მეცნიერება 3 Body Problem-ის მიღმა — რა უნდა ვიცოდეთ Netflix-ის ახალი სერიალის უკეთ გასაგებად
სამეცნიერო ფანტასტიკა პოპულარული და მუდმივად განვითარებადი ჟანრია, მაგრამ ამასთან, ის საკმაოდ პრობლემურია. როგორც წესი, მაღალი დონის სამეცნიერო ფანტასტიკის შემთხვევაში ძალიან დიდი ბიუჯეტია საჭირო. შესაბამისად, სტუდიები ხშირად არ რისკავენ და ჟანრში უკვე მრავალჯერ ნაცადი, ერთი სტილისა თუ სტრუქტურის ფილმების გამეორება ხდება, რაც უნდა ვაღიაროთ, ცოტა მოსაბეზრებელია.
ასეთ დროს ხშირად იკარგება და სრულიად არადამაჯერებელი ხდება თავად "მეცნიერებაც", ანუ ის თეორიები თუ პოსტულატები, რაც ღირებული სამეცნიერო ფანტასტიკის საყრდენი უნდა იყოს.
სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემას ცდილობს Netflix-ის ახალი სერიალი 3 Body Problem (სამი სხეულის ამოცანა). სამწუხაროდ შოუში ხშირია ზედაპირული დიალოგები და ვერც პერსონაჟებს გამოვარჩევთ დიდად, მაგრამ... და, აი, აქ დიდი მაგრამ! ეს არის მასშტაბური შოუ, დიდი ბიუჯეტით, რომელიც სავსეა სამეცნიერო თეორიებით, პოსტულატებითა თუ მოცემულობებით.
სერიალი ჩინელი მწერლის, ლიუ ცისინის, ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. პროფესიით კომპიუტერულმა ინჟინერმა, ლიუ ცისინმა, რომანის ტრილოგიით ძალიან ბევრი პრიზი მიიღო, მათ შორის ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჰიუგოს პრემია.
სერიალი სულ რამდენიმე დღის გამოსულია, მაგრამ მას უკვე ძალიან ბევრმა უყურა და შესაბამისად, აზრებიც გაიყო. ეკრანიზაციამ დადებითი გამოხმაურება მიიღო, იყო უარყოფითი შეფასებებიც, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ სერიალი საერთოდაც ვერ გაიგეს. "ვერ გაგების" ძირითად მიზეზად სწორედ სამეცნიერო თეორიები თუ პოსტულატები სახელდებოდა, რაც ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, ან სულაც "ზედმეტად რთული".
ამ სტატიაში სერიალის სწორედ ამ მხარეზე ვისაუბრებთ. მიმოვხილავთ მეცნიერებას, რომელიც 3 Body Problem-ის უკან დგას.
მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 3 Body Problem-ის უკეთ გასაგებად:
3 სხეულის ამოცანა
სიუჟეტის გასაგებად კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის საბაზისო დონეზე გააზრებაა საჭირო, თუმცა აქამდე თავად ნაწარმოების სათაური და ნიუტონის ფიზიკაა.
სამი სხეულის ამოცანა გაჩნდა მას შემდეგ რაც ნიუტონმა გრავიტაცია აღმოაჩინა. დიახ, ეს ის ტიპური შემთხვევაა, როდესაც ახალი აღმოჩენა ახალ შეკითხვას აჩენს.
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ეს საკმაოდ სტაბილური ორბიტაა, რადგან განსაზღვრულია ერთი ვარსკვლავის მიერ. ასეთი ციური სხეულების მოძრაობის "დეტერმინირება" მარტივადაა შესაძლებელი — ეს ნიშნავს, რომ დედამიწა მზის გრავიტაციული ველითაა ჩაჭერილი და სტაბილურად ბრუნავს. ანუ, ორი ობიექტი, რომელთა გრავიტაციული ველები შესაბამისად ურთიერთქმედებს, პროგნოზირებადი და სტაბილურია. ნიუტონმა ეს ჯერ კიდევ 1687 წელს გაარკვია.
ერთი სიტყვით, როდესაც პლანეტაზე მხოლოდ ერთი ვარსკვლავი მოქმედებს ის ჩაჭერილია გრავიტაციის მიერ და აქტიურდება "ენერგიის შენარჩუნების კანონი". ესე იგი, როდესაც პლანეტა ერთი ვარსკვლავის გრავიტაციულ ველში მოხვდება, მას არ შეუძლია შექმნას დამატებითი ენერგია, რომელიც მას ორბიტიდან ამოაგდებს.
თუმცა, ეს ორობით სისტემაზე მუშაობს. სიტუაცია სრულიად იცვლება, როდესაც საქმეში მესამე ობიექტი ერთვება. ეს უკვე ყველაფერს ცვლის და იწვევს ქაოსს. ასეთ დროს ციური სხეულის მოძრაობა არაპროგნოზირებადი ხდება, ირღვევა ბალანსი.
როდესაც საქმეში სხვა ვარსკვლავებიც ერთვება, ხდება ენერგიის გაცვლა, რაც ორბიტებს არასტაბილურს ხდის. სწორედ ეს არის "სამი სხეულის ამოცანა", გადაუჭრელი საკითხი ასტროფიზიკაში.
ალფა კენტავრი — სამობითი ვარსკვლავის სისტემა
ის რაც გადაუჭრელი პრობლემაა ჩვენთვის ფიზიკის თეორიებში, პირდაპირი კატასტროფაა სიუჟეტში უცხო ცივილიზაციისთვის. უცხოპლანეტელები, რომლებიც სერიალში ფიგურირებენ, კოსმოსური მასშტაბებით ჩვენი მეზობლები არიან.
მზის სიტემის მეზობლად ალფა კენტავრია, სამობითი ვარსკვლავის სისტემა, რომელიც ჩვენგან 1,34 პარსეკით, 4.37 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
საინტერესოა, რომ სისტემაში, ასევე უნდა არსებობდეს, სულ ცოტა 1 პლანეტა — დედამიწის ზომის ალფა კენტავრი Bb. სწორედ ამ პლანეტაზე დაასახლა ლიუ ცისინმა თავის სიუჟეტში უცხოპლანეტელები. როგორც სერიალიდანაც ჩანს, უცხო ცივილიზაციას "სამი სხეულის ამოცანა" ნამდვილად პრობლემად აქვს ქცეული. ეს მოვლენა, ციური სხეულების ორბიტის არასტაბილურობის გამო, ეტაპობრივად პლანეტაზე ცივილიზაციებს ანადგურებს.
სწორედ ამიტომ, სიუჟეტის მიხედვით, "ჩვენი მეზობელი" უცხოპლანეტელები თავის არასტაბილურ სისტემას ტოვებენ და იმისთვის, რომ გადარჩნენ, ჩვენკენ მოემართებიან.
გზა — სინათლის სიჩქარის ლიმიტი
სამყაროში მასის მქონე ობიექტს სინათლის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა არ შეუძლია. ეს წამში 300 000 კილომეტრია. ჩვენს მეზობელ სისტემასთან დაშორება კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 4.37 სინათლის წელიწადია. ეს ის დროა, რაც სინათლეს ალფა კენტავრიდან ჩვენამდე მოსაღწევად დასჭირდება.
რაც შეეხება "მეზობლებს", ისინი ჩვენზე ბერვად განვითარებულები არიან, მაგრამ ფიზიკის კანონების შეზღუდვის გამო სინათლის სიჩქარის მხოლოდ ერთი პროცენტის განვითარება შეუძლიათ. შესაბამისად, მათ დედამიწამდე მოსასვლელად მინიმუმ 400 წელი სჭირდებათ.
მაშინ როგორ გამოდიან კონტაქტზე?!
ვახსენეთ სინათლის სიჩქარის ლიმიტი, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ თუ როგორ ეკონტაქტებიან უცხოპლანეტელები დედამიწელებს "ლაივ რეჟიმში". ეს აჩენს შეკითხვას, როგორ?!
ამაზე პასუხის მისაღებად თავად უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ორმა ნაწილაკმა, რომლებიც ერთმანეთისგან კოსმოსური მასშტაბებითაა დაშორებული, იმოქმედოს როგორც ერთმა მთლიანობამ? — ანუ, ერთდროულად მიიღოს და "გადასცეს" ინფორმაცია?!
ეს შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს, მაგრამ რეალურია! სიუჟეტში სწორედ ასე ხდება — საქმე გვაქვს პროტონთან, რომელიც როგორც "მიმღები" და "გადამცემი" ისე მოქმედებს. შესაბამისად, სიუჟეტის თანახმად, უცხო ცივილიზაცია დედამიწელებთან კონტაქტს სწორედ ასეთი ტექნოლოგიის გამოყენებით ამყარებს.
მაინც როგორ?! აქ უკვე კვანტური მექანიკა და მასთან დაკავშირებული გადახლართულობა უნდა მოვიშველიოთ. ეს კვანტური მექანიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, რა დროსაც ორი ან რამდენიმე ობიექტის კვანტური მდგომარეობები ურთიერთდამოკიდებულია.
