ნახეთ: მცენარეების გასაოცარი ელვარება, რომელიც მოახლოებულ გვალვაზე მიანიშნებს
უმეტესწილად გვალვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკიდებს ფეხს, მაგრამ ზოგჯერ მსგავსი მშრალი პერიოდები სხვადასხვა რეგიონს მოულოდნელად დაატყდება ხოლმე თავს. ასეთ მოვლენებს მყისიერ გვალვებს უწოდებენ, მათთან გასამკლავებლად კი მოსახლეობას საკმარისი დრო არ აქვს.
ახალი კვლევის ფარგლებში NASA-ს მეცნიერებმა ამგვარი გვალვების წინასწარი იდენტიფიცირების პოტენციურ მეთოდს მიაგნეს, რომელმაც მათ შესახებ რამდენიმე თვით ადრე შეიძლება მიგვანიშნოს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მცენარეების ნათებას ეხება, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია და მშრალი პერიოდის წინ ცვლილებას განიცდის. კერძოდ, ელვარება ნელ-ნელა იკლებს, რისი დაფიქსირებაც დედამიწის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებს შეუძლია, რომლებიც სპეციალური ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი.
ასეთია, მაგალითად, NASA-ს Orbiting Carbon Observatory-2 (OCO-2), რომლის მონაცემებშიც აშშ-ის ცენტრალური დასავლეთის მიმდებარედ მსგავსი ნათება 2014 წლიდან ჩნდება. ეს უჩვეულო ელვარება მცენარეების მიერ ფოტოსინთეზისას გამოიყოფა, ანუ ჟანგბადისა და ენერგიის წარმოსაქმნელად მზის სხივების, წყლისა და ნახშირორჟანგის გამოყენებისას. ამ პროცესში პიგმენტ ქლოროფილიდან სინათლის ნაწილაკები, ფოტონები, თავისუფლდება, რაც მზით პროვოცირებულ ფლუორესცენციას განაპირობებს. ამგვარი ემისია მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო მეტ ნახშირორჟანგს მოიხმარს მცენარე.
სპეციალისტებმა ეს ფლუორესცენციური მონაცემები აშშ-ში 2015-დან 2020 წლამდე პერიოდში დაფიქსირებული მყისიერი გვალვების შესახებ ინფორმაციას შეადარეს. შედეგად, გამოავლინეს მცენარეთა ნათების ცვლილების რამდენიმეკვირიანი ან თვიანი პერიოდები, რომლებიც მშრალ გვალვებს უსწრებდა წინ.
NASA-ს მეორე თანამგზავრით Soil Moisture Active Passive (SMAP) დააკვირდნენ მიწაში წყლის კონცენტრაციასაც, რაზეც მცენარეთა ბუნებრივი მიკროტალღური გამოსხივება მიუთითებს. კვლევის განმავლობაში ყოველწლიურად, მაისიდან ივლისამდე, მცენარეები ყვაოდა და განსაკუთრებულად კაშკაშებდა. ამის მიუხედავად, მოახლოებული მყისიერი გვალვის გამო წყლის შემცირებისთანავე ელვარება იკლებდა.
მეცნიერებმა შეისწავლეს ისიც, თუ როგორი გავლენა აქვს მსგავს გვალვებს ნახშირორჟანგის ემისიაზე. აღმოჩნდა, რომ ამგვარი მოვლენებისას მცენარეების მიერ CO2-ის შთანთქმა-გამოყოფა ბალანსდება, ანუ რაც უფრო მეტად ცხელა, მით უფრო მეტ ნახშირორჟანგს მოიხმარს ფლორაც.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები