ინტერნეტის ეპოქაში, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფორმაციის უწყვეტ ნაკადზე მიუწვდება ხელი, დეზინფორმაცია მზარდ გამოწვევად იქცა. დეზინფორმაციულ კამპანიებს ხელისუფლებები იყენებენ როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, მომხრეთა მოსაზიდად, ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, პანიკის დასათესად და ა.შ.

ქართველი ხალხი ამ მიმართულებით ბევრად დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მცდარი, შეცდომაში შემყვანი ნარატივების გაჟღერებას საქართველოში გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები თითქმის არასდროს ერიდებიან. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოლიტიკური არასტაბილურობის, ფართომასშტაბიანი აქციების მიმდინარეობისას და მის შემდეგ, როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გათიშვა და პროტესტის გაფანტვაა საჭირო.

ასევე იხილეთ: ქვიზი: მოგერევა თუ არა კრემლის პროპაგანდა?

გარდა ამ მხრივ არსებული პრობლემებისა, ქვეყნის რეალობაში ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებიც დგას — დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში ჩართული რუსეთი თავისი პროპაგანდისტული არხებით ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში პროდასავლური განწყობა ჩააქროს და მოსახლეობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ უნდობლად განაწყოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მარტივ საშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგვეხმარება. ეს სტატია სწორედ ამას შეეხება.

Tineye

პირველწყაროს გაგებას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყალბი ამბავი ხშირად სწორედ პირველწყაროზე მანიპულაციის შედეგია. ასევე, თავად პირველწყაროც შეიძლება იყოს დეზინფორმაციის გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რომელშიც ქვეყნდება კონკრეტული მასალა. მაგალითად, ხშირად იუმორისტული გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მასალას კონკრეტული აქტორები რეალურად ასაღებენ და ამით სხვადასხვა მიზანს აღწევენ. ასევე, ხშირად დეზინფორმატორები თარიღით მანიპულირებენ და ძველ ამბავს ახლად ასაღებენ — ერთი შეხედვით, შეიძლება ეს პრობლემად არ გვეჩვენებოდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტული ისტორია შეიძლება 10 წლის წინ არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა აწმყოში დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

Tineye.com არის პლატფორმა, რომელიც ფოტოს ატვირთვით, ან ლინკის ჩაწერით ყველა ამ ინფორმაციას მოგაწვდით.

ფოტო: Tineye.com

ESRI | World Imagery Wayback

ხშირად დეზინფორმაცია ისტორიის რევიზიონიზმს ეფუძნება. ერთი შეხედვით, ნაკლებად რეალისტურად ჟღერს, თუმცა ხშირად ინფრასტრუქტურის/გარემოს ცვლილება კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა, გადავამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული გეოგრაფიული გარემო დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ამისათვის საუკეთესო საშუალება ESRI World Imagery Wayback-ია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა წელს გადაღებული სატელიტური ფოტოები ერთმანეთს შეადაროთ. ამ გზით თავს დაიცავთ სატელიტური ფოტოების გაყალბების გზით სხვა ნებისმიერი მანიპულაციისგანაც.

ფოტო: livingatlas.arcgis.com

Google Fact Check Explorer

ციფრულმა ეპოქამ ფაქტჩექერების მნიშვნელობაც ძალიან გაზარდა. ინტერნეტში ყოველდღიურად უდიდესი რაოდენობის სიახლე ჩნდება, რომელთა ნაწილიც აუცილებლად შეიცავს დეზინფორმაციის ნიშნებს, ეს პრობლემა კი გაკონტროლებას მოითხოვს. როგორც წესი, კონკრეტულ მედიასაშუალებებს ჰყავთ საკუთარი ფაქტჩექერები, რომლებიც ამ კომპანიებისთვის მუშაობენ. ეს კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას ძალიან ართულებს, რადგან, ცალკეული მედია დეზინფორმაციის მთელ სპექტრს ვერ ფარავს. Google Fact Check Explorer არის ცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც სხვადასხვა გამოცემის გადამოწმებული ინფორმაციისა და ვერდიქტის ხილვაა შესაძლებელი, საკმარისი მხოლოდ საძიებო სიტყვის ჩაწერაა.

ფოტო: Google Fact Check Explorer

Mapchecking

ალბათ, შეუძლებელია, იყო საქართველოს მოქალაქე და საპროტესტო აქციაზე წელიწადში ერთხელ მაინც არ მოგიწიოს დგომა. თუ დაინტერესებული ხარ პოლიტიკური საკითხებით და დემონსტრაციებში ჩართვის პარალელურად მედიასაშუალებებსაც ადევნებ თვალს, შენთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როცა მმართველი პარტია და ოპოზიცია აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას განიხილავენ. იმისათვის, რომ შალვა რამიშვილის პოსტმა, რომ ცოტანი ხართ, არ შეგაშინოთ, შეგიძლიათ Mapchecking გამოიყენოთ. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ აქციის გავრცელების გეოგრაფიული არეალი, ადამიანების სიხშირე და ამ გზით ის იქ მყოფი ადამიანების შესაძლო მაქსიმალურ რაოდენობას დაითვლის.

ფოტო: Mapchecking

InVID

In Video Veritas - ჭეშმარიტება ვიდეოშია! თანამედროვე ტელევიზია და ახლა უკვე ონლაინმედიაც, შეიძლება ითქვას, ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის გამარტივების პროდუქტია. მიუხედავად ამ დამსახურებისა, ვიდეო დეზინფორმატორისათვის მძლავრი იარაღი შეიძლება იყოს. მონტაჟის ინსტრუმენტების განვითარებასთან ერთად სოციალურ სივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაც მარტივდება, რაც აჩენს ისეთი პლატფორმის საჭიროებას, რომელიც ასეთი კონტენტის სწრაფ ვერიფიკაციაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

InVID სწორედ ასეთი საშუალებაა. ის ქმნის პლატფორმას, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ფაილების გადამოწმებასა და ავთენტიფიკაციას ამარტივებს. პირველ რიგში, InVID გამოადგება თავისუფალ მედიას, რომელიც სანამ კონკრეტულ კადრებს გაავრცელებს, მათ ნამდვილობას, პირველწყაროსა და სანდოობას დაადგენს — ეს კრიტიკულ შეცდომებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს და ახალი ამბების ინდუსტრიასა დაიცავს დისკრედიტაციისგან.

ფოტო: InVID

ეს მცირე ჩამონათვალია საშუალებებისა, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარებათ, თუმცა მხოლოდ მათ ნუ დაეყრდნობით — მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოადუნოთ და გამოიმუშაოთ ე.წ კიბერჰიგიენა, რათა მავნე აქტორების ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.