ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე წვიმა პირველად 4 მილიარდი წლის წინ მოვიდა
მეცნიერებმა უძველეს კრისტალში დედამიწის პირველი წვიმების კვალი აღმოაჩინეს.
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე პირველი წვიმები 4 მილიარდი წლის წინ დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე წვიმა 500 მილიონი წლით ადრე მოვიდა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
ავსტრალიელმა და ჩინელმა მკვლევრებმა ჟანგბადის იზოტოპები გამოიყენეს, რომლებიც ჩაფლული იყო უძველეს მინერალებში. ამით მკვლევრებს სურდათ დაედგინათ, როდის მოვიდა დედამიწაზე პირველი წვიმა.
დასავლეთ ავსტრალიის ბორცვებში დედამიწის ქერქის უძველესი მასალაა შემონახული. ამ მასალაში პირველადი მინერალები 4,4 მილიარდი წლის განმავლობაში შედარებით უცვლელად შემოინახა. სწორედ ამ კრისტალებში აღმოაჩინეს დედამიწის უძველესი წვიმების კვალი.
"მინერალური ცირკონის წვრილ კრისტალებში ჟანგბადის იზოტოპების შესწავლით, ჩვენ უჩვეულოდ მსუბუქი იზოტოპური ნიშნები აღმოვაჩინეთ. ეს კვალი ოთხი მილიარდი წლის წინ გაჩნდა", — თქვა გეოლოგმა და კვლევის ავტორმა, ჰამედ გამალელდიენმა კურტინის უნივერსიტეტიდან.
გამალელდიენმა და მისმა კოლეგებმა მეორადი-იონური მასის სპექტრომეტრია ცირკონის მარცვლების გასაანალიზებლად გამოიყენეს. მათ აინტერესებდათ, ჟანგბადის რომელი იზოტოპები იყო მაგმაში, საიდანაც კრისტალები წარმოიქმნა.
მკვლევრების თქმით, ამ კრისტალებში დედამიწის პირველი წვიმების მტკიცებულებაა.
"მსუბუქი ჟანგბადის იზოტოპები, როგორც წესი, ცხელი, მტკნარი წყლის შედეგია. ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ნათელს ჰფენს დედამიწის ადრეულ ისტორიას, არამედ უთითებს, რომ სიცოცხლისთვის შესაბამისი პირობები პლანეტის ჩამოყალიბებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ უკვე იყო", — აღნიშნულია კვლევაში.
ეს ნიშნავს, რომ მშრალი მიწა, მტკნარი წყლის რეზერვუარები, წყლის ციკლი და შესაძლოა, სიცოცხლეც კი, დედამიწაზე ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები