ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
18 მაისს, ადგილობრივი დროით 18:46 საათზე, პორტუგალიისა და ესპანეთის ცაზე მოულოდნელად მომწვანო-მოცისფრო სინათლე გამოჩნდა. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) დაადასტურა, რომ ეს გასაოცარი სანახაობა დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის შემოჭრამ გამოიწვია.
მათი ცნობით, აღნიშნული სხეული კომეტის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაახლოებით 160 930 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ვარაუდობენ, რომ ის ატლანტის ოკეანის თავზე, ხმელეთიდან 60 მეტრამდე სიმაღლეზე, დაიწვა.
სოციალურ ქსელში ამ მოვლენის ამსახველი მრავალი ვიდეო გავრცელდა. მათ შორის ერთ-ერთი თავად ESA-მაც გამოაქვეყნა. აი, ისიც:
პოსტში ნათქვამია, რომ ეს კადრები ესპანეთის ქალაქ კასერესის თავზეა გადაღებული. ასევე, აღნიშნულია, რომ სააგენტოს პლანეტური თავდაცვის სამსახური ცდილობს დაადგინოს, რა ზომის იყო სხეული და არის თუ არა შანსი, რომ მის რაიმე ნაწილს ხმელეთამდე ჩამოეღწია.
სოციალურ ქსელ X-ში ვიდეო გამოაქვეყნა მომხმარებელმა კოლინ რაგმაც, რომლის თქმითაც, მეტეორმა ცაზე ასობით კილომეტრ მანძილზე გაიელვა:
შთამბეჭდავი კადრები გაავრცელა პორტუგალიურმა მედიაორგანიზაციამ Nova Portugal-მაც.
"გასულ ღამეს პორტუგალიის ცა მოელვარე ცისფრად მეტეორმა გაანათა და გააოცა ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დროს გარეთ იმყოფებოდა", — წერია პოსტში.
ასეთი "ჩამოვარდნილი ვარსკვლავი", როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, კომეტის, ასტეროიდის, მთვარის ან პლანეტის ფრაგმენტია, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოდის. ასეთ ობიექტებს, მეტეოროიდებს, წვისას ცაზე მცირე ხნით გაელვებისას მეტეორი ეწოდება. მათი უმეტესობა მთლიანად ნადგურდება, ხმელეთამდე ჩამოღწეულ ნაწილებს კი მეტეორიტები ჰქვია.
მეტეორების მიერ წარმოქმნილი ნათების შეფერილობას მათი ქიმიური შედგენილობა განაპირობებს:
როგორც სურათიდან ჩანს, მოცისფრო-მომწვანო ელვარება მაშინ ჩნდება, როცა სხეული საკმარისი რაოდენობის მაგნიუმს შეიცავს. ასეთი კატეგორიის ობიექტებს პალასიტები ჰქვია და ისინი დიდი ზომის მომწვანო კრისტალებისგან შედგება. ესაა მაგნიუმ-რკინის სილიკატი, რომელსაც ოლივინი ეწოდება.
იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი მოვლენის შედეგად მიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი არ აღმოუჩენიათ, უცნობია, მართლაც პალასიტთან გვაქვს საქმე თუ არა.
კომენტარები