ისტორიაში პირველად, ჩინეთმა მთვარის შორეული მხრიდან დედამიწაზე ნიმუშები ჩამოიტანა
ჩინეთმა მისია Chang'e 6-ის ფარგლებში მთვარის შორეულ მხარეს შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია, რადგან დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ამ ნახევარსფეროში არსებული გრუნტი აქამდე არ გვქონდა მოპოვებული.
მსგავსი მასალით სავსე სპეციალური კაფსულა შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე 25 ივნისს, თბილისის დროით 10:07 საათზე, დაეშვა.
თვის დასაწყისში აპარატი მთვარის კრატერში დაჯდა, რომელიც NASA-ს პროგრამა Apollo-ს სახელს ატარებს. ის იმ რეგიონში მდებარეობს, რომელიც ჩვენი პლანეტიდან არასდროს ჩანს, ამიტომაც ეწოდება მას "შორეული". საქმე ისაა, რომ ამ ციური სხეულის ერთი მხარე ყოველთვის ჩვენკენაა მობრუნებული, მეორე კი — პირიქით.
სწორედ იქ შეაგროვა დასაშვებმა მოდულმა დაახლოებით 2 კილოგრამი რეგოლიტი, ანუ მთვარის ზედაპირზე არსებული გრუნტი, შემდეგ კი ორბიტაზე მოძრავ ზონდს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა ის დედამიწამდე მოიტანა და კაფსულა ხმელეთზე ჩამოუშვა.
უნდა ითქვას, რომ მთვარიდან კაცობრიობას ამგვარი ნიმუშები ადრეც ჩამოუტანია, თუმცა მისი ახლო მხრიდან. ეს აქამდე ჩინეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა შეძლო. შორეული მხარე ნაკლებადაა შესწავლილი, ამიტომ უკანასკნელი მიღწევა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი.
შესაძლოა, ამ მატერიის შესწავლამ მზის სისტემისა და თავად მთვარის განვითარების ადრეული პერიოდის შესახებ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი. მაგალითად, გაჩნდა თუ არა სამხრეთ პოლუს აიტკენის აუზი (უზარმაზარი კრატერი მთვარის შორეულ მხარეს) გვიანდელი ძლიერი ბომბარდირების დროს. ესაა თეორიული კატაკლიზმი, რომელიც პლანეტებთან და მათ თანამგზავრებთან განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ასტეროიდებისა და კომეტების შეჯახების პერიოდს მოიაზრებს.
არაა გამორიცხული, ამ საკითხის გამოკვლევა იმის დადგენაშიც დაგვეხმაროს, თუ როგორ მოხვდა დედამიწაზე წყალი და სიცოცხლე. შესაძლოა, ეს სწორედ ასტეროიდებს უკავშირდებოდეს, რომელთა მეშვეობითაც აქ ორგანული მოლეკულები და H2O მოხვდა.
რაც შეეხება ჩინეთს, ეს მთვარის შორეულ მხარეს მისი აპარატის დაშვების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი მისია Chang'e 4 იყო, რომლის ფარგლებშიც მავალი და დასაშვები მოდული ობიექტის ზედაპირზე 2019 წელს განთავსდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
პროგრამა Chang'e მთვარის ჩინური ღვთაების სახელს ატარებს. პირველი მისია ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელდა, მომდევნო Chang'e 7 კი 2026 წლისთვისაა ჩანიშნული და ადგილობრივი რესურსების გამოკვლევას ისახავს მიზნად. 2028 წელს Chang'e 8 ამ მარაგების გამოყენების პოტენციალს შეისწავლის, 2030 წლისთვის კი ჩინეთს იქ უკვე ასტრონავტების გაგზავნა სურს. უნდა ითქვას, რომ NASA ამას უფრო ადრე, 2026 წელს, აპირებს.
კომენტარები