საქართველოს ულტრანაციონალისტები: ფაშისტური მოძრაობა ფეისბუკზე
როგორც სხვა ასობით ადამიანი, რომელმაც 14 ივლისს თბილისის ქუჩებში მუსლიმების იმიგრაცია გააპროტესტა, 25 წლის ულტრანაციონალისტი თემური ამტკიცებს, რომ ქართული ელიტების მიერ მარგინალიზებული პატარა ჯგუფის წარმომადგენელია. თუმცა, მის თაობას ერთი მნიშვნელოვანი იარაღი აქვს, რაც წინა თაობის ნაციონალისტ ჯგუფებს არ ჰქონდათ - ფეისბუკი - პლატფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს.
თემურის, ამბავი ციფრულ სამყაროში კარგად გათვითცნობიერებული სხვა ახალგაზრდების ისტორიას ჰგავს, რომლებიც ექსტრემალური ნაციონალიზმისკენ იხრებიან, რათა უიმედო სამყაროში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
შავი ზღვის პირას, ქალაქ ქობულეთში, კონსერვატიულ ოჯახში დაბადებულმა თემურმა ადრეული თინეიჯერობიდან შეამჩნია, რომ „ელიტა, რომელიც მართავს ერს და სახელმწიფოს, ცუდად იქცევა“. რაც თემურისთვის ძალაუფლების უხეშად გამოყენებას, სამუშაო ადგილების ნაკლებობას და უცხო „ევროპული” ფასეულობების გადმოღებას ნიშნავს. თემურის ხედვების ჩამოყალიბებაში ოჯახმა და სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ისტორიის გაკვეთილები, სადაც მუსლიმ დამპყრობელსა და საქართველოს გაჭირვებაზე ყვებიან, მისი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.
გარდამტეხი პერიოდი თემურისთვის 2015 წელი აღმოჩნდა - მას შემდეგ, რაც იგი ქობულეთიდან თბილისში გადმოვიდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლად. 1.1-მილიონიან ქალაქში მან თანამოაზრეების პოვნა ადვილად მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ რთულია ულტრანაციონალისტური გაერთიანებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ფეისბუკზე ქართული ჯგუფების რაოდენობა, რომელიც ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, მიზოგინიურ და ფაშისტურ განცხადებებს ავრცელებს, მზარდია. ასეთი ჯგუფების რაოდენობის ზრდის მიზეზად რუსულ გავლენას ასახელებენ, მაგრამ ქართველი ულტრანაცინალისტები ასეთ კავშირს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ „რუსეთმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, ახლა კი საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებული აქვს“.
ულტრანაციონალისტური ჯგუფები ამორფულები არიან. ისინი ფეისბუკზე ერთმანეთის მასალებს აზიარებენ, თუმცა ერთმანეთთან კავშირს და ფეისბუკის გვერდის ხელმძღვანელის ვინაობას მალავენ.
ასეთი ტიპის ჯგუფებიდან ზოგიერთი ნეო-ნაცისტურია, რომლებიც „ეროვნულ ინტერესს” რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თემურის ჯგუფის მსგავსად, ბევრი სხვა ჯგუფიც ფაშისტურ იდეოლოგიასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფები ეთნიკურ წარმომავლობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ისინი არ აიდეალებენ ისეთ დიქტატორებს, როგორიც ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი იყო. სხვა ტიპის ჯგუფები საკუთარი რელიგიური და კონსერვატიული შეხედულებებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტურ იდეოლოგიას ემხრობიან, რომელიც 1992 წელს ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ჯგუფებს შორის ასევე ფარული რადიკალები არსებობენ (ბერგმანი და ედელვეისი), რომლებიც „ევროპულ პან-ნაციანალისტურ” მოძრაობასთან ასოცირდებიან და ძირითადად საფეხბურთო შეხვედრების დროს ხულიგნობისათვის არიან ცნობილები.
ჯგუფები წინააღმდეგობა საქართველო და ანტილიბერალური კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ანტილიბერალური კლუბის ფეისბუკის გვერდს 32 000 ადამიანი ადევნებს თვალყურს. ჯგუფის მიზანი ლიბერალ-ცენტრისტებთნ დაპირისპირებაა.
ქართული ძალა
ქართული ძალა, ძირითადად მოზარდებით და 25 წლამდე ასაკის მამაკაცებით დაკომპლექტებული, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომელიც 2015 წლიდან აქტიურობს. თუმცა, სხვა ჯგუფების მსგავსად, იგი ძირითადად ფეისბუკის საშუალებით ფუნქციონირებს. უცხოელებისთვის ჯგუფი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც, 2016 წელს ისინი თბილისში ვეგანურ კაფეს თავს დაესხნენ.
ჯგუფი ფოტოების, ვიდეოებისა და „მიმების“ საშუალებით თეთრკანიანი რასის უპირატესობას ამტკიცებდა, ასევე ავრცელებდა ანტი-ლგბტ და ანტი-ფემინისტურ ნარატივს. ჯგუფი განსაკუთრებული ენთუზიაზმით სამოქალაქო უფლებათა აქტივისტებს ესხმოდა თავს, რომელთა კონტექსტიდან ამოღებულ ციტატებს მათსავე სურათებზე ათავსებდნენ და დამცინავი, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი კომენტარებით ტვირთავდნენ, რაც შემდეგ მიზოგინიურ და ჰომოფობიურ დისკუსიას იწვევდა.
ქართულ ძალას 2016 წლის ბოლომდე ერთგვარი „შტაბ-ბინაც“ ჰქონდა - „მილიტარისტული ბარი“, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობდა. ასეთ ადგილს ჯგუფი ნაციონალისტური „სულისკვეთების“ გასაძლიერებლად იყენებდა.
თუმცა, ფეისბუკის გვერდი ქართული ძალის მოქმედების ძირითად სივრცეს წარმოადგენდა. ჯგუფის წევრებმა 2016 წლის 27 სექტემბერს, თბილისში გამოსვლა დაგეგმეს, სადაც ისინი 1993 წელს სოხუმის აღებას აპროტესტებდნენ. გამოსვლა თურქულ რესტორნებზე თავდასხმით და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის 12 წევრი დააკავა.
ქართული ძალა საკუთარი ჯგუფის პიარისთვის, წამყვანი მედია საშუალებების რეპორტაჟებს იყენებს, რომლებიც ჯგუფის აგრესიას ხშირად აშუქებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს ყველაზე სახიფათო მტრებად თვლიან.
2017 წლის დასაწყისში, ბევრი ქართველისთვის ჯგუფის საქმიანობა ფეისბუკზე მიუღებელი გახდა. აპრილში, რამდენიმე ასეულმა მომხმარებელმა, ჯგუფის მიერ გაზიარებულ მასალებზე პრეტენზია გამოთქვა (ინფორმაციის გადამოწმება ფეისბუკის ადმინისტრაციასთან ვერ მოხერხდა). გაუქმების შემდეგ, მოგვიანებით ჯგუფი ისევ დაბრუნდა, თუმცა ქართული სახელით და მხოლოდ 5 000 მოწონებით.
როგორც თემური ამბობს იგი ქართული ძალის „მუდმივი მხარდამჭერი” არ ყოფილა და ბევრი სხვა წევრის მსგავსად ჯგუფი დატოვა. იგი ქართულ ძალაში „პიროვნული განვითარების პერსპექტივას“ ვერ ხედავდა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ჯგუფების წევრობის შემთხვევაში, მისი მოღვაწეობა შეიძლება უფრო წარმატებული ყოფილიყო.
საქართველოს ეროვნული ერთობა
გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მან ქართული ძალის ჯგუფში ყოფნისას შეიძინა, 2016 წელს თემურმა სხვა ულტრანაციონალისტებთან ერთად ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ერთობა დააარსა. ჯგუფი ეროვნულ-სოციალისტურ მოძრაობას წარმოადგენს და ძირითადად ამერიკელ ფილანთროპ, ფონდი ღია საზოგადოების დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს აკრიტიკებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ქალთა უფლებებსა და სექსუალურ და რელიგიურ ტოლერანტობას უჭერენ მხარს „ჯორჯს სოროსის ფონდიდან ფინანსდებიან და ქართულ ეროვნულობას საფრთხეს უქმნიან”, ამბობს თემური. მისი აზრით, ასეთი ორგანიზაციები ასევე კულტურულ მარქსიზმს ქადაგებენ. სხვა ექსტრემალური ნაციონალისტების მსგავსად, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით კი რუსეთში მოღვაწეობენ, თემურიც ფიქრობს, რომ ლგბტ პირთა უფლებების დაცვა ჯორჯ სოროსის მსოფლიოზე საყოველთაო ბატონობის გეგმის ნაწილია.
როდესაც 21 აპრილს უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრი, ვიკტორ ორბანი თბილისში ჩამოვიდა, თემურმა და საქართველოს ეროვნული ერთობის სხვა მხარდამჭერებმა გამოსვლა მოაწყვეს, უნგრეთში მიღებული კანონის მხარდასაჭერად, რომელიც სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას გულისხმობდა. თემური მტკიცედ უარყოფს, გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები რუსეთიდან ფინანსდება. როგორც თავად ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით ირჩენს თავს და ყველა ის თემა, რომელსაც ჯგუფის წევრები აპროტესტებენ მათი ინიცირებულია.
სოროსის „გეგმის“ წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ერთობა ფეისბუკის საშუალებით ილაშქრებს. ჯგუფის გვერდზე ხშირად იდება ამონარიდები ბენიტო მუსოლინის „ფაშისტური დოქტრინიდან”, ასევე ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის ციტატები და სხვა წყაროები რუსული და ინგლისურენოვანი მედია საშუალებებიდან, რომლებიც ფაშიზმსა და ულტრანაციონალისტობას განიხილავენ. მაგალითად, მასალები ალტერნატიული მემარჯვენე საინფორმაციო მედია „ბრაიტბარტიდან”, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გამორჩეული დამცველია. თუმცა, აქტიურობის მიუხედავად, გვერდს ფეისბუკზე 5 000-ზე მეტი მოწონება არ აქვს.
აუდიტორიის გაზრდის მიზნით, თემურმა და მისმა მეგობრებმა სხვა ულტრანაციონალისტური ჯგუფი შექმნეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ერთობაზე უფრო პოპულარულია.
წითელი აბი
გვერდის სახელი — წითელი აბი 1999 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი მატრიცას ალუზიაა. ფილმში მთავარმა მოქმედმა პირმა, ნეომ არჩევანი უნდა გააკეთოს წითელ და ლურჯ აბებს შორის. თუკი იგი ლურჯს აირჩევს, სიცრუესა და ილუზიაში განაგრძნობს ცხოვრებას. წითელი აბი კი მას ცოდნას, თავისუფლებას და მტკივნეულ რეალობას მოუტანს. ჯგუფი წითელი აბი ირწმუნება, რომ ისინი მწარე რეალობას თვალს უსწორებენ.
მათი ფეისბუკის გვერდს 7200 ადამიანი ადევნებს თვალს. ჯგუფი „სტრატეგიული თარიღების“ დროს განსაკუთრებით აქტიურია. მაგალითად, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, სხვა ნაციონალისტური გვერდების მსგავსად წითელი აბი ლგბტ პირების დამამცირებელ მესიჯებსა და „მემეებს” ავრცელებს. ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს „ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს“, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისის საპირწონედ დააწესა.
თემური, როგორც სხვა ბევრი ულტრანაციონალისტი, ხშირად ამბობს, რომ „პირადად არავის ერჩის“. საკუთარი შეხედულების გასამიტკიცებლად, იგი არა ქართველი, ადრეული ქრისტიანობის ფილოსოფოსი ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს იხსენებს: „ცოდვილი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ცოდვას ებრძოლო“.
14 ივლისს სხვადასხვა კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაგეგმილ „ქართველთა მარშს” ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.
ეს „გიფი” სწორედ ამ დემონსტრაციის ფეისბუკის გვერდზე აიტვირთა.
კომენტარები