როგორ გახდა ქუფია პალესტინის წინააღმდეგობის სიმბოლო?
ფოტო: Lior Mirzahi
ქუფია (კეფიე) შუა აღმოსავლური თავსაბურავია, რომელიც პრაქტიკული მიზნით შეიქმნა — ამ აქსესუარის ფუნქცია მცხუნვარე მზისა და უდაბნოს ქვიშიანი ქარებისგან თავდაცვაა. თუმცა, შავ-თეთრი ქუფია პალესტინის ეროვნულობის, მისი გამძლეობისა და არსებობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ქუფიას გზა პრაქტიკული სამოსიდან დაუმორჩილებლობის საერთაშორისო სიმბოლოდ ქცევამდე აერთიანებს კულტურას, მოდას და პოლიტიკას და მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სტილი პოლიტიკური განაცხადის გაკეთების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ქუფიას სამშობლოს მიკვლევა რთულია. შუააღმოსავლური კულტურის მკვლევრების მიხედვით, ეს აქსესუარი შუმერულ და ბაბილონურ ცივილიზაციებში უკვე არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ისტორია 3000 წელზე მეტს ითვლის. დღეს თითქმის ყველა არაბულ სახელმწიფოს აქვს ქუფიას საკუთარი ვარიაცია. პალესტინური ქუფიას პატერნი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფას სიმბოლოებს აერთიანებს — თავსაბურავის სხვადასხვა ფორმის ნაქარგები აღნიშნავენ ზეთისხილის ხეებს, ზღვის ტალღებს, სათევზაო ბადესა და სავაჭრო გზებს.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920 წლის სანრემოს კონფერენციაზე გამარჯვებულმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს მისცეს მანდატი, რომელიც მთლიანად ვრცელდებოდა პალესტინაზე. ბრიტანულ მმართველობასა და სუვერენიტეტის დაკარგვას ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ძალისხმევით აპროტესტებდა. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პალესტინელები ძირითადად მუშათა კლასის წარმომადგენელი მამაკაცები იყვნენ, რომელთათვის ქუფია განუყრელი ატრიბუტი იყო. ქუფიას სისტემატურად ატარებდა იასერ არაფატიც, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ლიდერი, რამაც ხელი შეუწყო აქსესუარის პოპულარიზაციას. ეს გამორჩეული თავსაბურავი ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის ამბოხებული პალესტინელების ამოცნობას და ლიკვიდაციას ამარტივებდა, ამიტომ, მათთვის თავგზის ასაბნევად 1938 წელს აჯანყებულთა ლიდერებმა პალესტინაში მცხოვრებ ყველა მამაკაცს დაავალეს ქუფიას ტარება. ერთ ღამეში ქუფია პალესტინური იდენტობის, ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.
ბედუინი ფერმერები ქუფიებში
ფოტო: Bettmann Archive/Getty Images
ქუფიას ეროვნული მნიშვნელობა ამ პერიოდით არ შემოფარგლულა — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელმა პალესტინის ოკუპაციის მასშტაბური მცდელობები წამოიწყო. 1967-დან 1993 წლამდე ისრაელმა ღაზაში და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის დროშის ნებისმიერი სახით გამოფენა აკრძალა. მუსლიმი, ქრისტიანი, შავკანიანი თუ არაბი პალესტინელებისთვის ქუფია გახდა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და დემონსტრირების ყველაზე ძლევამოსილი გზა.
ქუფიას პოპულარობა შუა აღმოსავლეთს 1960-70იან წლებში გასცდა, როცა მემარცხენე ჯგუფებმა და ანტი-იმპერიალისტური მოძრაობების წევრებმა მისი ტარება დაიწყეს სისტემისადმი დაუმორჩილებლობისა და პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად. სწორედ ამ დროს ქუფია გახდა წინააღმდეგობის, ძალადობისა და ოკუპაციასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის კარადაში იკავებდა ადგილს და სტილით პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების კონცეფციასაც თვალსაჩინოს ხდიდა.
