ასე გამოიყურებოდა ქალი, რომელიც მე-16 საუკუნეში ვამპირი ეგონათ
სპეციალისტებმა მე-16 საუკუნის იტალიაში მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს. ნაშთებს მეცნიერებმა ჭირით ინფიცირებული ადამიანების მასობრივ სასაფლაოზე მიაგნეს. როგორც ვარაუდობენ, მაშინ ეს ინდივიდი ვამპირი ეგონათ, რაზეც მის პირში მოთავსებული აგური მიანიშნებს.
ჩონჩხი ვენეციის ლაგუნაში მდებარე კუნძულზე 2006 წელს აღმოაჩინეს. იქ ადრე ჭირით დაავადებულთა სანატორიუმი იყო და 1576 წლის ინფექციური აფეთქებისას დაღუპული ეს ადამიანებიც სწორედ ამ ადგილას დამარხეს. ევროპაში აღნიშნულ პერიოდში ვამპირებზე ისტორიები საკმაოდ გავრცელებული იყო. იტალიაში მათ, სავარაუდოდ, მესაფლავეები იგონებდნენ, რომლებიც ახალი გვამების დასამარხად საფლავებს ხელახლა თხრიდნენ და გახრწნილ გვამებს ხედავდნენ.
რადგან გვამები სხეულში არსებული სითხის გამო იბერებოდა და ის ცხვირიდან თუ პირიდან ჟონავდა, მიიჩნევდნენ, რომ ისინი სხვა მკვდარი ადამიანების სისხლით იკვებებოდნენ. ზოგჯერ მათ პირზე გადაფარებული ქსოვილებიც იშლებოდა და ქრებოდა, საიდანაც ასკვნიდნენ, რომ "ვამპირები" ძალას სწორედ ამ ნაჭრების ჭამის გზით იკრებდნენ.
2010 წლის კვლევის თანახმად, სწორედ ასეთი არსება ეგონათ დასაწყისში ხსენებული ქალი, რადგან მის პირზე გადაფარებული ქსოვილიც დაშლილი იყო. შესაძლოა, გვამის პირში მესაფლავეებს აგური სპეციალურად მოეთავსებინათ, რათა მისი "ვამპირული" ქცევებისთვის შეეშალათ ხელი.
დამატებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ ქალი 60-ზე მეტი წლის ასაკში დაიღუპა. სიცოცხლეში ის ძირითადად ბოსტნეულითა და მარცვლეულით იკვებებოდა, რაც მიანიშნებს, რომ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ქვა შესაძლოა, მის პირში შემთხვევითაც მოხვედრილიყო.
ასეა თუ ისე, 3D დიზაინერმა ციცერო მორაესმა ქალის სახის ციფრულად რეკონსტრუირება შეძლო. ამისთვის მან, პირველ რიგში, თავის ქალის წინა და უკანა ნაწილის მონახაზები გააკეთა, მათ შორის დენტალური თაღების.
შემდეგ თანამედროვე ადამიანის თავის ქალის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულება გამოიყენა, რათა ჩონჩხის მკაფიო კონტურები მიეღო. სპეციალისტმა შექმნა აგურის ასლიც, რომლის მეშვეობითაც ეცადა დაედგინა, მოათავსეს თუ არა ქვა მკვდარი ქალის პირში ძალით.
შედეგები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, აგური იქ ისე ჩაედოთ, რომ კბილები და რბილი ქსოვილები არ დაეზიანებინათ. საბოლოოდ, მაინც უცნობია, როგორ აღმოჩნდა ქვა ქალის პირის ღრუში.
კვლევა გამოცემაში OrtogOnline გამოქვეყნდა.
კომენტარები