DFRLab: ქართულ ტიკტოკზე სტალინს განადიდებენ
TikTok-ზე იოსებ სტალინის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეოები ავრცელებს მითებს, რომლებშიც საბჭოთა დიქტატორი რელიგიურ და ღრმად განათლებულ, ძლიერ პიროვნებადაა წარმოჩენილი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.
DFRLab-ის გამოძიების თანახმად, იოსებ სტალინის შესახებ ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოთა უმრავლესობაში საბჭოთა დიქტატორი გმირ და მამაც ლიდერადაა დახატული. მაშინ, როცა ქვეყანაში გახშირებულია საჯარო დისკუსიები სტალინზე, ხოლო ახალგაზრდებში ტიკტოკი პოპულარობას იკრებს, პოლიტიკური აქტორები თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებს პლატფორმის დინამიკას არგებენ, ხელს უწყობენ ისტორიის რევიზიონიზმსა და ავრცელებენ მითებს სტალინზე.
სტალინი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან 1953 წლამდე მართავდა, მილიონობით ადამიანის სიკვდილსა და გადასახლებაზეა პასუხისმგებელი. მისი მშობლიური ქალაქი, გორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიქტატორის რომანტიზებასა და ქართველებში საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაში. მართალია, საზოგადოების დიდი უმრავლესობა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემხრობა, მაგრამ მოსახლეობის მოცულობით სეგმენტს ასევე სჯერა, რომ ქართველებს სტალინი უნდა ეამაყებოდეთ.
რუსული პროპაგანდა მუდმივად იყენებს სტალინის ფიგურას საბჭოთა ნოსტალგიის გასაღვივებლად და საქართველოზე რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად. დეზინფორმაციის გამოკვლევაზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციის, მედიის განვითარების ფონდის თანახმად, საბჭოთა წარსულის განდიდება — განსაკუთრებით კი ავტორიტარული მმართველობის იდეალიზება და სტალინის დანაშაულების გამართლება — ის ტაქტიკებია, რომელსაც საქართველოში პროკრემლისტური დეზინფორმაციული კამპანიები ეყრდნობა. Civil.ge-ისთან ინტერვიუში ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდა სტალინის ქართულ ნაციონალიზმში ინკორპორირებას ნატივისტური ანტიდასავლური ხაზის გასაძლიერებლად ცდილობს.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) 2021 წლის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის წევრთა 30 პროცენტი ეთანხმება განცხადებას, რომ პატრიოტი ქართველი სტალინის ქართველობით უნდა ამაყობდეს. იმავე ჯგუფის წევრთა 64 პროცენტი კი ეთანხმება განცხადებას, რომ სტალინის მემკვიდრეობის შეფასება რთულია, რადგან მის მმართველობას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ბევრი ქართველი საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდისადმი დადებით განწყობას ინარჩუნებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში სტალინიზმის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. RT-ისთან 2013 წელს ჩაწერილ ინტერვიუში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სტალინისადმი აღფრთოვანებას გამოთქვამდა: "სტალინი გამორჩეული პიროვნება იყო. ასეთი ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ. მას რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა ესმოდა". 2021 წელს მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ კი განაცხადა, რომ სტალინი რელიგიური იყო და ბევრს ლოცულობდა.
უფრო ახლო წარსულში, 2024 წლის იანვარში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღმოჩენილმა ხატმა, რომელზეც ნეტარი მატრონა მოსკოველი სტალინს ლოცავს, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ამის პარალელურად შეინიშნება იმ მითების ახალი ძალით გავრცელებაც, რომელთა თანახმადაც, სტალინი ფარულად რელიგიური იყო. ერთ-ერთი ასეთი მითი ამტკიცებს, თითქოს სტალინი მატრონას 1941 წელს შეხვდა — იქამდე, სანამ საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა — და მისი რჩევით მოსკოვის თავზე თვითმფრინავით შემოაფრინა ხატი ქალაქის ჰიტლერისგან დასაცავად. თუმცა სტალინის ნეტარ მატრონასთან შეხვედრა ლეგენდადაა მიჩნეული, რადგან ის ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. კრემლის პროპაგანდა მიზანმიმართულად განამტკიცებს სტალინის, როგორც რელიგიური ფიგურის, ხატს, რათა თავისი გზავნილები რელიგიური ქართველების ხედვებს მოარგოს.
