შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, მზეზე პატარა და უფრო მკრთალი წითელი ვარსკვლავების გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებზე იისფერი მიკროორგანიზმები არსებობდნენ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მათი ქიმიური ნაკვალევი სიცოცხლის ინდიკატორად გამოვიყენოთ, რომელსაც ტელესკოპებით დავაფიქსირებთ.
"იისფერ ბაქტერიას შეუძლია გადარჩეს ისეთ მრავალგვარ გარემოში, რომლის წარმოდგენაც მარტივია განსხვავებულ ციურ სხეულებზე. შესაძლოა, იისფერი ახალი მწვანე იყოს", — აცხადებენ ასტრონომები.
დედამიწაზე სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ფოტოსინთეზი ასრულებს, რაშიც მწვანე პიგმენტი ქლოროფილი მონაწილეობს. ეს პროცესები მცირე ზომის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებში, ციანობაქტერიებში, დაახლოებით 2.4 მილიარდი წლის წინ დაიწყო. ისინი ქლოროფილს მეტაბოლური ენერგიის მისაღებად იყენებენ და შედეგად ჟანგბადს გამოყოფენ.
მანამდე მიკროორგანიზმები ამისთვის იისფერ მოლეკულა რეტინალს იყენებდნენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ ის ეგზოპლანეტებზე არის, ხმელეთსა და კოსმოსში განლაგებული მომდევნო თაობის ტელესკოპებით მისი უნიკალური ქიმიური კვალის დაფიქსირება უნდა მოვახერხოთ.
"თუ ისინი მწვანე მცენარეებთან, წყალმცენარეებთან და ბაქტერიებთან კონკურენციაში არ არიან, წითელი მზე მათ ფოტოსინთეზისთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს უნდა უქმნიდეს", — ამბობენ ავტორები.
იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში ყურადღება უმეტესად მწვანე პიგმენტს ექცევა, მეცნიერებს იისფრის კატალოგიზებაც სურდათ. ამისთვის მათ ასეთი ბაქტერიები სხვადასხვა ადგილიდან მოიპოვეს, გაზარდეს და მათი უნიკალური "ანაბეჭდი" შეისწავლეს.
ასევე, კომპიუტერული სიმულაციებით გააანალიზეს, როგორ იარსებებდა იისფერი ბაქტერია განსხვავებულ ეგზოპლანეტებზე, იქნება ეს ყინულით დაფარული თუ კლდოვანი. ამ ვირტუალურმა მიკროორგანიზმებმა დაფიქსირებადი ბიოინდიკატორები წარმოქმნა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები