ისტორიაში პირველად, პაციენტს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს
სულ ცოტა ხნის წინ ქსენოტრანსპლანტაციის მხრივ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. ჩინეთში კაცს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს.
პროცედურა ჰეფეის ანჰუის სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალში 17 მაისს ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 71 წლის პაციენტის სხეულმა გადანერგილი ღვიძლი მიიღო.
ოპერაცია ჩაატარა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი სუნ ბეიჩენგი ხელმძღვანელობდა.
პაციენტის მდგომარეობა ტრანსპლანტაციის შემდეგ
China Daily-ის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალ ადამიანს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს. რაც შეეხება ქსენოგენური გადანერგვას, ეს უკვე მეხუთეჯერ ხდება.
ასევე: ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს
მსოფლიოში პირველად, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს
ახლა პაციენტს თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ ჩატარებული დაკვირვების მიხედვით, ღვიძლი ფუნქციონირებს და ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებიც ნორმალურია. ექიმების თქმით, ორგანო კარგად ინტეგრირდა პაციენტის სხეულთან.
აღსანიშნავია, რომ პაციენტს ღვიძლის კიბო ჰქონდა.
"ეს უდიდესი მიღწევაა და პაციენტებისთვის, ვისაც ღვიძლის კიბო აქვთ, ძალიან დიდი იმედია", — თქვა სუნმა.
ქსენოტრანსპლანტაცია და ღორის ორგანოები ადამიანებში
ქსენოტრანსპლანტაცია არის ორგანოების გადანერგვის პროცესი, რა დროსაც ორგანო ერთი სახეობიდან მეორე სახეობის სხეულში გადააქვთ.
ამ მხრივ ღორი იდეალური კანდიდატია. ეს იმიტომ, რომ ღორისა და ადამიანის ორგანოებს შორის ზომისა და ანატომიის დიდი მსგავსებაა.
ქსენოტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს იდეალური საშუალება მრავალი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, რომელსაც აწუხებს მძიმე დაავადებები.
ეს ყველაფერი CRISPR/Cas9-ის გენურმა ინჟინერიამ გახადა შესაძლებელი. გენეტიკური მაკრატლის გამოყენებით მეცნიერებმა ამოიღეს ღორის ზოგიერთი გენი და შეცვალეს ისინი ადამიანის გენებით.
კომენტარები