ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
მეცნიერები ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ინტერფეისებზე აქტიურად მუშაობენ. ესაა ჩიპი, რომელიც ტვინში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს აფიქსირებს და შიფრავს. მსგავსი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს და ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს.
სპეციალისტები ტვინის იმპლანტებს უკვე ადამიანებზე ცდიან. მათ შორისაა ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომლის პაციენტიც ლეპტოპში ჭადრაკსა და Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს.
ეს ტექნოლოგია იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მეტყველება არ შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ფიქრის სიტყვებად გარდაქმნა მარტივი ნამდვილად არაა. პაციენტებმა უნდა წარმოიდგინონ, როგორ ამბობენ კონკრეტულ სიტყვას, რის შედეგადაც ტვინში სპეციფიკური სიგნალი წარმოიქმნება, რომელსაც სისტემა იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე მის იდენტიფიცირებას ახერხებს.
ჯერჯერობით 100%-იანი სიზუსტე მიღწეული არაა, მაგრამ ახალმა ინტერფეისმა იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს და 2 პაციენტ კაცზე გამოცადეს, რომელთაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვთ. ერთი 33 წლისაა, მეორე კი — 39-ის.
სპეციალისტებმა მიკროელექტროდები მათ ტვინში ჩანერგეს, კერძოდ სომატოსენსორულ ქერქსა და სუპრამარგინალურ ხვეულში, რომელიც აქამდე მსგავს კვლევებში არ ჩაურთავთ. ინტერფეისი 6 სიტყვაზე გაწვრთნეს — "ფრონტი", "კოვბოი", "პითონი", "კოვზი", "ცურვა" და "ტელეფონი". ასევე, 2 გამოგონილ სიტყვაზე, რომლებიც ინგლისურად ასე ჟღერს: "“nifzig” და “bindip”. მიზანი იმის გარკვევა იყო, საჭიროა თუ არა სიტყვას ჰქონდეს შინაარსი, რათა სისტემამ ეფექტიანად იმუშაოს.
ცდისპირებს თითოეულ სიტყვას ეკრანზე უჩვენებდნენ ან თავად უმეორებდნენ, შემდეგ კი სთხოვდნენ, 15 წამის განმავლობაში წარმოედგინათ, როგორ ამბობდნენ მას. შედეგად, მკვლევრებმა ინტერფეისის მეშვეობით რეალურ დროში სიტყვების გაშიფვრა შეძლეს. ერთი პაციენტის შემთხვევაში სიზუსტე 79% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვოკალიზებული სიტყვების გაშიფვრის ცდებისას მცირედით ჩამოუვარდება. მეორე ინდივიდის შემთხვევაში 23%-იანი სიზუსტე დაფიქსირდა.
რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დასახვეწად საჭიროა, ის უფრო მეტ ადამიანზე გამოიცადოს და სიტყვების რაოდენობაც გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ამ კვლევამ ცხადყო, რომ სუპრამარგინალური ხვეული კარგი სამიზნე რეგიონია, რაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Human Behavior გამოქვეყნდა.
კომენტარები