ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
მარსის ზედაპირზე მრავალი კრატერი გვხვდება, რომლებიც უზარმაზარია და პლანეტის წარსულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ExoMars ფარგლებში წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ზონდმა Trace Gas Orbiter სწორედ ასეთი კოლოსალური წარმონაქმნების ახალი სურათები გადაიღო.
პირველ გამოსახულებაზე ნაჩვენები კრატერი უტოპიის დაბლობზე მდებარეობს, რომელიც მზის სისტემაში უდიდესი ე.წ. დარტყმითი აუზია, ანუ მასთან უცხო სხეულების შეჯახების შედეგად გაჩენილ ჩაღრმავებებს გულისხმობს. ის დაახლოებით 3 300 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული.
ეს სურათი ზონდმა მაშინ გადაიღო, როცა წითელი პლანეტის ზედაპირიდან 400 კილომეტრი აშორებდა. ამ სიმაღლიდან კარგად ჩანს დიდი კრატერი, რომელიც ასტეროიდთან შეჯახებამ წარმოქმნა. სავარაუდოდ, ამ მოვლენისას აღნიშნულ რეგიონში წყლის ყინული იყო, რაზეც კრატერის ერთგვაროვანი ფორმა მიანიშნებს.
მეორე სურათზე უკვე ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ეკვატორთან ახლოს განლაგებული ჩაღრმავებებია აღბეჭდილი. ისინი Ganges Chasma-ს სახელით ცნობილი ღრმა კანიონის მიმდებარედაა.
რა თქმა უნდა, გამოსახულების მოლურჯო შეფერილობა რეალური არაა. ეს სპეციალური ფილტრის დამსახურებაა, რომლის საშუალებითაც მეცნიერები მარსის ზედაპირის ამ არეალის მინერალოგიურ და გეოლოგიურ მახასიათებლებს ავლენენ. ბუნებრივი შეფერილობის ფოტოებში ამის შესწავლა, რა თქმა უნდა, ძნელია.
უფრო მოზრდილი კრატერის დიამეტრი 4 კილომეტრია, მეორისა კი — 1.2. მათი ფორმაც საკმაოდ ერთგვაროვანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი ძველად სრულიად მშრალი არ ყოფილა.
ამ ბოლო სურათზე წარმოდგენილია კრატერი. რომელიც მარსის სამხრეთ მთიანეთშია, კერძოდ, რეგიონ Tyrrhena Terra-ში. მისი სიგანე 15 კილომეტრამდე აღწევს და ის საკმაოდ ძველია.
ხნიერებაზე უსწორმასწორო კიდეები მიანიშნებს, რაც ხანგრძლივი ეროზიის შედეგია. სურათზე აღბეჭდილია დანალექის დაგროვების კვალიც. ეს ჩაღრმავება იმდენად ძველია, რომ იქ სხვა, უფრო ახალი, კრატერებიცაა.
კომენტარები