13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები.

კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მართვა, სოციოლოგია და სხვ.) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების სტუდენტებს.

კონფერენცია დაიყოფა 3 თემატურ პანელად:

1. ევროკავშირის შიდა გამოწვევები: ნაციონალიზმი, პოპულიზმი და დემოკრატიის მედეგობა;

2. ევროკავშირი და ტურბულენტური საერთაშორისო წესრიგი;

3. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და პერსპექტივები;

საუკეთესო მოხსენებებისა და პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ლიგამუსის ვაუჩერებით. საუკეთესო მოხსენებები ასევე გამოქვეყნდება ელექტრონულად.

კონფერენციისა და პოსტერების კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კონფერენციასა და პოსტერების გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენების მოკლე აღწერა და/ან პოსტერის ფოტო. მოხსენების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის ზემოთ ჩამოთვლილი თემატური პანელებიდან ერთ-ერთს. შესაძლებელია, როგორც მხოლოდ მოხსენების, ასევე მხოლოდ პოსტერის წარმოდგენა.

დოკუმენტაცია:

  • მოხსენების ტექსტი ძირითადი თეზისების სახით (დაახლოებით 800-1000 სიტყვა);
  • პოსტერის შემთხვევაში — შესაბამისი ორიგინალური ვიზუალური მასალა (ფოტო, ნახატი) კონფერენციის თემატიკაზე;
  • მოხსენება და/ან პოსტერის ფოტომასალა მიმდინარე წლის 3 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected];

წერილის სათაურის ველში (Subject) ჩაწერეთ — სტუდენტური კონფერენცია 2024.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებებისა და პოსტერების გადარჩევას. შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია მონაწილეობის დადასტურებასთან დაკავშირებით მიეწოდებათ 8 მაისს.