NASA-ს კოსმოსური ზონდის პირველადი მიზანი იუპიტერზე დაკვირვებაა, მაგრამ ის პერიოდულად მის თანამგზავრებსაც უახლოვდება და მათი ზედაპირის შესახებ ღირებულ მონაცემებს აგროვებს. ამ გიგანტური პლანეტის ორბიტაზე მოძრავი ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ობიექტი იოა, რომელიც მთელს მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიური ციური სხეულია.

ჯუნომ სწორედ მასზე არსებული ტბები შეისწავლა, რომლებსაც გავარვარებული ლავის მასები ქმნის. ეს აპარატმა Jovian Infrared Auroral Mapper (JIRAM)-ის სახელით ცნობილი ინსტრუმენტის მეშვეობით შეძლო, რომელიც იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი დანიშნულება იუპიტერის სქელი ღრუბლების მიღმა არსებული გარემოს გამოვლენაა, მაგრამ ამჯერად JIRAM-ის ობიექტივში იოს ტბები მოხვდა.

ინფრაწითელ გამოსახულებებში შედარებით გრილ ქერქს გარს ბევრად ცხელი ლავის ერთგვარი რგოლები აკრავს. მათი თერმული სიგნალები მიუთითებს, რომ ტემპერატურა იქ 232-732°C-მდე მერყეობს, რაც ტბის დანარჩენი ნაწილისას საგრძნობლად აღემატება.

ლავის ტბა Chors Patera-ს ინფრაწითელი სურათი.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/SwRI/ASI/INAF/JIRAM/MSSS

"ახლა უკვე წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ ვულკანიზმის რა ტიპია ყველაზე მეტად გავრცელებული იოზე: ესაა ლავის უზარმაზარი ტბები, რომლებშიც მაგმა ქვემოთ და ზემოთ გადაადგილდება.

ლავის ქერქი ტბის კედლების მიმდებარედ იბზარება და ისეთ ტიპურ რგოლებს წარმოქმნის, როგორიც ჰავაიზე მდებარე ლავის ტბებშიცაა", — აცხადებენ მეცნიერები.

წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, ამ უცხელესი რეზერვუარების შემადგენელი მასები დაბლიდან მაღლა ამოდის, რის გამოც ტბების დონეც იცვლება. როცა ქერქი მათ ასობით მეტრი სიმაღლის მქონე კედლებს ეხება, ხახუნი მას ბზარავს და კიდეების გასწვრივ ლავის რგოლებს აჩენს.

მეცნიერები JIRAM-ის მიერ 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალს შორის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს ეტაპობრივად აანალიზებენ. სწორედ ამის შედეგია ახალი მიგნება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications Earth and Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.