როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი მდგომარეობა იქნება მსოფლიოში ავადობის მაჩვენებლების მხრივ რამდენიმე დეკადის შემდეგ? ახალი კვლევა, სამომავლო პროგნოზის მეშვეობით, სწორედ ამაზე პასუხს გვთავაზობს.
მეცნიერები ამბობენ, რომ 2050 წლისთვის დღევანდლისგან საკმაოდ განსხვავებული ვითარება იქნება როგორც დაავადებათა ტიპებისა და მათი გავრცელების, ისე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მხრივ. "დაავადებების გლობალური ტვირთის" (GBD) კვლევები მსგავს ინფორმაციას მუდმივად აანალიზებს. მაგალითად, 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ მთელ მსოფლიოში ნევროლოგიური დარღვევების სიხშირემ გულსისხლძარღვთა პრობლემებს გადააჭარბა და ავადობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ახლახან გამოცემაში The Lancet ეს მონაცემები რამდენიმე ნაშრომის სახით გამოქვეყნდა. გასაკვირი არაა, რომ დიდი ყურადღება COVID-19-ს დაეთმო, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დადგინდა, რომ 2019-დან 2021 წლამდე პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1.6 წლით შემცირდა.
ამის გარდა, მეცნიერებმა ავადობის სამომავლო ტენდენციებიც ივარაუდეს. მათი განცხადებით, ამჟამინდელისგან განსხვავებული მაჩვენებლები სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, როგორიცაა სიმსუქნე, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, კლიმატის ცვლილება და ა.შ.
მათი კვლევა 204 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს, ასევე ითვალისწინებს ალტერნატიულ სცენარებსაც, თუკი რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ჰაერის დაბინძურება) შემცირდება. სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 4.9 წლით გაიზრდება, ქალებისა კი — 4.2-ით. ეს ყველაზე შესამჩნევი იმ სახელმწიფოებში იქნება, სადაც ამ მხრივ დაბალი მაჩვენებლებია.
აღსანიშნავია, რომ ამას ხელი შესაძლოა, საკვების დეფიციტმა ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ, კონფლიქტების ბირთვულმა ესკალაციამ, დიაბეტის შემთხვევების გახშირებამ და სხვა ფაქტორებმა შეუშალოს.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო დეკადებში ადამიანებს უკეთესი ჯანმრთელობა ექნებათ. ამის მიუხედავად, ე.წ. კომუნიკაციური (გადამდები), ორსულობასთან დაკავშირებული, ახალშობილებისა და ნუტრიციონული დაავადებებიდან არაკომუნიკაციურ (არაგადამდებ) დაავადებებზე გადავინაცვლებთ. ასეთია, მაგალითად, სიმსივნე, გულსისხლძარღვთა პრობლემები და დიაბეტი.
საინტერესოა, რომ, მეცნიერთა ვარაუდით, ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრება უფრო დიდხანს მოუწევთ, თუმცა რეგიონებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლების სხვაობა შემცირდება. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით რისკ-ფაქტორებს შევამცირებთ, მომავალში ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობაც მოიმატებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.
კომენტარები