პირველად იყო აფრიკა — როგორია ჰომო საპიენსის წარმოშობის ისტორია
ჰომო საპიენსამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება.
ასევე: რატომ გვაქვს ნეანდერტალელების გენები და როგორ გადაშენდნენ ისინი — რა ვიცით
თანამედროვე ადამიანების უძველესი წინაპრების კვალს საბოლოოდ აფრიკამდე მივყავართ. სწორედ ამ კონტინენტზე გაჩნდა ჰომო საპიენსი. ეს დაახლოებით 300 000 წლის წინ მოხდა. თუმცა, ადამიანის ყველა სახეობისთვის ისტორია ასე არ იწყებოდა. მაგალითად, ჰომო ერექტუსი თავიდანვე ცხოვრობდა როგორც აფრიკაში, ისე ევროპასა და აზიაში. ასევე იყო ჰაიდელბერგელი ადამიანის შემთხვევაშიც. სწორედ ჰაიდელბერგელიდან გაჩნდა სამი ჰომინინის სახეობა: ნეანდერტალელი ევრაზიაში, დენისოველი აზიაში და თანამედროვე ადამიანი (ჰომო საპიენსი) აფრიკაში.
შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
მაშ, რატომ წარმოიშვა ჰომო საპიენსი აფრიკაში, როცა დანარჩენი ჰომოები სხვა კონტინენტების შვილები იყვნენ?
"ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მასზე პასუხის მისაღებად, ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ ის, თუ როდის გაჩნდა ჰომო საპიენსი. 1987 წელს Nature-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა თანამედროვე ადამიანის მიტოქონდრიულ დნმ-ს აფრიკის ერთ პოპულაციაში მიაკვლია. საუბარია პოპულაციაზე, რომელიც დაახლოებით 200 000-დან 150 000 წლის წინ არსებობდა", — განუცხადა Live Science-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პოპულაციის გენეტიკოსმა, ბრენა ჰენმა.
თუმცა, ჰენი და სხვა მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებენ იმ აზრს, რომ თანამედროვე ადამიანები მხოლოდ ერთი პოპულაციიდან მომდინარეობენ. როდესაც თანამედროვე ადამიანები გამოჩნდნენ, ჩვენი წინაპრები ათობით პოპულაციის სახით გავრცელდნენ მთელს კონტინენტზე. აფრიკა მასიური კონტინენტია და მასზე ეკოსისტემაც უაღრესად მრავალფეროვანია. ამიტომ, ამ პოპულაციებს განსხვავებულ გარემოპირობებზე ადაპტირება მოუწევდათ.
2023 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჰენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ პოპულაციებიდან სულ მცირე ორი იყო ისეთი, რომლიდანაც თანამედროვე ადამიანები აღმოცენდნენ. მათი აზრით, მიუხედავად ათასობით წლის განმავლობაში ცალკე ცხოვრებისა, ეს პოპულაციები ერთმანეთთან მაინც იკვეთებოდა. შესაძლოა, ეს ჯგუფები საბოლოოდ მაინც გაერთიანდნენ და ჩვენს არსებობას დაუდეს საფუძველი.
ჰენი ვარაუდობს, რომ აფრიკის კონტინენტის ეკოლოგიური მრავალფეროვნება და შემდგომში მრავალრიცხოვანი პოპულაციების შერევა გადამწყვეტი იყო თანამედროვე ადამიანის ევოლუციაში.
"შედეგად გენეტიკური მრავალფეროვნება გაჩნდებოდა. საბოლოოდ კი, ეს მრავალფეროვნება გაერთიანდა და მივიღეთ თანამედროვე ადამიანი", — განუცხადა ჰენმა Live Science-ს.
კურტის მარეანმა, პალეოანთროპოლოგიის პროფესორმა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტის ასოცირებულმა დირექტორმა, თქვა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, წარმოშვა თუ არა ერთმა პოპულაციამ თანამედროვე ადამიანი. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანი ერთი, ან ორი ჯგუფიდან აღმოცენდა, ვიდრე რამდენიმედან.
კურტის მარენს მიაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანი გენეტიკური მრავალფეროვნების კომბინაციის შედეგია. მისი თქმით, სწორედ აფრიკის მასშტაბებმა და მრავალფეროვნებამ დაუდო ჰომო საპიენსის განვითარებას სათავე.
"რაც მეტი გენეტიკური ვარიაციაა, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ რაიმე საინტერესოს მივიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღებული ევროპა და აზია ასევე დიდია, აფრიკის თბილი კლიმატი უძველესი ადამიანებისთვის ბენეფისების მომტანი უნდა ყოფილიყო. გასათვალისწინებელია ევროპასა და აზიაში მიმდინარე გამყინვარებებიც, რაც აფრიკაში მცხოვრებ უძველეს ადამიანს უფრო დიდ სივრცეს მისცემდა", — უთხრა კურტისმა Live Science-ს
თუმცა, კურტისმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მაინც თეორიებია და ზუსტი პასუხების მისაღებად შემდგომი კვლევებია საჭირო. მაგალითად, დასადგენია ზუსტად რომელმა სახეობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი თანამედროვე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.
შემდგომი კვლევების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რატომ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი აფრიკაში და არა სხვა კონტინენტზე.
კომენტარები