მკვლევრებმა 3,42 მილიარდი წლის წინანდელი მიკრობული ნაშთები შეისწავლეს
მკვლევრებმა რთული მიკრობული ეკოსისტემები აღმოაჩინეს, რომლებიც 3 მილიარდ წელზე უფრო ძველია.
მიჩნეულია, რომ მიკროორგანიზმები დედამიწის ყველაზე ადრეული სიცოცხლის ფორმებია. ამის მტკიცებულებები 3,5 მილიარდი წლის წინანდელ ქანებშია "ჩაშენებული". ეს ქანები შეიცავს გეოქიმიურ და მორფოლოგიურ მარკერებს, როგორიცაა კონკრეტული ქიმიური ნაერთები და სტრუქტურები, რომლებიც ამ უძველესმა ორგანიზმებმა დატოვეს.
თუმცა, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როდის და სად გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. ასევე გასარკვევია სახეობების მრავალფეროვნების ზუსტი განვითარება. ამ მხრივ მტკიცებულებები მწირია და ხშირად სადავოა.
და აი ახლა, გეტინგენის და შვედეთის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიცოცხლის ადრეული ფორმების შესახებ საინტერესო მიგნებები გააკეთეს. სამხრეთ აფრიკის ქვის ნიმუშებში მათ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 3,42 მილიარდი წლით. ეს ნახშირბადის ციკლია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიკროორგანიზმებს. კვლევა აჩვენებს, რომ პალეოარქეულ პერიოდში უკვე არსებობდა რთული მიკრობული ორგანიზმები.
შედეგები ჟურნალ Precambrian Research-ში გამოქვეყნდა.
წარსულის გამოვლენა: მოწინავე ტექნიკა
მკვლევრებმა ნახშირბადოვანი ნივთიერების კარგად შემონახული ნაწილაკები გააანალიზეს. საუბარია ცოცხალი ორგანიზმების ნაშთებსა და კლდის ფენებზე. ეს ქანები ერთ-ერთი უძველესია დედამიწის ზედაპირზე. მეცნიერებმა გააერთიანეს მაკრო და მიკრო ანალიზები, რათა მკაფიოდ გამოეჩინათ ორიგინალური ბიოლოგიური კვალი.
მკვლევრებმა სხვადასხვა მიკროორგანიზმების გეოქიმიური "თითის ანაბეჭდები" გამოავლინეს. მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც მზის შუქი ენერგიისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეს არის სულფატის მეტაბოლიზება და, სავარაუდოდ, მეთანის წარმოებაც.
"პირიტის კრისტალებში ნახშირბადის ნივთიერების აღმოჩენით და ამ მასალებში ნახშირბადისა და გოგირდის იზოტოპების ანალიზით, ჩვენ შევძელით გამოგვეყო ინდივიდუალური მიკრობული მეტაბოლური პროცესები", — განმარტა კვლევის უფროსმა ავტორმა, დოქტორმა ჰენრიკ დრეიკმა.
მკვლევრების თქმით, ეს თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავდა. აღმოჩენა მნიშვნელოვანია უძველესი მიკრობული ეკოსისტემების გასაგებად. ეს ხსნის ახალ გზებს პალეობიოლოგიის სფეროში კვლევებისთვის.
კომენტარები