მოდელი ნორა ატალი პარიზის მოდის კვირეულზე
ფოტო: Getty Images
აქტივისტი გრეტა თუნბერგი
ფოტო: Getty Images
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია. 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაციის, ჰამასის, მიერ ისრაელზე მიტანილ იერიშს 1139 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროიდან მოყოლებული, ისრაელის ჯარი უწყვეტ თავდასხმებს ახორციელებს პალესტინის მოსახლეობაზე. აპრილის მონაცემებით, ღაზაში და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო შეტევებს 35,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება პალესტინის მხარდამჭერი მრავალათასიანი დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეთა უმეტესობა სწორედ ქუფიათია შემოსილი. ამ უნიკალურმა თავსაბურავმა შეძლო, რომ სხვადასხვა ფონის, ეროვნების, რელიგიის, მსოფლმხედველობის ადამიანის საერთო პოზიცია უთქმელად გამოეხატა: სოლიდარობა პალესტინას, ძირს ოკუპაცია.
ქუფიას მაგალითით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მოდა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი მედიუმია. ქუფიას შთაგონებით შექმნილი დიზაინები უხვად გვხვდება მაღალ მოდაში. რაფ სიმონსის 1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომელსაც შავი პალმების სახელით ვიცნობთ, კრიტიკოსებმა რევოლუციურად რამდენიმე მიზეზის გამო შერაცხეს — ბელგიელმა დიზაინერმა ტანსაცმლის საჩვენებლად პროფესიონალი მოდელების ნაცვლად ჩვეულებრივი, თხელი სილუეტის მქონე, ფერმკრთალი ადამიანები შეარჩია, შექმნა მაისური პანკ-როკ ჯგუფის, Sex Pistols-ის რადიკალური ალბომის Nevermind The Bollocks-ის ლოგოთი, რომელიც მსმენელს ავტორიტეტული ინსიტიტუციებისადმი ამბოხებისკენ მოუწოდებს, თავად ტანისამოსი კი შავ-თეთრ პალიტრაშია წარმოდგენილი, ხშირად ნახევრადშიშველ მოდელების ტანზე, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმონსი დაუმორჩილებელი ახალგაზრდების ამბოხის სენტიმენტებს გამოხატავს.
ლუქი რაფ სიმონსის კოლექციიდან "შავი პალმები"
ფოტო: Vogue
ამ კოლექციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ქუფია და მისი პატერნით შთაგონებული დეტალები. როგორც ანთროპოლოგიის დოქტორი, ტედ სვიდენბურგი წერს, 1990-იანების დასაწყისში საზოგადოება ქუფიას მტრის ემბლემად აღიქვამდა. ტერორიზმის პანიკით მოცულ ამერიკელებს იმდენად ნეგატიური, აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ არაბული სიმბოლიკის მიმართ, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები არაბები ძალადობის შიშით მის ტარებას წყვეტდნენ. აქედან გამომდინარე, სიმონსის შავ პალმებში წარმოდგენილი ქუფია და პალესტინური პატერნები 1998 წელს საკმაოდ გამბედავი და კონტროვერსული ნაბიჯი იყო, ის სტიგმების მსხვრევისკენ იყო მიმართული და ძალიან ხმამაღლა აფიქსირებდა დიზაინერის დამოკიდებულებას სტერეოტიპულ ჩარჩოებში აზროვნების მიმართ.
