ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
ალბათ, სხვებისგან ხშირად მოგისმენიათ და თავადაც განგიცდიათ, რომ დრო, თითქოს, სწრაფად გადის. ამის მიუხედავად, როცა ქალაქგარეთ, ბუნებაში, გავდივართ, ყველაფერი იცვლება. ახალი კვლევის თანახმად, ეს მართლაც ასე ხდება, რადგან ბუნებაში ყოფნისას ადამიანი დროის მდინარებას სხვაგვარად აღიქვამს.
თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ სწრაფია, რადგან თითოეულ ჩვენგანს უწევს, სამსახურის, საოჯახო და პირადი საქმეები მოაგვაროს. შესაბამისად, მუდმივი განცდა გვრჩება, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს. ფსიქოლოგმა რიჩარდო კორეიამ დაადგინა, რომ ბუნებაში პირიქით ხდება და ზოგჯერ დროის სიუხვესაც კი ვგრძნობთ.
მან გაანალიზა ნაშრომები, რომლებშიც შედარებულია, როგორ აღიქვამს დროს ადამიანი, როცა სხვადასხვა ტიპის საქმეს ურბანულ და ბუნებრივ გარემოში ასრულებს. მათში ნაჩვენებია, რომ მეორე შემთხვევაში გამოკითხული ინდივიდების აღქმაში დრო უფრო "იწელებოდა". მაგალითად, ქალაქგარეთ კონკრეტულ მანძილზე სეირნობისას, თითქოს, დრო უფრო ნელა გადიოდა, ვიდრე ქალაქში იმავე დისტანციის დაფარვისას.
კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ ბუნებაში ყოფნისას წარსულსა და მომავალს სხვაგვარად აღვიქვამთ. კერძოდ, ასეთ გარემოში რაიმეს კეთებისას ყურადღება იმ კონკრეტული მომენტიდან მომავალზე გადაგვაქვს, ამიტომ უფრო ფართო სურათს ვხედავთ და დროში შეზღუდულობას ვერ ვგრძნობთ. ფაქტობრივად, ნაკლებად იმპულსურები ვხდებით და ეს საშუალებას გვაძლევს, კმაყოფილებას ხანგრძლივ პერსპექტივაში მივაღწიოთ და არა რაც შეიძლება სწრაფად.
ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს. ეს ნაკლებ შფოთვასთან, უკეთეს ძილთან, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირებულ რისკთან და სხვა დადებით შედეგებთანაა დაკავშირებული. მსგავსი ეფექტი შესაძლოა, კარგად ხსნიდეს, რატომ ცვლის ბუნება დროის აღქმას, რადგან ეს ჩვენს შიდა ბიოლოგიურ მდგომარეობასა და გარე მოვლენებზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, სტრესი, შფოთვა და სხვა მსგავსი ფაქტორები იმაზე აისახება, თუ როგორ გადის ჩვენთვის დრო. დამატებით, ბუნებაში ყოფნა მეხსიერებასა და ყურადღების მოკრების უნარსაც აუმჯობესებს. მსგავსი შედეგის მისაღებად კი მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია, რადგან ბევრი ჩვენგანი ურბანული გარემოდან გასვლას უბრალოდ ვერ ახერხებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში People and Nature გამოცემაში გამოქვეყნდა.
კომენტარები