მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზე ძალიან ცივა, ის, რეალურად, უდაბნოდ მიიჩნევა. ეს იმიტომ, რომ ამ კონტინენტზე ატმოსფერული ნალექი ნაკლებად მოდის როგორც წვიმის, ისე თოვლის სახით (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს).

უდაბნოები სწორედ ისეთ რეგიონებს ეწოდება, რომლებიც ყოველწლიურად 25 სანტიმეტრზე ნაკლებ წვიმას ან თოვლს იღებს. რაც შეეხება ანტარქტიდას, მთლიანობაში იქ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 სანტიმეტრია, თუმცა მისი ზოგიერთი არეალი სხვებზე მეტად მშრალია. კერძოდ, კონტინენტის ცენტრალურ ნაწილი, რომელიც ტენის წყაროებისგან შედარებით მოშორებითაა.

იმასაც ვარაუდობენ, რომ მსგავს ადგილებში, როგორიც მაკ-მერდოს მშრალი ველებია, წვიმა და თოვლი მილიონობით წლის განმავლობაში არ მოსულა. სწორედ ამის გამო მას მეცნიერთა დიდი ნაწილი დედამიწაზე ყველაზე მშრალ არეალად მიიჩნევს.

მაკ-მერდოს მშრალი ველების სატელიტური სურათი.

ფოტო: NASA/GSFC/METI/ERSDAC/JAROS

გასათვალისწინებელია, რომ ანტარქტიდის ფართობი 14 200 000 კვადრატული კილომეტრია, ანუ უზარმაზარია. ეს ნიშნავს, რომ ის მთელ მსოფლიოში უდიდესი უდაბნოა.

მის სიმშრალეს სწორედ სიცივე განაპირობებს, რადგან ცივი ჰაერი უფრო ნაკლებ ტენს შეიცავს, ვიდრე თბილი. შესაბამისად, მსგავს პირობებში ღრუბლები მარტივად ვერ წარმოიქმნება. ამ კონტინენტზე თოვლი ყველაზე ხშირად სანაპიროების მახლობლად მოდის, ვინაიდან ტენიანი ცხელი აირები ღია ოკეანის გასწვრივ გადაადგილდება და იქამდე აღწევს.

როგორც ანტარქტიდაზე მომუშავე მეცნიერები ამბობენ, იქ სიმშრალის გამო ზოგიერთი საკვებიც ნელა ფუჭდება, სველი პირსაწმენდი ან თმა უცბად შრება და ობი თუ სხვა სოკოები პრაქტიკულად არ ჩნდება. ასეთი გარემო ადამიანის კანისა და ცხვირის ღრუს გამოშრობას იწვევს, რის გამოც ექსპედიციების მონაწილეებში ნესტოებიდან სისხლდენა ხშირია.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ყინულით დაფარულ ამ კონტინენტზე ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა. სწორედ ამან და სიცივესთან დაკავშირებულმა სხვა ფაქტორებმა შეიწირა ინგლისელი მკვლევარი რობერტ სკოტი 1912 წელს. ასევე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა ბრიტანელ ჰენრი უორსლის, რომელსაც სურდა პირველი გამხდარიყო, ვინც ანტარქტიდას მარტო, აღჭურვილობის გარეშე, გადალახავდა. ამის მიუხედავად, როცა მიზნამდე მხოლოდ 48 კილომეტრი აშორებდა, მწვავე გაუწყლოებისა და გადაღლილობის გამო დანებდა. ის ჩილეში მდებარე საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაყვანიდან მალევე, 55 წლის ასაკში, დაიღუპა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.