ლუქი რაფ სიმონსის კოლექციიდან "შავი პალმები"
ფოტო: Vogue
ლუქი რაფ სიმონსის კოლექციიდან "შავი პალმები"
ფოტო: Vogue
წლევანდელ კანის კინოფესტივალზე თეთრ-წითელი ქუფიებისგან დამზადებული კაბა მოირგო ბელა ჰადიდმა და ამ გზით საკუთარი პლატფორმის ყურადღება პალესტინაში მიმდინარე მოვლენებისკენ გადაამისამართა. კაბა ირანელ-ამერიკელი დიზაინერის, ჰუშიდარ მორტეზაიეს მიერაა შექმნილი ბრენდ Michael and Hushi-ს 2001 წლის კოლექციისთვის. ამ კოლექციას საზოგადოება არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეხვდა. პრესაში ქუფიების დომინანტური გავლენის გამო კოლექციას “ტერორისტთა თაობის” ტანსაცმელიც კი უწოდეს, თუმცა ამ ნიშურმა ბრენდმა პოპკულტურაში სახელი სწორედ ქუფიაბის დამსახურებით დაიმკვიდრა — ჰადიდის გარდა, ქუფიესგან დამზადებული ტოპი ქერი ბრედშოუმაც მოირგო საკულტო სერიალში სექსი დიდ ქალაქში.
ქუფიათი შთაგონებული კოლექციის წარდგენა, Hushi & Michael
ფოტო: Hushidar Mortezaie
ქუფიას კაბა - Hushi&Michael
ფოტო: Hushidar Mortezaie
ქუფიამ ბალენსიაგას 2007 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზეც აშკარა გავლენა იქონია. ნიკოლა ჟესქიერის მიერ შექმნილ ლუქებში მულტიეთნიკური მოტივები მარტივი შესამჩნევია — კოლექციაში აღმოსავლეთევროპულ ფოლკლოკურ ნაქარგებთან, კიმონოსთან, აფრიკულ, მონღოლურ და სამხრეთ აფრიკულ მოტივებთან ერთად ვხედავთ შუააღმოსავლურ ხელწერას და პალესტინურ თავსაბურავსაც.
ბალენსიაგა, შემოდგომა/ზამთრის სეზონი, 2007
ფოტო: Vogu
ბალენსიაგა, შემოდგომა/ზამთრის სეზონი, 2007
ფოტო: Vogue
ქუფიას მაღალ მოდაზე გავლენაზე საუბარისას აღსანიშნავია შანელის 2015 წლის რეზორტ კოლექციაც, რომელიც დუბაიში ჩატარდა. კარლ ლაგერფელდმა ამ კოლექციის ფარგლებში შექმნა ჟაკეტი, რომელშიც შერწყმულია შანელის მარტივად ამოსაცნობი ხელწერა და ქუფიას დიზაინი.
ლუქი შანელის რეზორტ კოლექციიდან, 2015
ფოტო: Vogue
აშკარაა, რომ ქუფია პალესტინელთა კოლექტიურ ცნობიერში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის საუკუნოვანი იდეის განსხეულებაა. 2023 წელს CNN-მა ქუფიას სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც პალესტინელმა რესპონდენტებმა ამ აქსესუართან დაკავშირებულ სენტიმენტებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი პალესტინელი ემიგრანტი, დალია ჯეიკობსი, ამბობს, რომ ქუფიას ტარებისას გრძნობს, რომ “სახლს მხრებით დაატარებს”, რადგან ქუფია პალესტინის არსებობისა და გამძლეობის სიმბოლოა.
აშკარაა, რომ ქუფია უკვე არამხოლოდ პალესტინის, არამედ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა მარგინალიზებული ჯგუფისთვის სიამაყით სატარებელი აქსესუარად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ შუა აღმოსავლეთი დღესაც ხშირად განიხილება სტერეოტიპული პერსპექტივიდან, ეს თავსაბურავი დასავლურ ქუჩის სტილში უკვე თვალსაჩინოდ დამკვიდრდა, მისი სათქმელი კი მაღალი მოდის პოდიუმებიდანაც ჟღერდება.
პალესტინის ქალაქი ჰებრონი, 2017
ფოტო: Getty Images
პალესტინის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში
ფოტო: Stephanie Keith
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები