ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით მეცნიერებმა მასიური შავი ხვრელების შეჯახება დააფიქსირეს, რომელიც ყველაზე შორეულია.
ამ ორი ობიექტის შემცველი გალაქტიკები იმდროინდელია, როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 740 მილიონი წელი იყო გასული. შედარებისთვის, ახლა სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა. ეს მიგნება მიანიშნებს, რომ მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელები კოსმოსის ევოლუციაში საკმაოდ ადრეული პერიოდიდანვე მონაწილეობდა.
მსოფლიოში უმძლავრეს ობსერვატორიას სამყაროს განვითარების საწყის ეტაპებზე არსებული უზარმაზარი შავი ხვრელები აქამდეც დაუფიქსირებია, რაც მათი წარმოქმნის შესახებ თეორიებს გამოწვევების წინაშე აყენებს. საქმე ისაა, რომ ამგვარი მასიურობის მისაღწევად დაახლოებით 1 მილიარდი წელია საჭირო, მაგრამ აღმოჩენები უფრო ადრეულ კოსმოსზე დაკვირვებისას კეთდება. ეს შესაძლოა, სწორედ შავი ხვრელების შერწყმით აიხსნას, რადგან ამგვარი პროცესი მასის უფრო სწრაფ მატებას განაპირობებს.
კვაზარების შეჯახება
მასიური შავი ხვრელები ხშირად გალაქტიკების შუაგულში გვხვდება და აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს ქმნის. განსაკუთრებით კაშკაშა ასეთ რეგიონებს კვაზარები, ანუ კვაზი ვარსკვლავური ობიექტები, ეწოდება, რომელთა სინათლეც გარშემო არსებული ყველა ვარსკვლავის ელვარებასაც კი აჭარბებს.
კვაზარების ნათების მახასიათებლებით მეცნიერები ხვდებიან, რომ ისეთ აქტიურ შავ ხვრელებთან აქვთ საქმე, რომლებიც დიდძალ მატერიას შთანთქავს. ამისთვის კოსმოსში განთავსებული მძლავრი და მგრძნობიარე ტელესკოპებია საჭირო, სწორედ ისეთი, როგორიც ჯეიმს ვებია.
მისი ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფის მეშვეობით ასტრონომები ჩვენგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკურ სისტემას ZS7 დააკვირდნენ.
შედეგად, სპეციალისტებმა მკვრივი აირი აღმოაჩინეს ისევე, როგორც ცხელი და იონიზებული აირი, რომელიც აქტიური შავი ხვრელის ენერგიული რადიაციითაა განათებული. ვების მგრძნობელობამ ორი შავი ხვრელის სივრცობრივი დაშორების შესწავლაც გახადა შესაძლებელი.
დადგინდა, რომ შერწყმის პროცესში მყოფი ამ ობიექტებიდან ერთ-ერთი დაახლოებით 50 მილიონი მზის მასისაა. სავარაუდოდ, მეორესაც მსგავსი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ამის დადასტურებას მის გარშემო არსებული მკვრივი აირი უშლის ხელს.
მასიური შავი ხვრელების შეჯახება გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნის, რომლებიც კოსმოსში ძალიან სწრაფად ვრცელდება. არაა გამორიცხული, ახალი თაობის კოსმოსურმა მოწყობილობებმა მათი დაფიქსირება შეძლოს. ასეთია, მაგალითად, Laser Interferometer Space Antenna (LISA), რომლის გაშვებასაც აშშ-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოები 2035 წლისთვის აპირებენ.
მანამდე სამყაროს პირველი მილიარდი წლის ფარგლებში არსებული შავი ხვრელების შესწავლას ვების ტელესკოპი განაგრძობს პროგრამის განმავლობაში, რომელიც ზაფხულში დაიწყება. ის შავი ხვრელებისა და მათი შემცველი გალაქტიკების ურთიერთქმედებაზე კონცენტრირდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები