რატომ ვერ ვხედავთ ფერებს სიბნელეში
ალბათ, დაჰკვირვებიხართ, რომ სიბნელეში ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული ფერების გარჩევაც კი ძნელია, რადგან ნაკლებ სინათლეში ყველაფერი მუქად, ერთ ტონალობაში, მოჩანს.
მაინც რატომ ხდება ასე?
ადამიანის თვალის მიერ გარემოში არსებული ფერების აღქმა სწორედ განათებაზეა დამოკიდებული. ჩვენს მხედველობის ორგანოებში ორი ტიპის ფოტორეცეპტორია, ანუ სინათლის მიმართ მგრძნობიარე უჯრედები. ესენია კოლბები და ჩხირები, რომლებიც სხივების შთამნთქმელ მოლეკულებს, ფოტოპიგმენტებს, შეიცავს. სინათლესთან ურთიერთქმედებისას ისინი ქიმიურ ცვლილებას განიცდის და ერთგვარი ჯაჭვური რეაქციით ტვინამდე სიგნალების გაგზავნას უწყობს ხელს.
ღამით ხედვაზე ჩხირებია პასუხისმგებელი, რადგან ისინი სიბნელეში სინათლის ნაწილაკებს, ფოტონებს, მარტივად აღიქვამს. გააქტიურებისთვის მას სულ რამდენიმე ასეთი ნაწილაკი სჭირდება. მეორე მხრივ, კოლბები ნათელ გარემოში ხედვას უზრუნველყოფს. ადამიანთა უმეტესობას სამი სახის ამგვარი ფოტორეცეპტორები აქვს, რომელთაგანაც თითოეული სინათლის სპექტრის კონკრეტულ დიაპაზონზეა კონცენტრირებული, რაც სხვადასხვა ფერს შეესაბამება — წითელს, მწვანესა და ლურჯს.
ცალკეული კოლბები ფერებს ვერ მიჯნავს, რადგან ფოტონების შთანთქმისას ისინი მხოლოდ აქტიურდება და ამ დროს ობიექტების შეფერილობის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება. ეს მაშინ ხდება, როცა ტვინს სამივე ტიპის კოლბებიდან მიეწოდება მონაცემები, რომლებსაც მომცრო ბიოლოგიური წრედები "შიფრავს".
სიკაშკაშეში ჩხირები ფოტონების დიდ რაოდენობას ვერ უძლებს, ამიტომ ისინი ტვინს დროებით პასიურ მდგომარეობაში გადაჰყავს. სწორედ ამის გამო ვხედავთ ფერებს მკაფიოდ კარგი განათების დროს. როგორც კი ბნელდება, წინა ხაზზე უკვე ჩხირები გამოდის. მათი მხოლოდ ერთი ტიპი არსებობს, ამიტომ ისინი ზემოხსენებული უჯრედების მსგავსად სხვადასხვა სპექტრზე ვერ კონცენტრირდება. შესაბამისად, ღამით ფერების გარჩევა ძნელდება.
საშუალო განათებისას გარემოს აღქმაში ჩხირები და კოლბები ერთნაირადაა ჩართული, ანუ დომინანტი არცერთია. ამ დროს ჩხირები ფერების აღქმაშიც გარკვეულწილად მონაწილეობს, რადგან კოლბებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სპექტრულ მგრძნობელობას ავლენს, განსაკუთრებით მწვანე სინათლის მიმართ.
ასევე, ჩხირებისა და კოლბების თანაბარი ჩართულობით ვიღებთ პურკინეს ეფექტსაც, როცა საშუალო განათებისას წითელი ტონები ჩვეულებრივზე მუქი ან მოლურჯო ჩანს. ის ყველაზე ხშირად, შებინდებისას ან მზის სრული დაბნელებისას იჩენს თავს.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ღამით ფერებს ვერ ვხედავთ, ჩვენი მხედველობითი სისტემა სინათლის ინტენსივობის მთელი ცვალებადი დიაპაზონის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ამით მას ვერცერთი ხელოვნური დეტექტორი შეედრება.
კომენტარები