მითია თუ რეალობა, რომ მუცელში საღეჭი რეზინის გადამუშავებას 7 წელი სჭირდება
ალბათ, ბავშვობაში ყველას გვაფრთხილებდნენ, რომ საღეჭი რეზინის გადაყლაპვა არ შეიძლება. მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ მის გადამუშავებას კუჭი დიდხანს ანდომებს, კერძოდ კი — 7 წელს.
მაინც რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? გვაქვს თუ არა საქმე მორიგ მითთან?
ბევრს მოგეშვებათ გულზე თუ გეტყვით, რომ საღეჭი რეზინი ჩვენს ორგანიზმში ამდენ ხანს სულაც არ ჩერდება. კლივლენდის კლინიკის ადამიანის ნუტრიციოლოგიურ ცენტრში მომუშავე დიეტოლოგ ჯულია ზუმპანოს თქმით, ეს პროდუქტი საჭმლის მომნელებელ სისტემას თავს მაქსიმუმ 40 საათში აღწევს. რეალურად, კუჭი მას არც გადაამუშავებს, ანუ სხეულიდან ისეთივე სახით გამოდის, როგორიც თავდაპირველად იყო.
"ჩვენს ორგანიზმში არაა ფერმენტები, რომლებიც საღეჭ რეზინში არსებული ზოგიერთი ინგრედიენტის გადასამუშავებლადაა საჭირო. გამოდის, რომ თუ მას გადაყლაპავთ, ის კუჭ-ნაწლავში მთელი გადაადგილდება", — აცხადებს სპეციალისტი, რომელსაც ეს პროდუქტი პაციენტის მუცელში კოლონოსკოპიის პროცედურისასაც შეხვედრია, მაგრამ არა 7 წლის წინანდელი.
საღეჭი რეზინი ხელოვნურ კომპონენტს შეიცავს, რომელსაც რეზინის ბაზა ეწოდება. მასში დამატებულია დამარბილებლები, ემულგატორები და ფისი, რომელთა გადამუშავებაც შეუძლებელია. სამაგიეროდ, ამ პროცესს ექვემდებარება დამატკბობლები, რომლებსაც მის წარმოებაში იყენებენ.
მაშ, თუკი საღეჭი რეზინი ჩვენი სხეულიდან მარტივად და მალევე გადის, უკავშირდება რაიმე რისკს მისი გადაყლაპვა?
სპეციალისტები ამბობენ, რომ, ზოგადად, მცირე რაოდენობით მისი კუჭში მოხვედრა საფრთხის შემცველად არ მიიჩნევა, დიდმა რაოდენობამ კი შესაძლოა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ტკივილი ან ნაწლავების ფუნქციონირების ცვლილება განაპირობოს.
მაგალითად, 1998 წელს გამოცემაში Pediatrics გამოქვეყნებულ კვლევაში მოთხრობილია რამდენიმე იშვიათ შემთხვევაზე, როცა ბავშვების მიერ ბევრი საღეჭი რეზინის გადაყლაპვამ ნაწლავების ან საყლაპავის ობსტრუქცია გამოიწვია. იმავე მიზეზით მოზარდის ზედა სასუნთქ გზებში გაჩენილ პრობლემაზეა საუბარი 2020 წლის ნაშრომშიც.
მსგავსი რამ მხოლოდ ახალგაზრდებს არ ემართებათ. ექიმებმა 53 წლის ქალის ბრმა ნაწლავის მიმდებარედ დაგროვებულ, ნიკოტინის შემცველ, 30 საღეჭ რეზინს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტი ბოლო 3 წელში ყოველდღე 25 ცალს ყლაპავდა, რაც, თავისთავად, რეკომენდებული არაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გამოწვევა შეუძლია შაქრის ალკოჰოლ სორბიტოლსაც, თუ მას ჭარბი რაოდენობით მივიღებთ. ამ დროს ძირითადად, დიარეა ვითარდება, რადგან სორბიტოლი ნაწლავებში წყალს აგროვებს.
მაშასადამე, საღეჭი რეზინი კუჭში 7 წელი არ ჩერდება და მალევე გამოიდევნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა ჩავყლაპოთ. პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ეს პროდუქტი, უბრალოდ, გადავაგდოთ.
კომენტარები