ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
საქართველოში მოსამართლეები მაღალი კორუფციული რისკის მქონე პირებად მოიაზრებიან. ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. იმისთვის, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემები აღმოიფხვრას, ევროკავშირის რეკომენდაციით, ანტიკორუფციული ბიუროც შეიქმნა, რომელიც, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, მოსამართლეების საქმეებსაც უნდა სწავლობდეს. მასალის მომზადებისას, ვცადეთ, დავკავშირებოდით ანტიკორუფციულ ბიუროს და მათგან გაგვეგო, თუ რა მექანიზმებს იყენებენ მოსამართლეების საქმეების შესწავლისას, რა არის მათი პრიორიტეტები და გამოწვევები, თუმცა ინტერვიუზე უარი მივიღეთ. ამ სტატიაში, სპეციალისტებთან ერთად, ვეცდებით, ავხსნათ, რატომ რჩება მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციასთან ბრძოლა გადაუჭრელ პრობლემად და რა როლი შეასრულა ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ პრობლემასთან ბრძოლაში.
2023 წლის 5 აპრილს, ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის უპრეცედენტო ფაქტი მოხდა — ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
- სანქცირებულები არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე, ის ყოფილი მოსამართლეა.
- სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
- მიზეზად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობას" ასახელებს.
დადგა თუ არა ამ მოსამართლეების პასუხისმგებლობა საქართველოში
არა.
უფრო მეტიც, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრია, აშშ აქეთ დაადანაშაულა კორუფციაში და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი "გასვარეს".
ოპოზიციამ მოითხოვა, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტებისა და სამართალდარღვევების შესწავლა იქნებოდა.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნეოდნენ, სოლიდარობა გამოუცხადა და კომისიის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა.
რა იქნებოდა სწორი ალტერნატივა
ზოგადად, კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში, ნებისმიერი მოსამართლის საქმეზე, შესწავლა უნდა დაიწყოს.
გია გვილავა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) პროექტის მენეჯერი და სამართლის სპეცილისტია, ასევე გვიხსნის, რომ შიგნით სისტემაშიც არსებობს შიდა მექანიზმები, რომლებიც მიზანმიმართულია იქით, რომ გამოავლინოს და შეზღუდოს კორუფციული შეზღუდვები — ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც დისციპლინური დევნის ფუნქცია აქვს და ზოგადად, მოსამართლეებზე გარკვეული ფორმის მონიტორინგის შესაძლებლობებიც არსებობს.
გია გვილავა 2012 წლიდან TI-ს პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებს. დღეს იგი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების, საკუთრების უფლების დაცვის და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამებს ხელმძღვანელობს. ის ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ლაიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის რისკებისა და ნიშნების შესახებ, ხშირად მიუთითებს. მოსამართლეები კორუფციის მაღალი რისკის მქონე პირებად მიიჩნევიან და მათი საქმეებით, ასევე, დაინტერესებული უნდა იყოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საქართველოში, ევრორეკომენდაციების საფუძველზე, 2022 წლის ბოლოს შეიქმნა.
დეტალურად, რა ვიცით ანტიკორუფციული ბიუროს როლზე
ეს უწყება განსაზღვრავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.
კანონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, შეუქმნას მას სათანადო პირობები.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
კანონის მიხედვით, ბიუროს საქმიანობის პრინციპებია:
- კანონიერება;
- ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა;
- დამოუკიდებლობა;
- ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
- პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა;
- კანონით დადგენილ ფარგლებში გამჭვირვალობა;
- საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დამოუკიდებელი კომისია და შესამოწმებელ პირთა სია
2024 წლის განმავლობაში უწყება შეისწავლის დამოუკიდებელი კომისიის მიერ გადაცემული პირების სიას, რომელშიც შედიან კორუფციის მაღალი რისკის მქონე პოლიტიკოსები, ასევე, მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
დამოუკიდებელი კომისია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნა და მასში შედიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI),
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI),
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია),
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები,
- და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სიაში, რომელიც კომისიამ შესასწავლად ბიუროს გადასცა, მოსამართლეებიც არიან. დავინტერესდით, რა კრიტერიუმებით ადგენს დამოუკიდებელი კომისია იმ პირებთა ვინაობას, რომლებიც ბიურომ უნდა შეისწავლოს:
- "საქართველოში, სასამართლოს მიმართ საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. კორუფციის მაღალი რისკი არსებობს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მიმართებით, რომელიც უკვე წლებია, სასამართლო სისტემაში იკავებს საკვანძო თანამდებობებს", — გვითხრა დამოუკიდებელი კომისიის წევრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა თამარ ხუხიამ.
თამარ ხუხია საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორია. მას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ(2021 წ.). ამ ეტაპზე, სწავლობს თსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.
- ამას გარდა, მისი განმარტებით, ამოწმებენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქამდე არ შემოწმებულან.
თუმცა, კომისიას აქვს გარკვეული ლიმიტი, რა რაოდენობის ადამიანიც უნდა წარუდგინოს შესამოწმებლად ანტიკორუფციულ ბიუროს.
"კომისიამ შეარჩია 300-ზე მეტი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობის პირებიდან, ცხადია, ყველა მოსამართლე არ არის. კანონმდებლობითაა განსაზღვრული, თუ რამდენი პირის შერჩევა შეუძლია კომისიას. თეორიულად, შესაძლებელია რომ ნებისმიერი ინსტანციის მოსამართლე შემოწმდეს, თუ კომისიის მიერ შერჩეულ სიაში მოხვდება — შესაძლოა, არსებობს მაღალი კორუფციის რისკი, ან ბიუროს მიმართავენ განცხადებით, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, ან — შემთხვევითი ელექტრონული შერჩევით მოხვდება სიაში."
პროცედურულად, რა ხდება მას შემდეგ, რაც ბიურო კომისიისგან სიას მიიღებს
საია-ს ანალიტიკოსის განმარტებით, ანტიკორუფციული ბიურო სწავლობს მოსამართლეების მიერ შევსებულ დეკლარაციებს.
- თუ აღმოჩნდება რომ დეკლარაცია განზრახ დარღვევითა არის შევსებული, ანუ არასრული, ან არასწორია, ბიუროს ევალება, ინფორმაცია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.
- იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ დეკლარანტმა არასწორად, ან არასრულად განზრახ შეიტანა ინფორმაცია დეკლარაციაში, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში გვითხრეს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს, მაღალი კორუფციული რისკის მქონე პირების სია, რომელშიც მოსამართლეებიც შედიოდნენ, შარშანაც გადასცეს, თუმცა, ანგარიში იგვიანებს და გასული წლის დეკემბრის ნაცვლად, ანგარიშს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ბიუროს არც წლიური ანგარიში გაუქვეყნებია ამ დრომდე: "ნაცვლად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი პასუხისმგებელი უწყება თავად გამოირჩეოდეს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში 22 დეკემბერს დახურულ ფორმატში წარადგინა. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, ბიუროს უფროსმა ყურადღება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა, თუმცა ბიუროს არც ამ ანგარიშის პრეზენტაციაზე და არც სხვა ღონისძიებებზე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია. წარდგენილი ანგარიში ბიუროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი."
რეალურად, არის თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ქმედითი
გია გვილავა ამბობს, რომ — არა.
მისი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა ინსტიტუციები შეიქმნება კორუფციის გამოძიების კუთხით, "რადგან საწყისი არის პოლიტიკური ნება".
გია გვილავას თქმით, უწყების ერთ-ერთი მთავარი დაინტერესების საგანი უნდა იყოს სასამართლო სისტემა, რადგან ამ სისტემის პრობლემებზე საუბრობს ჩვენი პარტნიორების უმეტესობა, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ.
"შესაბამისად, ბიუროსთვისაც ძალიან ცხადია, რა პრობლემებია სასამართლოში, საიდან იწყება ეს პრობლემა. ამ დრომდე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რას აკეთებენ ამ მიმართულებით. ბიურო ახალი შექმნილია და ეს პერიოდი მისი აქტიურობა, ამ კუთხით, საერთოდ არ შეგვიმჩნევია", — თქვა გია გვილავამ.
დაბოლოს, რატომ მიდის ყველაფერი კლანის პრობლემამდე და რატომ "არ მუშაობს" ანტიკორუფციული ბიურო
გია გვილავას თქმით, მმართველ ძალას საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის ლოიალობა სჭირდება და შესაბამისად, მოსამართლეების მიმართ, კანონის აღსრულება არ ხდება.
"რომელი ბიურო იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კანონი მაინც არ აღსრულდება სრულფასოვნად", — თქვა მან.
მისივე განმარტებით,
- სისტემა არ მუშაობს იმიტომ, რომ სასამართლოს აკონტროლებს გავლენიანი მოსამართლეების მცირე ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ "თანამშრომლობს“ ხელისუფლებასთან.
- ამ პირობებში, მისი თქმით, გამოძიება აღარ იქნება აქტიური და არ იქნება ნება, რომ "საეჭვო" შემთხვევებს ობიექტური რეაგირება მოჰყვეს.
- მეორე პრობლემა, სამართლის სპეციალისტის განმარტებით, არის ის, რომ ხელისუფლების შტოები — მაგალითად, პარლამენტი და მართლმსაჯულების სისტემა, ერთმანეთის კონტროლის და ბალანსის ნაცვლად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ. აქ, გია გვილავა საუბრობს გავლენიან ჯგუფზე სასამართლოში, რომელიც გარიგებულია ხელისუფლებასთან. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა პირობას უქმნის ასეთ მოსამართლეებს, რომ მათი ძალაუფლება იყოს აბსოლუტური და გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოების გარეთ.
"ეს ჯგუფი [კლანი] აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას სასამართლოს შიგნით, ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა ამ ხალხის ხელშია, მათ შორის — დისციპლინარული წარმოების მექანიზმები და ის მექანიზმები, რომლებმაც კორუფციის პრევენცია უნდა მოახდინოს... ბუნებრივია, რომ როდესაც ყველაფერი ერთი ინტერესის ხელშია, ეს სისტემა არ მუშაობს და არ არსებობს რისკების დაზღვევის მექანიზმი, არცერთ სამართლებრივი მექანიზმი არ არის ეფექტიანი, რომელიც მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ კორუფცია აგვარიდოს, პრობლემები გამოავლინოს და მერე ეს პრობლემები აღმოფხვრას.
ეს სისტემები არ მუშაობს იმიტომ, რომ ამ ხალხს [კლანს] არ უნდა ეს სქემები საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიყენოს", — თქვა გია გვილავამ.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები