აღმოაჩინეს სოკო, რომელიც ოკეანეში დაგროვებული პლასტმასის ნარჩენებით იკვებება
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა დიდი წყნაროკეანური ნაგვის გროვის მიმდებარედ აღმოაჩინა სოკო, რომელიც იქ არსებული პლასტმასის ნარჩენებით იკვებება. ამის შესახებ სპეციალისტები გამოცემაში Science of the Total Environment გამოქვეყნებულ ნაშრომში გვიყვებიან.
ეს მიკროორგანიზმი Parengyodontium album-ის სახელითაა ცნობილი და მას სხვა მიკრობებისგან შედგენილ შრეებს შორის მიაკვლიეს, რომლებიც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნაგვის გროვაში და მის გარშემოა. ის წყალში გავრცელებული რიგით მეოთხე სოკოა, რომელსაც ამგვარი მატერიის საკვებად გამოყენება და განადგურება შეუძლია.
კერძოდ, დადგინდა, რომ ის ულტრაიისფერი სხივების ქვეშ არსებულ, ნახშირბადის ბაზაზე შექმნილ, პოლიეთილენს შლის. მას ერთჯერადი პარკებისა და წყლის ბოთლების დასამზადებლად იყენებენ, რომლებიც ზოგჯერ სწორედ ოკეანეში ხვდება და იქაურობას აბინძურებს.
"აქამდეც ვიცოდით, რომ ულტრაიისფერი სინათლე პლასტმასას მექანიკურად შლის, მაგრამ ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ის წყალში გავრცელებული სოკოს მიერ მის ბიოლოგიურად განადგურებაშიც მონაწილეობს", — აცხადებს ზღვის ბიოლოგი და ბიოქიმიკოსი, ანიკა ვეკსმა.
ამგვარი მიკროორგანიზმების არსებობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პლასტმასის ნარჩენებზე აღარ ვიღელვოთ. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ისინი ოკეანეში არ აღმოჩნდეს, რადგან იქ მობინადრე მრავალ სახეობას საფრთხის წინაშე აყენებს. სამწუხაროდ, სპეციალური დიდი ბადის გამოყენებით ამ არეალების გასუფთავება არც ისე მარტივია, რადგან ის თევზებს აფრთხობს და იაფიც არ ჯდება. შესაბამისად, ისეთი სოკოს გამოვლენა, რომელიც შესაძლოა, ამ საქმეში დაგვეხმაროს, მნიშვნელოვანია.
ამ სოკოზე ლაბორატორიულ პირობებში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ულტრაიისფერი სინათლის მიერ დასხივებულ პლასტმასას ყოველდღიურად დაახლოებით 0.05%-ით შლის. ერთი შეხედვით, ეს ნელი ტემპია, მაგრამ ამისთვის ბაქტერიებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ.
ავტორები არ გამორიცხავენ, რომ წყნარი ოკეანის ამ ნაწილში შესაძლოა, სხვა მსგავსი მიკროორგანიზმებიც გვხვდებოდეს.
კომენტარები