მზის დაბნელებისას ჩრდილოეთ ამერიკას მთვარის ჩრდილი გადაეფარა — კადრები კოსმოსიდან
8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკიდან მზის სრული დაბნელება იხილეს, რასაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ეს გასაოცარი მოვლენა აშშ-ის 15 შტატიდან, ასევე კანადისა და მექსიკის ზოგიერთი რეგიონიდან ჩანდა, მაგრამ მისი გადაღება ასტრონავტებმა კოსმოსიდანაც შეძლეს.
ასევე, იხილეთ: 10 უჩვეულო რამ, რაც მზის დაბნელებისას ხდება
დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ეკიპაჟი ამ იშვიათ სანახაობას დაახლოებით 400 კილომეტრი სიმაღლიდან აკვირდებოდა. მათ მიერ გადაღებულ კადრებზე აღბეჭდილია, როგორ ეცემა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მთვარის უზარმაზარი ჩრდილი.
მზის სრული დაბნელებისას დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის სავსე მთვარე ექცევა, რომელიც ცაზე იმხელა არეალს იკავებს, რომ მზის დისკოს ჩრდილავს. ამის გამო ხმელეთამდე დღის სინათლე აღარ აღწევს და ისეთი გარემო იქმნება, როგორიც ღამეა ხოლმე.
ხმელეთიდან ეს მოვლენა, აი, ასე ჩანდა:
პლანეტის ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მზის სრულ დაბნელებასა და, შესაბამისად, ჩრდილოეთ ამერიკის თავზე გადაფენილ მთვარის ჩრდილს შედარებით დიდხანს დაჰკვირვებოდნენ. NASA ამისთვის საგანგებოდ, თვეების განმავლობაში, ემზადებოდა, რათა ISS-ის მდებარეობა ზუსტად ამ ადგილს დამთხვეოდა.
მის გარდა ეს მოვლენა დედამიწის გარშემო მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრებმაც გადაიღო. მაგალითად ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის აპარატებმა, რომელთა მიზანიც ამინდის ცვლილებაზე დაკვირვებაა.
აღსანიშნავია, რომ იმავე რეგიონში მომდევნო ჯერზე მზის სრული დაბნელება 2044 წლის 23 აგვისტოს გამოჩნდება. 2026 წელს კი ეს მოვლენა გრენლანდიიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და რუსეთიდან იქნება ხილული.
2030 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციიდან გაყვანა იგეგმება, სამაგიეროდ NASA მთვარეზე ბაზის აშენებას აპირებს. არაა გამორიცხული, 2044 წელს დედამიწის ზედაპირზე დაცემული მთვარის ჩრდილი თავად მთვარიდანაც გადავიღოთ.
კომენტარები