რა ხდება: ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ".

  • როთი X-ზე წერს, რომ ირაკლი კობახიძე ცდება.

დეტალები: "ძვირფასო ირაკლი კობახიძე, გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა.

  • მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "აგენტების კანონს". გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი!
  • სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებენ ევროპულ ღირებულებებს" — წერს მიხაელ როთი.

რა თქვა კობახიძემ: პრემიერ-მინისტრმა თქვა, გერმანიაში ვიზიტის დროს, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც დელეგაციამ პასუხი გასცა.

"პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია", — აღნიშნა კობახიძემ.

  • "რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა", — თქვა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება კანცლერს, კობახიძემ მისი კრიტიკა აღიარა, თუმცა თქვა, რომ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება, რომ კანონი სამივე შეხვედრაზე დაიწუნეს, სიმართლე არ იყო.

  • პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ახსენა, რომ ელჩი "საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ლელოსთან ერთად დადის ხოლმე და შესაძლოა, ეს ინფორმაცია მათგან მიიღო".

გუშინ, რეალპოლიტიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუნდესტაგში დაიბარეს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია.

მიზეზი — რუსული კანონია.