სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ტალღების კვალს მიაგნეს — რისგან შედგება მისი ზღვები
სატურნის თანამგზავრი ტიტანი მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც მდინარეები, ტბები და ზღვებია დაფიქსირებული. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მათ ნაპირებს ტალღები ეხეთქებოდეს და ზედაპირის ეროზიას უწყობდეს ხელს.
"ჩვენი შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ტიტანის ზღვების სანაპიროები ეროზირებულია, ამის ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი სწორედ ტალღები უნდა იყოს", — აცხადებენ მეცნიერები.
ტიტანი ასტრონომმა კრისტიან ჰიუგენსმა ჯერ კიდევ 1655 წელს აღმოაჩინა. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, რადგან ამ ციურ სხეულს სქელი ატმოსფერო აკრავს თან, რომელზეც პირველ მინიშნებას 1944 წელს ჯერარდ კოიპერმა მიაგნო. კერძოდ, მან ობიექტის სპექტრულ მონაცემებში მეთანის კვალი შენიშნა. საუკუნის დასაწყისში სატურნის თანამგზავრი უკვე ზონდმა Cassini-მ შეისწავლა.
აღმოაჩნდა, რომ იქ უზარმაზარი ზღვები და ტბებია, რომლებიც არა წყლისგან, არამედ თხევადი მეთანისა და ეთანისგან შედგება.
მაინც რამდენად ჰგავს ეს ბუნებრივი რეზერვუარები დედამიწაზე არსებულს? აქვს თუ არა მათ აქ წარმოქმნილი ზღვების მსგავსი მახასიათებლები?
"ზოგმა ადამიანმა იქ ტალღების კვალის მოძიება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ეს ზღვები ისეთივე გლუვია, როგორიც სარკე. სხვებმა განაცხადეს, რომ თხევად ზედაპირზე გარკვეული უსწორმასწორობა შენიშნეს, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულნი, ტალღებმა გამოიწვია ეს, თუ სხვა რამემ", — ამბობენ სპეციალისტები.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად მათ ტიტანის მდინარეებისა თუ ვრცელი რეზერვუარების დეტალური კომპიუტერული მოდელი შექმნეს. მანამდე დედამიწაზე არსებულ სანაპიროებზე მიმდინარე ეროზიული პროცესები გააანალიზეს და შედეგები სიმულაციებს მოარგეს. სულ სამი სცენარი განიხილეს: როცა სანაპიროები ეროზირებული არაა, როცა ტალღების გავლენითაა სახეცვლილი და როცა ეტაპობრივად იშლება ან საკუთარი წონის გავლენით კოლაფსს განიცდის.
განსაკუთრებული ყურადღება იმ მანძილზე გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც ქარი თხევადი რეზერვუარის თავზე დაუბრკოლებლად გადაადგილდება და მის ზედაპირს ენერგიას აწვდის. რაც უფრო დიდხანს მოძრაობს ის იქ, მით მეტია ენერგიაც და ზედაპირიც უფრო მაღლდება. ავტორების თქმით, ტალღებით განპირობებული ეროზია სწორედ მათ კუთხესა და სიმაღლეზეა დამოკიდებული.
სიმულაციებში სამივე სცენარმა სხვადასხვა სახის სანაპიროები წარმოქმნა. ისინი, რომლებიც ტიტანზე არსებულს ყველაზე მეტად ჰგავდა, ტალღების გავლენით ფორმირებულს შეესაბამება.
რა თქმა უნდა ეს ტალღების პირდაპირი მტკიცებულება არაა. მის მოსაპოვებლად ციურ სხეულზე ახლოდან დაკვირვებაა საჭირო. საბედნიეროდ, მომავალში NASA იქ მისია Dragonfly-ის გაშვებას გეგმავს, რომელიც ტიტანამდე 2034 წელს მიაღწევს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები