სადაზვერვო სააგენტო გვირჩევს, როგორ დავიცვათ თავი თვალთვალისგან
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) სმარტფონთა მომხმარებლებს რჩევებს გვთავაზობს. ეს იმისთვის, რომ მობილურის გავლით თვალთვალი ავირიდოთ თავიდან და საკუთარი პირადი ინფორმაცია თუ ფინანსები უკეთ დავიცვათ.
სააგენტომ სმარტფონთა მილიარდობით მომხმარებლისთვის მოხსენება (Mobile Device Best Practices) გამოაქვეყნა. სიფრთხილე მნიშვნელოვანია, რადგან, მობილური ანდროიდი იქნება თუ iOS, მისი გამოყენებისას უამრავი სახის რისკი შეიძლება არსებობდეს.
"მობილური მოწყობილობებისთვის საფრთხე უფრო ხშირი, მასშტაბური და კომპლექსური ხდება", — ვკითხულობთ სააგენტოს დოკუმენტში — "მოწყობილობათა მომხმარებლებს სურთ, რომ ხელმისაწვდომი ფუნქციებით სრულად ისარგებლონ, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია სარგებლის მოცემის პარალელურად უსაფრთხოებას გვართმევს".
სტანდარტულად რეკომენდებულია, რომ მეტი უსაფრთხოებისთვის ძლიერი პაროლები გამოვიყენოთ და მობილურზე ბიომეტრიული (სახით ან თითის ანაბეჭდებით) ამოცნობა დავაყენოთ. მეორე მხრივ, NSA სხვა ინსტრუქციებსაც იძლევა.
დოკუმენტის მიხედვით, ხშირად შემოჭრისგან თავდაცვა უბრალოდ ტელეფონის ჩართვა-გამორთვითაც არის შესაძლებელი.
NSA გვირჩევს, რომ მხოლოდ საკუთარი ორიგინალი დამტენები გამოვიყენოთ და მოვერიდოთ საჯარო დამტენი სადგურებით სარგებლობას. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოწყობილობაში ვირუსის შეჭრა ავირიდოთ თავიდან.
გვირჩევენ იმასაც, რომ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა რაც შეიძლება მალ-მალე განვაახლოთ; ამასთანავე, არასოდეს დავუკავშიროთ პირადი მოწყობილობა საჯარო WiFi ქსელებს ანდა მთავრობის კუთვნილ კომპიუტერებს WiFi-ს ანდა Bluetooth-ის გზით.
"გამორთეთ ლოკაციის სერვისები, როცა არ გჭირდებათ, და არ წაიღოთ მოწყობილობა თან, როცა საფრთხილო ადგილებში მიდიხართ", — გვირჩევს სააგენტო — "არ ისაუბროთ საფრთხილო თემებზე ისეთი მობილური მოწყობილობების სიახლოვეს, რომლებიც უსაფრთხო სახმო კომუნიკაციას არ უზრუნველყოფს. პირად მოწყობილობებზე არ ისაუბროთ მგრძნობიარე თემებზე მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ თემა ზოგადია".
ცნობისთვის, NSA 1952 წელს დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო სააგენტო გახდა. იგი ათიათასობით ადამიანს ასაქმებს და აშშ-ის მთავრობისთვის მონაცემებს აგროვებს, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბითაც.
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, აქ ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები