ნახეთ: ისტორიაში პირველად, ჩინეთმა მთვარის შორეულ მხარეს ნიმუშები შეაგროვა
ჩინეთის მიერ გაშვებული მისია Chang'e 6 მთვარის შორეულ მხარეს 2 ივნისს, NASA-ს პროგრამა Apollo-ს სახელობის კრატერში, დაეშვა. მისი მიზანი ამ რეგიონში გრუნტის ნიმუშების შეგროვება და ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნაა. ეს იმითაა გამორჩეული, რომ აქამდე იქ არსებული მატერია მეცნიერებს პირდაპირ არ გამოუკვლევიათ.
2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინური დასაშვები მოდული მთვარის შორეულ მხარეს, ზედაპირსა თუ სიღრმეში, გრუნტის მოპოვებას ცდილობდა, რაც წარმატებით მოახერხა. მან ეს მასალა, საბოლოოდ, ორბიტაზე პეკინის დროით 4 ივნისის 07:38 საათზე გაგზავნა, სადაც ტვირთით სავსე აპარატმა დაახლოებით 6 წუთში მიაღწია. ის იქ განთავსებულმა სპეციალურმა ზონდმა უნდა მიიერთოს, ხოლო, გეგმის მიხედვით, დედამიწაზე 25 ივნისს უნდა დაეშვას.
Chang'e 6-მა აღნიშნული პროცესის ამსახველი კადრებიც გადაიღო და სურათებზე მთვარის ის რეგიონი აღბეჭდა, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს, რადგან ჩვენკენ მუდმივად მხოლოდ ერთი ნახევარსფეროა მობრუნებული. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ უკანასკნელს "ახლო" მხარე, მეორეს კი — "შორეული".
აპარატმა ციური სხეულის ფონზე გრუნტში ჩაფლული საკუთარი მექანიკური ფეხიც გადაიღო. ასევე, ჩინეთის დროშა, რომელიც ერთგვარ ანძაზეა მიმაგრებული.
აღსანიშნავია, რომ ეს მთვარის შორეულ მხარეს ჩინური აპარატის დაშვების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი მისია Chang'e 4 იყო, რომლის ფარგლებშიც მავალი და დასაშვები მოდული ობიექტის ზედაპირზე 2019 წელს განთავსდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
პროგრამა Chang'e მთვარის ჩინური ღვთაების სახელს ატარებს. პირველი მისია ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელდა, Chang'e 7 კი 2026 წლისთვისაა ჩანიშნული და ადგილობრივი რესურსების გამოკვლევას ისახავს მიზნად. 2028 წელს Chang'e 8 ამ მარაგების გამოყენების პოტენციალს შეისწავლის, 2030 წლისთვის კი ჩინეთს იქ უკვე ასტრონავტების გაგზავნა სურს. უნდა ითქვას, რომ NASA ამას უფრო ადრე, 2026 წელს, აპირებს.
კომენტარები