რაც მნიშვნელოვანია, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ნარჩუნდება მაშინაც კი თუ ეს ობიექტები მიმოფანტულია სივრცეში ნებისმიერი ფუნდამენტური ურთიერთქმედების ფარგლებს გარეთ. ეს ერთი შეხედვით ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ასეა. ეს ეფექტი ჩვენმა მეცნიერებმაც გამოცადეს ფოტონზე, ნეიტრინოებზე, ელექტრონებზე, მოლეკულებზე და პატარა ალმასებზეც კი.
შესაბამისად, ის, რომ ასეთ ტექნოლოგიას ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია იყენებს, მეტაფიზიკა ნაკლებადაა. მომავალში შეიძლება ეს ჩვენც შევძლოთ და რა შეუშლიდა ამაში ხელს ჩვენს "მეზობელ ზეცივილიზაცას"?!
აღსანიშნავია, რომ კვანტური ტელეპორტაციის ჩვენებური გაგება სინათლის სიჩქარის ლიმიტს მაინც ვერ არღვევს. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე სამეცნიერო ფანტასტიკასთან გვაქვს და როგორც ჩანს, ფილმში ზეცივილიზაცია ამ ლიმიტების მიღმაცაა.
ატომური ბომბები როგორც დომინოს ეფექტი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიუჟეტის მიხედვით უცხოპლანეტელები ჩვენკენ მოემართებიან — იგივეს გადაწყვეტენ ჩვენი მეცნიერებიც: მოდი გავუშვათ ზონდი, რომელიც მათ "შეეგებება", მაგრამ ამისთვის დიდი სიჩქარე გვჭირდება.
"მოდი შევქმნათ რაკეტა, რომელიც ატომურ ბომბებს როგორც დომინოს ეფექტს ისე გამოიყენებს", — ამბობს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და თავიდან ამ ნათქვამზე ყველა უხერხულად იცინის.
ამაზე უხერხულად შეიძლება მაყურებელსაც გაეცინოს, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ლიუ ცისინმა ესეც მეცნიერებისგან ისესხა! საუბარი გვაქვს ფენომენზე, რომელიც ცნობილია როგორც Nuclear Thermal Propulsion (NTP).
საქმე ისაა, რომ ასეთი აფეთქება ბევრად ნაკლებ რადიაციას წარმოქმნის თუ მისი ძრავები კოსმოსში გააქტიურდება. შედეგად სახეზეა ნაკლები გამოსხივება, ვზოგავთ ენერგიასა და ვიღებთ ბევრად უფრო სწრაფ რაკეტას. მეტიც, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს სპეციალური ვებ-გვერდიც აქვს, რომელიც ბირთვული ძრავების სარგებელს ეხება.
რაც შეეხება სიუჟეტს, აქ ერთი ატომური ბომბის აფეთქება მეორისთვის თავისებური ბიძგია, მეორე მესამისთვის და ასე ვიღებთ დომინოს ეფექტს. ბუნებრივია, ეს მარტივი განსახორციელებელი არაა, მაგრამ როგორც უკვე გავიგეთ, შედარებით ნაკლებ მასშტაბებზე, მაგრამ მსგავს რამეზე რეალური მეცნიერებიც ფიქრობენ.
ადგილი ფანტასტიკისთვის
საქმე ბევრად რთულდება, როდესაც "ჩვენი მეზობლები" პროტონს პლანეტის მასშტაბებამდე ზრდიან, შემდეგ კი მასში სუპერკომპიუტერს აშენებენ. აქ აშკარად ჩანს, რომ ზეცივილზიაცია დამატებით განზომილებებსაც იყენებს.
ეს ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად სცდება, მაგრამ ლიუ ცისინი მეტაფიზიკაში არც ამით გადადის და ის ფიზიკის კანონების ჩარჩოებში მაინც რჩება. არც დამატებითი განზომილებების ფენომენია მეტაფიზიკა, მაგალითად სიმების თეორიის გამართულად მუშაობისთვის მინიმუმ 10 სივრცითი განზომილება გვჭირდება.
მთლიანობაში, წიგნი, შესაბამისად ეკრანიზაცია, ბევრ სამეცნიერო პოსტულატს ეხება და რაც მთავარია, ის მათ საკმაოდ კარგად წარმოგვიდგენს. როგორც თავში ვთქვი, ხარისხიან სამეცნიერო ფანტასტიკას ფესვებად მეცნიერება უნდა ჰქონდეს გამჯდარი — შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 Body Problem-ს ეს ამოცანა სწორად აქვს გადაჭრილი!
მეორე საკითხია, რამდენად გამართული და საინტერესოა შოუ კინემატოგრაფიის მხრივ, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.
კომენტარები