ტექნოლოგიური Ხელსაწყოები სიძულვილის ენის წინააღმდეგ — ფორსეტის ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული ძალადობაა, რომელიც ქალებისა და კაცების მიმართ სხვადასხვანაირად ვლინდება. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქალების მიმართ ამგვარი ძალადობა უფრო ხშირია.
DataFest Tbilisi 2023-ს ფარგლებში, ფორსეტმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ჩაატარა ჰაკათონი "სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში". მისი მიზანი ამ პრობლემის ირგვლივ ორიგინალური და ეფექტიანი ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და გადაწყვეტების შექმნა იყო.
ჰაკათონის ფარგლებში ორი გამარჯვებული პროდუქტი გამოვლინდა — თამაში წითელქუდა და სიძულვილის ენის ქართულენოვანი დეტექტორი.
თამაში "წითელქუდა" საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, სახალისო და ნაკლებად სტრესული ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ციფრულ თუ რეალურ სივრცეში ხშირად გვხვდება. ასევე, ვასწავლოთ ამ გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზები და დავეხმაროთ ბულინგთან და არასასურველ მოპყრობასთან გამკლავებისთვის საჭირო თავდაჯერებისა და უნარების გამომუშავებაში. თამაში, ამ ეტაპზე, მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვერსიას მოიცავს, თუმცა დროთა განმავლობაში მისი დახვეწა, გამრავალფეროვნება და სხვადასხვა პრობლემებზე მორგება იგეგმება. (თამაშის სანახავად, გადადით ბმულზე: https://miranami.itch.io/vs-hate-speech-against-women).
სიძულვილის ენის ქართულენოვანი დეტექტორის მეშვეობით კი, შესაძლებელი ხდება, ციფრულ სივრცეში, კერძოდ, იუთუბის პლატფორმაზე, ვიდეოების კომენტარების ველში გამოთქმული სიძულვილის ენის ამოცნობა და ანალიზი. მისი გამოყენება შესაძლებელია ქართული ინტერნეტსივრცის კვლევისთვის, ციფრულ სამყაროში გენდერის ნიშნით ძალადობის აღმოჩენისა და ანალიზისთვის. ამ მოდელის უპირატესობა ისაა, რომ მას, სიძულვილის ენის ამოცნობა ქართულენოვან ტექსტებში შეუძლია. მისი მეშვეობით მრავალმხრივი და სისტემური კვლევის ჩატარებას, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლებს. ხელსაწყოს სანახავად, გადადით ბმულზე: https://geo-hate-speech-analysis.streamlit.app/
კომენტარები