სტალინმა სასულიერო სემინარიაში კი ისწავლა, მაგრამ ის ათეისტი იყო. ძალაუფლებაში მოსვლის მერე მან საბჭოთა კავშირში ათეიზმის განმტკიცება დაისახა მიზნად. სტალინს რწმენა და გლეხებში გავრცელებული რელიგიური რიტუალები ახალი "სოციალისტი ადამიანის" შექმნის გზაზე მნიშვნელოვან წინაღობად ესახებოდა. ძალდატანებითი სეკულარიზაციის მისაღწევად სტალინმა მებრძოლ უღმერთოთა კავშირი დააარსა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ხუთწლედების ანტირელიგიური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. საბჭოთა პერიოდის ეს კამპანიები ღვთისმსახურებას კრძალავდა და სდევნიდა სამღვდელოებას, რის შედეგადაც მრავალი სასულიერო პირი წმენდებსა და გადასახლებებს შეეწირა. ათწლეულობის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმი ქმნიდა ანტირელიგიურ პლაკატებს, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილზე გამოსახულია კოსმოსში მყოფი კოსმონავტი წარწერით, "ღმერთი არ არსებობს".
სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა. ამის საპასუხოდ ძალადობრივმა პროკრემლისტურმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ და მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ მხარდაჭერები შეკრიბეს და ფერაძის სახლთან მივიდნენ. ალტ-ინფოს ონლაინარხებმა — ისევე, როგორც მართლმადიდებელმა მღვდლებმა — ინციდენტი ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად გამოიყენეს და "ლიბერალებს" ქართული ტრადიციებისა და რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდეს ბრალი. პარლამენტის ყოფილმა წევრმა და სოვლაბის ისტორიკოსმა, გიორგი კანდელაკმა — რომელიც პირველი იყო, ვინც ხატის ვიდეო გაავრცელა — განაცხადა, რომ ხატზე სტალინის გამოსახვა "რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატებაა" საქართველოში.
სტალინი ტიკტოკზე
DFRLab-მა სტალინის შესახებ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული სამი ჰეშტეგი გამოავლინა. ამ სამიდან ყველაზე პოპულარული ჰეშტეგით, #სტალინი, მონიშნული ვიდეოები 2024 წლის 11 იანვრისთვის დაახლოებით 11.6 მილიონჯერ იყო ნანახი. მეორე ადგილზე იყო ჰეშტეგი, #სტალინი გვირგვინისა და საქართველოს დროშის ემოჯით, რომელსაც დაახლოებით 3.9 მილიონი ნახვა ჰქონდა, ხოლო მესამე ადგილზე — #იოსებსტალინი, დაახლოებით 813,700 ნახვით.
DFRLab-მა გააანალიზა ჰეშტეგის, #სტალინი, მქონე 237 ვიდეო, რომლებიც 2024 წლის 11 იანვარს ან იქამდე იყო გამოქვეყნებული. მათგან გამოირიცხა 93 ცრუ დადებითი ვიდეო, რომლებიც არ შეიცავდა სტალინზე საეჭვო ნარატივებს. ცრუ დადებით მონაცემებში ასევე მოხვდა ვიდეოები, რომლებიც ჰეშტეგს კი იყენებდნენ, მაგრამ მათი შინაარსი სტალინთან კავშირში არ იყო. DFRLab-მა ასევე გაცხრილა ვიდეოები ცნობილ სტალინისტსა და სტალინის კერძო მუზეუმის მფლობელ გრიშა ონიანზე, რომელიც თავისი შეხედულებების გამო ხშირად ხდება სატირის სამიზნე. დარჩენილი 144 ვიდეოდან DFRLab-მა ვერ შეძლო იმ თხუთმეტი ვიდეოს კატეგორიზება, რომლებიც არხმა @soviet.union754 გამოაქვეყნა, რადგან ანალიზისას ისინი მიუწვდომელი იყო. ყველაზე აქტიური არხების გამოვლენის მერე DFRLab-მა დამატებით შეაგროვა ტიკტოკის ვიდეოები სტალინზე, რომლებსაც ჰეშტეგი არ ერთოდა. საბოლოოდ, შეიკრიბა 150 ვიდეო, რომლებიც DFRLab-მა შინაარსის მიხედვით ექვს კატეგორიად დაყო.
ვიდეოთა უმრავლესობა შედგებოდა სტალინის სურათებისა და ისტორიული კადრების კოლაჟებისგან, რომლებსაც ფონად გმირული სულისკვეთების მუსიკა ედო იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს ის ძლიერი და მამაცი ლიდერი იყო. ფონად დადებული მუსიკის წინ წამოწევა ქართული ტიკტოკისთვის დამახასიათებელი სტილია. მეორე ყველაზე პოპულარული კატეგორია შედგებოდა სტალინის შესახებ საგანმანათლებლო, ისტორიული შინაარსის მქონე ვიდეოებისგან. მესამე კატეგორიაში მოხვდა სტალინის პიროვნებაზე მითების გამავრცელებელი ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის რელიგიური და ღრმად განათლებული ფიგურა იყო. დანარჩენი კატეგორიების ვიდეოები ავრცელებდნენ ისტორიულ მითებს სტალინსა და მის მმართველობაზე, სტალინის ციტატებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმართული თუ გამოფენილი სტალინის ძეგლებისა და პორტრეტების კადრებს.
- სექტორულ დიაგრამაზე გამოსახულია გაანალიზებული ვიდეოების კატეგორიები და ნაჩვენებია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ვრცელდებოდა სტალინის ფოტოების, მის პიროვნებაზე არსებული მითებისა და ისტორიული მითების გამავრცელებელი ვიდეოები: 52 ვიდეო — სტალინის ფოტოები გმირული მუსიკით; 28 ვიდეო — საგანმანათლებლო მასალა; 21 ვიდეო — მითები სტალინის პიროვნებაზე; 20 ვიდეო — ისტორიული მითები; 15 ვიდეო — სტალინის ძეგლები და პორტრეტები; 14 ვიდეო — სტალინის ციტატები. წყარო: სოფო გელავა/DFRLab/ TikTok, Flourish.
ნახვების მხრივ ყველაზე პოპულარული იყო სტალინის ძეგლების ამსახველი ვიდეოები, მომდევნო ადგილებზე კი მოხვდა საგანმანათლებლო შინაარსის მასალა, მითები მის პიროვნებაზე და სტალინისთვის მიწერილი ციტატები.
- დიაგრამაზე თითოეული წრე ასახავს ვიდეოების ცალკეულ კატეგორიას. წრის სიდიდე ნახვების რაოდენობას შეესაბამება. წყარო: სოფო გელავა/DFRLab/ TikTok, Flourish.
The DFRLab-მა გააანალიზა ვიდეოები, რომლებშიც სტალინი დადებითად იყო წარმოჩენილი ან ვრცელდებოდა მითები თუ გაყალბებული ისტორიული ნარატივები. საქართველოს რეგიონებში არსებული სტალინის ძეგლებისა და პორტრეტების ამსახველ ვიდეოებს პლატფორმაზე ერთ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში სტალინის 12 ახალი ძეგლი აღიმართა — იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკის გამოფენა აკრძალულია. ამ კატეგორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეო არხის, @tatia_goloshvili_21, გამოქვეყნებულია. მასში ნაჩვენებია სტალინისტები, რომლებიც დიქტატორის დაბადების დღეს გორში საბჭოთა დროშების ფრიალითა და ძეგლის აღმართვით აღნიშნავენ. 2024 წლის 14 მარტისთვის ვიდეო 360,000-ჯერ არის ნანახი. სხვა ვიდეოში, რომელიც არხმა, @altinfo2, გამოაქვეყნა, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ გორის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა ქალაქში ძეგლის აღმართვის იდეას.
