შესაძლოა, iPhone-ებს მალე Google-ის AI-ზე მომუშავე ფუნქციები დაემატოს
შესალოა, Apple ამ ნაბიჯით იმის აღიარებას რისკავდეს, რომ თავისი AI ტექნოლოგია კონკურენტებისას ჩამორჩება.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, Apple-სა და Google-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა iPhone-ებს Gemini დაემატოს — გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია. თუკი კომპანიები მართლაც შეთანხმდებიან, Google-ის AI ფუნქციები ორ მილიარდამდე iPhone-ისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, უკვე დაადასტურა, რომ Apple ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ფუნქციებს "უზარმაზარ დროსა და ძალისხმევას" უთმობს. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ამ ფუნქციების გამოშვება "წლის ბოლოს" იგეგმება.
Bloomberg-ის უწყების თანახმად, Apple-ის პროდუქტებში ჩაშენებული AI ფუნქციები, სავარაუდოდ, ნაწილობრივ Apple-ის AI მოდელებზე იმუშავებს, ნაწილობრივ კი — მესამე მხარისაზე. მაგალითისთვის, iOS 18-ის გამოსვლის (2024 წლის სექტემბერი) შემდეგ, შესაძლოა, მოწყობილობაზე ზოგიერთი მოქმედება Apple-ის მოდელების მეშვეობით შესრულდეს. მეორე მხრივ, "ქლაუდის" ბაზაზე შექმნილ AI ფუნქციებს, მათ შორის ტექსტისა და გამოსახულებების გენერირებას, სავარაუდოდ, Google-თან თანამშრომლობა მოიტანს.
ცნობისთვის, სმარტფონებში AI ფუნქციების შეტანა პრეცედენტი სულაც არაა. წლის დასაწყისში Samsung-მა თავის Galaxy S24 სერიის მობილურებს AI ფუნქციები (ბრენდირებული, როგორც Galaxy AI) დაამატა, რომლებიც Google-ის AI ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს უკანასკნელი Google-ის Pixel 8 მობილურებშიც გვხვდება.
ცხადია, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა ფორმით ვიხილავთ ტექნოლოგიას Apple-ის მოწყობილობებზე ან საერთოდაც ვიხილავთ თუ არა.
Apple-სა და Google-ს შორის უკვე რახანია არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, Apple-ის მოწყობილობებზე Google Search მთავარი საძიებო ინსტრუმენტია. ეს შეთანხმება წლიურად დაახლოებით $18 უნდა ღირდეს. მსგავსი მიდგომა მარეგულირებელი ორგანოებისთვის მეტ-ნაკლებად საკამათოა. აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტი Google-ს ბრალს სდებს, რომ შეთანხმების მეშვეობით მან უსამართლო პირობებში განამტკიცა თავისი პროდუქტის საბაზრო პოზიცია.
თუკი Apple და Google ამ ტიპის თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან, Google-ის AI ფუნქციები ბაზარზე არსებული ორი მილიარდი iPhone-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ, შესაძლოა, Apple ამ ნაბიჯით იმის აღიარებას რისკავდეს, რომ თავისი AI ტექნოლოგია კონკურენტებისას ჩამორჩება.
ცნობილია, რომ Apple-ის თანამშრომლები Apple GPT-ს, შიდა ჩატბოტს, ტესტავენ. გადმოცემის თანახმად, კომპანიას თავისი დიდი ენობრივი მოდელიც (LLM) აქვს, კოდური სახელით Ajax, თუმცა იგი ნაკლებად დახვეწილი უნდა იყოს.
ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ, სანამ გავიგებდეთ, შეთანხმდებიან თუ არა Apple და Google თანამშრომლობაზე. Bloomberg-ს თუ დავუჯერებთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მასშტაბის სიახლეზე ივნისამდე, WWDC ღონისძიებამდე, გავიგოთ რამე.
კომენტარები