ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
ჯოფრი ჰინტონის თქმით, მალე ხელოვნური ინტელექტი ადამიანს გადაასწრებს და ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება.
ჯეფრი ჰინტონი, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი "ნათლია", დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს მალე გადაასწრებს. ამის პარალელურად, ის წუხს და შიშობს, რომ ამისთვის მზად არ ვართ.
მეტიც, ეს მხოლოდ მისი აზრი არაა. BBC-ის Newsnight-ის გადაცემასთან ინტერვიუში ჰინტონმა თქვა, რომ ამ ყველაფერში დარგის სხვა ექსპერტებიც დარწმუნებულები არიან.
"ამაში ექსპერტთაგან ძალიან ცოტას ეპარება ეჭვი. თითქმის ყველა, ვისაც ვიცნობ, რომელიც ამ დარგის ექსპერტია, თანხმდება, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი გადაგვასწრებს — ეს მხოლოდ დროის საკითხია", — განუცხადა ჰინტონმა BBC-ს.
2023 წელს ჰინტონმა Google-ში თავისი თანამდებობა დატოვა და როგორც ინდუსტრიის "ოპენჰაიმერმა", თქვა, რომ თავის საქმიანობას ნანობდა. მაშინ მან ისიც აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ასეთი განვითარება სახიფათოა და ის კაცობრიობას განადგურებით ემუქრება.
ასევე: საფრთხე კაცობრიობისთვის — რას ამბობს "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
"დააკვირდით, როგორი იყო ის 5 წლის წინ და როგორია ახლა. შეხედეთ ამ განსხვავებას და განაზოგადეთ იგი მომავალზე. ეს საშიშია. რთულია, ვიპოვოთ გზა, რომლითაც 'ცუდ' აქტორებს 'ცუდი' საქმიანობისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შევუზღუდავთ. AI თავიდან გვარიდებს რუტინულ საქმეს, მაგრამ მან, შესაძლოა, ამაზე ბევრად მეტიც შეძლოს", — თქვა მაშინ ჰინტონმა.
ჰინტონს განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენება აშფოთებს. მაგალითად, ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სისტემას ღაზაში საჰაერო თავდასხმის სამიზნეების ასარჩევად იყენებენ.
"ძალიან მალე ხელოვნურ ინტელექტს დამოუკიდებლად შეეძლება აარჩიოს სამიზნე და მე ეს მაშფოთებს", — თქვა ჰინტონმა ინტერვიუში.
ჰინტონმა ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაოების "მითვისებაზეც" ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროდუქტიულობას ზრდის, მაგრამ ის არ ნაწილდება თანაბრად. შედეგად, ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო მასები უბრალოდ სამსახურებს კარგავენ.
მთლიანობაში, ჰინტონი არ ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ხელით გაგვანადგურებს — მას მიაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების ხელში საშიშია.
კომენტარები