მეორე ყველაზე პოპულარული კატეგორიის ვიდეოებში მეორდებოდა სამი მითი სტალინის ფიგურაზე. პირველის თანახმად, სტალინი ღრმად განათლებული კაცი იყო და 20,000 წიგნი წაეკითხა, რაც ამ წიგნებში მის მიერ მიწერილი შენიშვნებით დასტურდება; მეორის თანახმად, სტალინს ქართული კულტურა და ლიტერატურა უყვარდა; ხოლო მესამის თანახმად, სტალინი რელიგიური პიროვნება იყო. ამ კატეგორიაში მოხვედრილი ვიდეოები 940,000-ჯერ ნახეს. პუბლიკაციაში, "13 მითი სტალინზე" ისტორიკოსები ამ სამ მითსაც განიხილავენ. მათი მიზანი ყალბი ისტორიული ნარატივის გაქარწყლება და საქართველოში სტალინის პიროვნებაზე ნარატივის შეცვლაა.
მაგალითად, პუბლიკაციაში ახსნილია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს სტალინმა 20,000 წიგნი წაიკითხა; სტალინის პირადი ბიბლიოთეკის ანოტირებული კოლექცია 392 წიგნისგან შედგება. ამასთან, მოიპოვება არაერთი ისტორიული წყარო, რომლებიც ამტკიცებს, რომ სტალინს არ გააჩნდა არანაირი გამორჩეული დამოკიდებულება ან გრძნობები საქართველოსადმი; პირიქით, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რუსული ნაციონალიზმის განმტკიცებაში. სულ ბოლოს, მითის, თითქოს სტალინი რელიგიური იყო, სიმცდარე არაერთგზის დამტკიცებულა. საბჭოთა ანტირელიგიური პროპაგანდა კარგადაა დოკუმენტირებული. სტალინის რეპრესიები შეეხო სამღვდელოებას და მისი მმართველობის დროს საქართველოში ასობით ეკლესია გაანადგურეს და ზოგსაც ფუნქცია შეუცვალეს.
DFRLab-მა გამოავლინა 19 ვიდეო ჰეშტეგით, #სტალინი, რომლებიც სტალინსა და საბჭოთა კავშირზე ისტორიულ მითებს ავრცელებდა. ამ ჰეშტეგის მქონე ვიდეოთა უმრავლესობა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში სტალინის როლს ეხებოდა. მაგალითად, 2023 წლის 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ალტ-ინფოს ტიკტოკის ანგარიშმა გამოაქვეყნა ინტერვიუები თავის ლიდერებთან, ზურაბ მახარაძესთან და ირაკლი მარტინენკოსთან. მახარაძე ვიდეოში აცხადებს, რომ სტალინი ქართველებისთვის ისეთივე დიდი ისტორიული ფიგურაა, როგორიც ნაპოლეონია კორსიკელებისთვის და რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვება სტალინს უკავშირდება. მსგავს გზავნილს ავრცელეს მარტინენკო, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიო ქართველებთან ვალშია მეორე მსოფლიო ომში მათი ღვაწლის გამო და რომ ამის დავიწყება არათუ დანაშაულია, არამედ საქართველოს ინტერესების პირდაპირი ღალატიცაა.
მეორე მსოფლიო ომზე მითების გავრცელება კრემლის ნაცადი ტაქტიკაა და მისი მიზანი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისა და უფრო ფართო პოლიტიკური დღის წესრიგის გამართლებაა. ეს კარგად ჩანს პუტინის 2020 წელს, მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ის ცდილობს უარყოს 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის არსებობა, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა ორად გაყო და ჰიტლერსა და სტალინს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმა. ისტორია ეწინააღმდეგება პუტინის დღის წესრიგს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია სტალინისა და საბჭოთა კავშირის იმ მთავარ ძალად წარმოჩენა, რომელმაც ნაცისტური გერმანია დაამარცხა. შედეგად, რუსეთის თანამედროვე ნარატივისთვის გადამწყვეტია, რომ პუტინმა მეორე მსოფლიო ომზე რუსების კოლექტიური მეხსიერება აკონტროლოს.
ერთ-ერთი კატეგორია შედგებოდა სტალინის გამოსახულებების კოლაჟებისგან, რომელსაც გმირული მუსიკა ედო ფონად. ამ კატეგორიაში ყველაზე აქტიური სამი არხი იყო: ქართული არხი, @stalinnnn, 3,000-ზე მეტი გამომწერითა და საერთო ჯამში 26,400 მოწონებით — სტატიის გამოქვეყნების დროისთვის; თურქული არხი, @JS_edit1, 2,100-ზე მეტი გამომწერითა და 31,700 მოწონებით; და უცნობი წარმომავლობის არხი, @soviet.union754, 1,000-ზე ოდნავ მეტი გამომწერითა და 2,800-ზე მეტი მოწონებით. როგორც ჩანს, ამ ბოლო არხმა ყველა ის ვიდეო წაშალა, რომელიც ქართულენოვან ჰეშტეგს, "სტალინი", იყენებდა და ახალი ვიდეოების ატვირთვა დაიწყო, რომელთაც მცირე რაოდენობის ნახვები აქვს.
ამ კატეგორიაში გაანალიზებულ ვიდეოთაგან ზოგიერთი ათობით ათასჯერ იყო ნანახი. მაგალითად, @stalinnnn-ის მიერ ატვირთული ვიდეო ქართულენოვანი წარწერით, "როცა ცოცხალი ვიყავი ვერავინ ვერ ბედავდა ვერაფრის თქმას დამიჯერე ვერც შენ გაბედავდი რამის გამოთქმას ;) ცოცხალი რომ ვიყო" (იგულისხმება, რომ ამ სიტყვებს სტალინი ამბობს), ამ სტატიის გამოქვეყნებისას 72,000-ზე მეტჯერ ჰქონდათ ნანახი.
DFRLab-მა ასევე გამოავლინა 14 ვიდეო, რომლებსაც სტალინზე მიწერილი ციტატები ერთოდა. ამ კატეგორიაში მოხვედრილი ვიდეოები 750,000-ჯერ იყო ნანახი. ყველაზე ბევრჯერ ნანახი ვიდეო ეკუთვნოდა არხს @avtandilbekauri, 230,000-ზე მეტი ნახვით. ვიდეო შეიცავდა რვა ციტატას, რომლებსაც სტალინს მიაწერენ. არხის, @stalinnnnn, გამოქვეყნებულ ვიდეოში კი გამოყენებული იყო ვითომდა სტალინის ციტატა, "მე ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი", და ის 85,000-ზე მეტჯერ იყო ნანახი.
იმის გათვალისწინებით, რომ ტიკტოკი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, პროკრემლისტური და ანტიდასავლური აქტორები პლატფორმას საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად იყენებენ. რადგან ტიკტოკს, ძირითადად, ახალგაზრდა თაობა იყენებს, ეს ტაქტიკა საზოგადოებრივი აზრის გრძელვადიან ფორმირებას ისახავს მიზნად. ამასთან, ქართულ ტიკტოკზე სტალინის რომანტიზებას ცდილობენ, რაც მის პიროვნების კულტს განამტკიცებს. სტალინზე ატვირთული ვიდეოების უმრავლესობა დიქტატორს გმირ, მამაც ლიდერად ხატავს, რაც ისტორიის გაყალბებითა და მის პიროვნებაზე არსებული მითების გავრცელებით მიიღწევა. ტიკტოკზე ტირაჟირებული ეს ნარატივები ემთხვევა პროკრემლისტური აქტორების მიერ ორკესტრირებულ უფრო ზოგად ისტორიულ რევიზიონიზმს, რომლის მიზანიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამართლება და სტალინის ტოტალიტარული მმართველობის მიჩქმალვაა.
კომენტარები