შიმპანზეები ანტიბიოტიკური მცენარეებით თავიანთ თავს მკურნალობენ — როცა ტყე აფთიაქია
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა შიმპანზეები ავად არიან ან ჭრილობა აქვთ, ანთებისა და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეებს ჭამენ. ეს არა მხოლოდ ამ არსებების ქცევის უკეთ შესწავლაში, არამედ ახალი მედიკამენტების შექმნაშიც კი შეიძლება დაგვეხმაროს.
პრიმატოლოგების მიერ შიმპანზეებში თვითმკურნალობის შესახებ ვარაუდი დიდი ხანია, არსებობს. ხშირად შეუმჩნევიათ, როგორ ჭამენ ისინი მცენარეებს, რომლებსაც კვებითი ღირებულება არ გამოარჩევს. ამის მიზეზის გასაგებად, სპეციალისტები უგანდაში მდებარე ბუდონგოს ტყის ნაკრძალში მობინადრე 51 შიმპანზეს დააკვირდნენ, რომლებიც 2 სხვადასხვა პოპულაციას მიეკუთვნებიან.
გამოვლინდა 13 მცენარე, რომლებსაც ეს ცხოველები მაშინ ეტანებოდნენ, როცა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ჰქონდათ. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესწავლილი ექსტრაქტების 88% პათოგენური ბაქტერიების გავრცელებას უშლიდა ხელს, მათ შორის ESKAPE-ს ჯგუფში შემავალი 6 შტამის, რომლებშიც ამჟამად ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკური პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა ჩამოყალიბდა.
"მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში [შიმპანზეების] ქცევაზე დაკვირვებამ მცენარეების კონკრეტულ ჯიშებამდე მიგვიყვანა, ფარმაცევტული ანალიზის შედეგები ამაღელვებელი იყო. ასევე, ის, რომ მაღალი დონის ბიოაქტიურობა ამდენ მათგანში აღმოვაჩინეთ", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ელოდი ფრეიმენი.
ყველაზე ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი Alstonia boonei-ად წოდებული ხის მერქანში დაფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ის აღმოსავლეთ აფრიკაში სწორედ სამკურნალო თვისებების გამოა სახელგანთქმული და მას იქ რეპროდუქციული, ბაქტერიული თუ და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად იყენებენ. ამასთანავე, გველის ნაკბენის, ასთმისა და თავბრუსხვევის საწინააღმდეგოდაც.
შიმპანზეებზე დაკვირვებისას ხშირი იყო შემთხვევა, როცა ისინი პარაზიტული ინფექციის დროს სწორედ ამ ხის გამხმარ მერქანს ჭამდნენ. E. coli-სა (ნაწლავის ჩხირი) და E. faecium-ის მსგავსი პათოგენების მოსაშორებლად გამორჩეულად კარგი ეფექტის მქონე აღმოჩნდა Khaya anthotheca-ს ხის ქერქი და ფისი. სამი პრიმატის მიერ ამ მცენარის კომპონენტების გამოყენება მაშინ შენიშნეს, როცა მათ ჭრილობები ჰქონდათ, ერთში კი მუდმივი ხველისას.
გაანალიზებული მცენარეების მესამედს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გამოუვლინდა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი Christella parasitica-ს სახელით ცნობილი გვიმრის ფოთლებია. ერთადერთ შიმპანზეს, რომელმაც ის კვლევის განმავლობაში ჭამა, ხელი ჰქონდა დაზიანებული. აქედან ასკვნიან, რომ მან ამ გზით ტკივილისა და დასივების შემსუბუქება სცადა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები