მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
პლასტმასის მიკრონაწილაკები უკვე ყველგანაა, მათ შორის ჩვენს ორგანიზმშიც. ამას კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა ძაღლებისა და ადამიანების სათესლე ქსოვილები შეისწავლეს და მიკროპლასტმასა უკლებლივ ყველა ნიმუშში აღმოაჩინეს.
მნიშვნელოვანია, რომ კაცების შემთხვევაში მისი რაოდენობა თითქმის 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ცხოველებისაში. კერძოდ, მათი ქსოვილების თითო გრამში სპეციალისტებმა საშუალოდ 122.63 მიკროგრამ ნაწილაკებს მიაგნეს, ადამიანისაში კი — 329.44 მიკროგრამს.
"თავიდან ვეჭვობდი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მიკროპლასტმასამ რეპროდუქციულ სისტემაში შეაღწიოს. როცა პირველად ძაღლების შედეგები მივიღე, გავოცდი, ადამიანთა შედეგებმა კი უფრო მეტად გამაოცა", — აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში მომუშავე შაოჯონგ იუ.
საერთო ჯამში ნიმუშებში 12 სხვადასხვა ტიპის პლასტმასა გამოვლინდა, ხოლო მათგან ყველაზე მეტი კონცენტრაცია პოლიეთილენს ჰქონდა, რომლისგანაც ერთჯერად პარკებსა თუ ბოთლებს ამზადებენ. კიდევ ერთი ასეთი სინთეტიკური მასალა პოლივინილქლორიდია (PVC), რომლის მაღალი შემცველობაც ძაღლებში სპერმის ნაკლებ რაოდენობასთან დააკავშირეს.
"PVC-ს ბევრი ისეთი ქიმიური ნივთიერების გამოყოფა შეუძლია, რომლებიც სპერმის წარმოქმნას უშლის ხელს. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებსაც, რომლებიც ენდოკრინულ ფუნქციებს აფერხებს", — ამბობს იუ.
ჯერჯერობით უცნობია, იმავე საფრთხეს ქმნის თუ არა პოლივინილქლორიდი კაცებშიც, მაგრამ ვიცით, რომ ადამიანებისა და ძაღლების სათესლე ჯირკვლებს შორის საკმაო მსგავსებაა. ამასთან, ჩვენ ერთნაირ გარემოში გვიწევს ცხოვრება.
"ადამიანთა შეშინება არ გვინდა. გვსურს, მათ მეცნიერული მონაცემები შევთავაზოთ და გავაგებინოთ, რომ გარშემო ბევრი მიკროპლასტმასაა. შეგვიძლია, მისგან თავის ასარიდებლად ინდივიდუალური არჩევანი გავაკეთოთ, ჩვენი ცხოვრების სტილი და ქცევა შევცვალოთ", — აცხადებს მკვლევარი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Toxicological Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები