როდის დაიწყეს ადამიანებმა ტანსაცმლის გამოყენება? — რას ამბობს მეცნიერება
ადრეული ადამიანები მაიმუნის მსგავსი წინაპრებისგან განვითარდნენ — ისინი ხეებიდან ჩამოვიდნენ, ორ ფეხზე სიარული დაიწყეს და ბეწვი დასცვივდათ. ბალნის გარეშე, ლოგიკურია, ჩვენი წინაპრები გარემო პირობებისაგან დაუცველები დარჩებოდნენ და ტანისამოსი დასჭირდებოდათ.
ასევე იხილეთ: რატომ დაკარგა ადამიანმა ტანის ხშირი ბალანი? — კვლევა
მაშ, როდის დაიწყეს ადამიანებმა ტანსაცმლის გამოყენება?
კონტექსტი
ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რადგან ტანისამოსი ისე არ ნარჩუნდება, როგორც ქვისგან, ძვლებისგან ან სხვა მყარი მასალებისგან დამზადებული არტეფაქტები. მეცნიერებს ამის გამო კვლევის სხვადასხვა საინტერესო მეთოდის მოფიქრება უწევთ.
ამ კითხვაზე საპასუხოდ კონკრეტული ფაქტებია საჭირო, მათ კი რამდენიმე ძირითადი წყაროსგან იღებენ: ესაა ცხოველის გატყავებაზე მიმანიშნებელი ძვლები, საკერავი ნემსები, სადგისები და, არც მეტი, არც ნაკლები, ტილები.
რას ამბობს ტილები
დეივიდ რიდმა, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, და მისმა კოლეგებმა სცადეს, ტილების ევოლუციის ისტორიაში მომხდარი ცვლილებები შეესწავლათ. სურდათ გაეგოთ, თუ რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამას ადამიანებში ბალნის გაქრობასა და ტანისამოსის გაჩენასთან.
ცნობილია, რომ ერთი სახეობის ტილებს მხოლოდ კონკრეტულ გარემოში შეუძლიათ ცხოვრება და სხვას ნაკლებად ეგუებიან; მაგალითად, ადამიანის თავზე მცხოვრები სახეობა ბოქვენის თმაში ვერ გაჩერდება. მეორე მხრივ, სანამ ჩვენს წინაპრებს ბალანი დასცვივდებოდათ, სავარაუდოდ, ტილები მათ მთელს სხეულზე უნდა ჰყოლოდათ მოდებული.
ტილების ევოლუციის ისტორიის საკვლევად მეცნიერებმა დნმ-ის შესწავლას მიმართეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ორი ტიპის ტილი დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ გაჩნდა. მეორე მხრივ, ადამიანის გენეტიკური კვლევა მიანიშნებს, რომ ბეწვი დაახლოებით 1.2 მილიონი წლის წინ დაგვცვივდა. მაშასადამე, ეს კვლევები ბალნის გაქრობის ფართო დიაპაზონს გვთავაზობს.
გაჩნდა ისეთი ტილებიც, რომლებიც ადამიანის სამოსში ცხოვრობენ. ეს არსებები მარტივად ადაპტირდებიან და მრავალნაირ ბოჭკოზე შეუძლიათ არსებობა. რიდის თქმით, ისინი დღეში საშუალოდ ერთხელ ჭამენ, შემდეგ კი უსაფრთხოებისთვის ტანსაცმელს უბრუნდებიან.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როდის გამოეყვნენ თავისა და ტანსაცმლის ტილები ერთმანეთს. შედეგად დადგინდა, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანებმა მარტივი ტანისამოსის რეგულარულად გამოყენება დაახლოებით 170 ათასი წლის წინ დაიწყეს, მეორიდან ბოლო მყინვარულ პერიოდამდე დროში.
რას ამბობს ძვლები
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰომინინები (ჯგუფი, რომელიც თანამედროვე ადამიანებსა და ჩვენს გადაშენებულ ახლო ნათესავებს აერთიანებს) ტანისამოსს ამაზე ბევრად ადრე იცვამდნენ. ნაშრომის თანახმად, გერმანიაში, შონინგენში, დათვის ძვლებზე აღმოჩენილი კვალი იმაზე მიანიშნებს, რომ Homo heidelbergensis სახეობა დათვის ტყავს დაახლოებით 300 ათასი წლის წინ იყენებდა გასათბობად.
ტყავის გაცლისას ჭრილობების კვალი ცხოველს უმეტესად ნეკნებზე, თავის ქალასა და კიდურებზე რჩება. ივო ვერჰეიენის, აღნიშნული ნაშრომის თანაავტორისა და ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევრის, თქმით, შენინგენში სწორედ ეს აღმოაჩინეს.
"ამის სხვა ადგილებთან შედარება დავიწყეთ მეტ-ნაკლებად იმავე პერიოდიდან და ჭრილობების კვალი კიდურებსა და თავის ქალაზე ასევე შეიმჩნევა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ დროში ერთგვარი ტენდენცია იყო, რომ ხალხი დათვებს ტყავის გამო იყენებდა", — ამბობს ვერჰეიენი.
უნდა აღინიშნოს, რომ გატყავების პრაქტიკის დამამტკიცებელი საბუთების არსებობა მაინცდამაინც ტანსაცმლის არსებობაზე არ მიუთითებს. შესაძლოა, ჰომინინებს ცხოველების ტყავი თუნდაც თავშესაფრის მოსაწყობად გამოეყენებინათ. მეორე მხრივ, ვინაიდან იმ დროს ტემპერატურა საშუალოდ 2 გრადუს ცელსიუსით დაბალი იყო, ვერჰეიენი ვარაუდობს, რომ ხალხი ამ მასალას გათბობისთვის გამოიყენებდა.
"ადამიანები აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ, რათა ტერიტორიაზე საკვები შეეგროვებინათ, ამიტომ აქ გადარჩენისთვის რაიმე ტიპის ტანისამოსი უნდა ყოფილიყო საჭირო", — დაამატა მან.
რას არ ამბობს ტილები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაქტები მიანიშნებს, რომ ტანისამოსი 300 ათასი წლის წინაც არსებობდა. მეორე მხრივ, ტანსაცმლის ტილები დაახლოებით 170 ათასი წლის წინ გაჩნდა. მაშ, მანამდე რა ხდებოდა?
იან გილიგანის, სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერის, თქმით, ტილების მეშვეობით მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, თუ როდის ეცვათ ადამიანებს ტანისამოსი რეგულარულად. ეს იმიტომ, რომ ტილები ადამიანის კანით იკვებებიან. შესაბამისად, თუკი ვიღაც ტანსაცმელს ერთ დღეს ჩაიცვამდა და შემდეგ მას მთელი კვირა აღარ გამოიყენებდა, ეს არსებები ვეღარ გადარჩებოდნენ.
გარდა ამისა, შესაძლოა, მკვლევართა მიერ შესწავლილის გარდა, სხვა წარმოშობის ტილებსაც ეარსება.
"სავარაუდოდ, თავის ტილის სხვა სახეობებიც იქნებოდა, რომლებიც ბოლო მილიონობით წლის მანძილზე ტანისამოსს პერიოდულად ესეოდა და შორდებოდა", — თქვა გილიგანმა.
საგულისხმოა, რომ, სავარაუდოდ, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფმა მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთხელ შეწყვიტა და დაიწყო ტანსაცმლის გამოყენება.
მაგალითისთვის, 12-32 ათასი წლის წინ — ბოლო მყინვარული ეპოქის დასასრულამდე — აბორიგენები ტასმანიაში გამოქვაბულებს აფარებდნენ თავს, რათა, სავარაუდოდ, სიცივე აერიდებინათ.
მეორე მხრივ, არქეოლოგიური მტკიცებულებები იმაზეც მეტყველებს, რომ ისინი ტანსაცმელს ამზადებდნენ — აღმოჩენილია ცხოველის ტყავის საფხეკი ინსტრუმენტები და ძვლისგან დამზადებული სადგისები, რომლებიც კერვისას უნდა გამოეყენებინათ.
შემდეგ კლიმატი შედარებით გათბა, ამიტომ ამ ხალხმა ტანისამოსის ჩაცმა შეწყვიტა.
"ტყავის საფხეკები და ძვლის სადგისები, რომლებიც 12 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან ჰოლოცენის შუა პერიოდამდე არსებობდა — ეს ინსტრუმენტები არქეოლოგიური მასალებიდან უბრალოდ გაქრა", — განმარტა გილიგანმა და დასძინა, რომ ადამიანები "საგულდაგულოდ ირთავდნენ სხეულს, თმას იღებავდნენ, ტანს იხატავდნენ და ნაიარევებს იკეთებდნენ, ამიტომაც ტანისამოსი არ სჭირდებოდათ".
დასკვნა
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ წარსულში ესოდენ შორეული მოვლენებისათვის თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია. ამისათვის მეცნიერებს მეტად ორიგინალური მეთოდების შემუშავება უწევთ.
ტანსაცმლის ტილებს თუ დავუჯერებთ, სამოსის რეგულარული გამოყენება 170 ათასი წლის წინ უნდა დაწყებულიყო. მეორე მხრივ, დათვის ტყავი იმაზე მეტყველებს, რომ ტანსაცმელს 300 ათასი წლის წინაც იცვამდნენ, თუმცა არარეგულარულად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი ტანისამოსის ჩაცმას საჭიროების შესაბამისად წყვეტდა ან განაგრძობდა.
მაშასადამე, კონკრეტული და განზოგადებული დასკვნის გაკეთება მარტივი საქმე ნამდვილად არაა. უწყვეტი კვლევა-ძიება მეცნიერებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ჩვენი ფესვების შესახებ უფრო ზუსტ პასუხებამდეც მიგვიყვანოს.
კომენტარები