რატომ დაკარგა ადამიანმა ტანის ხშირი ბალანი? — კვლევა
სხვა პრიმატებთან შედარებით ადამიანის სხეული თმით სულ მცირედაა დაფარული. თუ როდის ან რატომ შეწყდა ჰომო საპიენსებში ხშირი ბალნის ამოსვლა, გენეტიკოსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვაა. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ამ საკითხის შესახებ მეტის გასაგებად გენეტიკური საფუძვლები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თმიანობისთვის საჭირო გენები ისევ გვაქვს, თუმცა ისინი მიძინებულია.
სპეციალისტებმა 62 ძუძუმწოვრის გენეტიკური მონაცემები გააანალიზეს იმის გასაგებად, თუ გენომის რა ნაწილია პასუხისმგებელი ბალნიანობაზე. მათ ასობით მარეგულირებელი ელემენტი გამოავლინეს, რომელიც თმის ამოსვლაზე ახდენს გავლენას. საუბარია ეპიგენეტიკაზე, რომელიც ცხოველთა ფენოტიპზე მოქმედებს ისე, რომ დნმ-ს არ ცვლის. ამით შეიძლება აიხსნას, რატომაა ზოგ სახეობაში კონკრეტული ფენოტიპისთვის დამახასიათებელი გენები, რომელთა ექსპრესიაც არ ხდება.
ავტორთა მიერ იდენტიფიცირებული ყველა გენი და მარეგულირებელი ელემენტი თმის ამოსვლაში მონაწილეობს და მის ფორმასა თუ სტრუქტურას განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორისაა რეგიონები, რომლებიც ბალნის ჩამოყალიბების სწრაფ და ნელ ტემპთანაა დაკავშირებული. ამას ზოგიერთ ძუძუმწოვარში ბეწვის ზრდის შეწყვეტის პოტენციურ მიზეზებამდე მივყავართ.
მოგეხსენებათ, ძუძუმწოვართა თითოეულ სახეობაში ბალნიანობის სხვადასხვა ხარისხი გვხვდება. შეიძლება ადამიანი სხვა არსებებთან შედარებით ბევრად უბეწვო მოგვეჩვენოს, მაგრამ ჩვენზე მეტად შესამჩნევი ეს დელფინებშია, რომლებსაც უთმო კანი აქვთ. მათთან ჩვენი ამგვარი მსგავსება კონვერგენტულ ევოლუციას მიეწერება და მას ზოგჯერ მარეგულირებელი ელემენტების მიერ ცხოველთა განსხვავებულ ჯგუფებში ერთნაირი გენების გათიშვა იწვევს.
სწორედ იმიტომ შეისწავლეს მეცნიერებმა ათობით სახეობა, რომ სრული სურათი დაენახათ. მათ უბალნო ძუძუმწოვრებში საერთო გენები გამოავლინეს და აღმოაჩინეს, რომ თმის ამოსვლაზე პასუხისმგებელ რეგიონებში მუტაციები იმ ტემპით არ მიმდინარეობდა, როგორც ბალნიან ცხოველებში. მუტაცია კი ყველამ ვიცით, რომ ევოლუციას აძლევს ბიძგს.
ამ საკითხის შესახებ მეტის გაგება მხოლოდ ევოლუციის შესახებ ინტერესს არ დაგვიკმაყოფილებს, არამედ თერაპიების შექმნაშიც დაგვეხმარება, რომლებითაც სიმელოტესა და სხვა მსგავს პრობლემებს შევებრძოლებით. ახალი ნაშრომი გამოცემაში eLife გამოქვეყნდა.
კომენტარები