თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის დაჯილდოება გაიმართება
2024 წლის 28 მაისს, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის დაჯილდოება გაიმართება. ამ სტატიაში ნახავთ, ვინ იყო გიორგი ტუხაშვილი, რა არის დაჯილდოების მიზანი და ვის შეუძლია მონაწილეობა.
გიორგი ტუხაშვილი ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპ გრაინდის დირექტორი იყო. წლის დასაწყისში, მისი ტრაგიკულად დაღუპის გამო, გიორგის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი სახელობის ჯილდო დააარსეს, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი ექნება.
დაჯილდოებისა და მისი მიზნის შესახებ ორგანიზატორს, ნატო ჩაკვეტაძეს ვესაუბრეთ.
"გიორგი ტუხაშვილის სტარტაპ დაჯილდოება შთაგონებულია თავად გიორგის პერსონიდან. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ვმუშაობდით, მან ბევრი კარგი რამ გააკეთა. არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო და გაჩერებულიყო", — გვიყვება ის. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაორმაგებული ძალებით გააგრძელეს მუშაობა იმ საქმეებზე, რომელთაც გიორგისთან ერთად აკეთებდნენ.
ნატო ამბობს, რომ სურდათ ისეთი რამ გაეკეთებინათ, რითიც ხაზი გაესმებოდა გიორგის სწორ ღირებულებებსა და საქმიანობას.
"საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა ახლა ვითარდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ჯილდო იქნება მხარდამჭერი და წამახალისებელი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის", — აღნიშნავს ის.
წლევანდელ დაჯილდოებაზე სულ 8 ნომინაცია იქნება:
- Boldest Startup: ეს ჯილდო გადაეცემა იმ სტარტაპს, რომელმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. აღნიშნულ კატეგორიას ორი გამარჯვებული ეყოლება — ერთი ქალის მიერ, ხოლო მეორე კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი;
- Impact Startup: ეს არის ჯილდო სტარტაპისთვის, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა საზოგადოებასა და გარემოზე;
- Ecosystem Hero: ეს ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელიც არის უპირობო ლიდერი და მუდმივად მხარს უჭერს სხვა ადამიანებსა და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემას;
- Startup Gemini: ეს არის ჯილდო ადამიანისთვის, რომელიც ზრუნავს როგორც საკუთარი თავის, ისე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე. პოპულარიზაციას უწევს ამ სფეროს ბლოგებისა და ვლოგების საშუალებით;
- Mindful Founder: ეს ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელიც სტარტაპ სფეროში ახალისებს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს;
- Teen Founder: ეს ჯილდო გადაეცემა 18 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც არის სტარტაპის დამფუძნებელი და მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა კომპანიის განვითარებაში;
- Super Connector: ეს ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელიც საერთო მიზნის მისაღწევად სხვებს აერთიანებს;
- Super Angel: დაბოლოს, ეს ჯილდო გადაეცემა სტარტაპ ინვესტორს, რომელიც გარდა დაფინანსებისა, სტარტაპებს სთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ახალი კავშირების დამყარება და სხვა.
"ჩვენი ნომინაციები არ არის სტანდარტული და შაბლონური. თითოეული მათგანი გარკვეული ღირებულების მატარებელია და აქედან გამომდინარე გვაქვს შეფასების კრიტერიუმებიც", — გვეუბნება ნატო ჩაკვეტაძე.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის ჯილდოს მთავარი სპონსორი თიბისი ბანკია.
"როცა დაჯილდოებაზე ვფიქრობდით, ფინანსურ მხარდამჭერად თავიდანვე თიბისის განვიხილავდით", — გვიყვება ნატო, — ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში, გიორგი თიბისელი იყო, დიდხანს მუშაობდა ამ კომპანიაში და წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს თიბისისთან თანამშრომლობის გამოცდილება და ისინი ყოველთვის კეთილსინდისიერი და მხარდამჭერი პარტნიორები არიან."
გიორგი ტუხაშვილის სახელობის დაჯილდოება 28 მაისს, თბილისში გაიმართება. ნომინაციებზე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების წარდგენა. მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი. რეგისტრაცია გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.
კომენტარები