შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
დედამიწის გარშემო მაგნიტური ველი მაგნიტოსფეროშია კონცენტრირებული. მას, მზის ქარის გავლენით, ერთ მხარეს წაგრძელებული სტრუქტურა აქვს, რომელსაც, ამგვარი ფორმის გამო, კუდს უწოდებენ. როგორც წესი, ამ რეგიონში მაგნიტური შტორმები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბოლო წლებში მეცნიერებმა იქ უცნაური რამ შენიშნეს.
საქმე ისაა, რომ სპეციალისტებმა ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროს კუდის მიმდებარედ ქვეშტორმის კვალი დააფიქსირეს, მაგრამ თავად შტორმს ვერა და ვერ მიაგნეს. ამ ფენომენს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისიის ფარგლებში იკვლევენ, რომელიც 4 ხელოვნურ თანამგზავრს აერთიანებს. ისინი რაკეტა Atlas V-ით 2015 წელს გაუშვეს.
თითოეული ეს ზონდი მაგნიტოპაუზას აკვირდება, რომელიც მაგნიტოსფეროსა და მისი გარემომცველი პლაზმის ერთგვარი მიჯნაა. ამ რეგიონში მაგნიტური ველის ხაზებია მოქცეული, რომლებიც ერთმანეთს შორდება და შემდეგ ისევ ერთიანდება. ეს სითბოსა და კინეტიკურ ენერგიას წარმოქმნის, რასაც ქვეშტორმები ეწოდება.
2017 წელს MMS-მა სწორედ ასეთი მოვლენებისთვის დამახასიათებელი მაგნიტური შეერთებები დააფიქსირა, მაგრამ შტორმი — ვერ. ისინი ძლიერი ელექტრული აქტივობითა და მაგნიტური ველის ცვლილებებით ვლინდება, მაგრამ მეცნიერებს ასეთი რამ არ შეუნიშნავთ.
"მაგნიტური ველის ხაზების გადაადგილებას გლობალური მასშტაბით არ დავკვირვებივართ. შესაბამისად, შესაძლოა, ეს უჩვეულო ქვეშტორმი ძალიან ლოკალიზებული ყოფილიყო...
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენს წარმოდგენას შეცვლის იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან კუდის ხელახალი შეერთებები და ქვეშტორმები", — აცხადებენ მკვლევრები.
მომდევნო წელს MMS დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების ხელახალი შეერთებების შესახებ დამატებ ინფორმაციას მოიპოვებს. მეცნიერები პარალელურად სიმულაციებს შექმნიან, რომელთა დახმარებითაც მაგნიტოსფეროში მიმდინარე პროცესებს უკეთ გამოიკვლევენ.
კომენტარები