მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
გსმენიათ მიზოფონიაზე? მიზოფონია არის მდგომარეობა, როდესაც ხმაზე ზედმეტად მწვავედ რეაგირებთ.
და, აი, ახლა ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის იმაზე ბევრად მეტ ადამიანს აღენიშნება, ვიდრე აქამდე გვეგონა.
გამაღიზიანებელი ხმები შეიძლება იყოს ღეჭვა, კვნესა, ხვრინვა და სუნთქვაც კი. გაღიზიანება შეიძლება იყოს როგორც შედარებით მსუბუქი, ისე აუტანელი. ზოგ შემთხვევაში ეს მიზოფონიის მქონე ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ურთულებს.
"მიზოფონია შეიძლება იყოს მსუბუქი ფორმებით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი გამაღიზიანებელ ხმებს თავს ვერ აღწევს. ასეთ დროს, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ხმამ, შეიძლება ადამიანს მოსვენება არ მისცეს", — განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკურმა ფსიქოლოგმა ჯეინ გრეგორიმ.
კვლევაში 772 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სპეციალური კითხვარი შეავსეს, რომელიც მიზოფონიის 5 ასპექტს იკვლევდა: ემოციური საფრთხის განცდა, შინაგანი და გარეგანი შეფასებები, მოქმედება და გავლენა.
"შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ მიზოფონიისთვის დამახასიათებელი ნიშნები დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 18.4%-ს აქვს", — ამბობენ მკვლევრები.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამაღიზიანებლად ღეჭვის ხმა დასახელდა. თუმცა, იყო განსხვავება ზოგადად მოსახლეობასა და მიზოფონიის მქონე ადამიანებს შორის. სტანდარტული გაღიზიანებისგან განსხვავებით, მიზოფონიის მქონე ადამიანები ასეთი ხმების გაგონებისას თავს ძალიან ცუდად და დაუცველად გრძნობდნენ.
"ამ დროს ჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც გჭირს, მაგრამ მას ვერაფერს უპირისპირებ. ზოგ შემთხვევაში, ეს დანაშაულის შეგრძნებასაც იწვევს", — თქვეს მკვლევრებმა.
მეტიც, მიზოფონიის მქონე ადამიანებს ისეთი ხმებიც აწუხებდათ, როგორიცაა სუნთქვა და ყლაპვა.
"კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი 5 ადამიანიდან ერთი ასეთ სიმპტომებს განიცდის. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, თავად ამ ტერმინის შესახებ ბევრად ნაკლებმა იცის. ეს ნიშნავს, რომ მიზოფონიის მქონე ადამიანების უმეტესობას მისი აღმწერი სიტყვაც არ აქვს", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, როგორც ჩანს, მიზოფონია ბევრად უფრო გავრცელებული მდგომარეობაა და საჭიროა მასზე საზოგადოების დიდი ნაწილის ინფორმირება.
კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები