ინტერნეტში ზურაბიშვილის ყალბი ვიდეო ვრცელდება — თაღლითები "აქციების შეძენისკენ" მოგვიწოდებენ
ვიდეო DeepFake ტექნოლოგიითაა შექმნილი.
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში იგი თითქოს რუსულად საუბრობს და სოკარის აქციების ყიდვისაკენ მოგვიწოდებს. "2000 ლარი — აი, რამდენს გამოიმუშავებთ, თუ ვებგვერდზე ახლავე დარეგისტრირდებით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია", — რუსულადვე წერია ვიდეოს აღწერაში.
ყალბ ვიდეოში პრეზიდენტი "გვამცნობს", რომ სოკარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინვესტიციებზე ოფიციალურ წვდომას ხსნის. ვიდეოში ნათქვამია, რომ ასე თვეში 15 ათას ლარამდე შემოსავლის მიღებაც კია შესაძლებელი, თუ მოქალაქეები ამ საქმეს დღეში მხოლოდ 30 წუთს დაუთმობენ. ხაზგასმულია, რომ "ეს მარტივი და სანდო მეთოდია პასიური შემოსავლის მისაღებად".
"ყველაფერი, რაც ამის გასაკეთებლად გჭირდებათ, არის: ვიზიტი ოფიციალურ საიტზე, საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება და მენეჯერის ზარის ლოდინი", — ამბობს კაცის ხმა სარეკლამო ვიდეოს მეორე ნაწილში.
პოსტსა თუ მის კომენტარებში არანაირი ბმული არაა მითითებული. ვერ შევძელით მისი სხვა წყაროებით მოძიებაც.
გავრცელებული ვიდეო რეალურად DeepFake ტექნოლოგიითაა შექმნილი. ვიდეომიმართვის ნამდვილი ვერსია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ასახავს ბუჩაში გამართული სამიტისთვის.
შეხვედრა ბუჩის გათავისუფლების წლისთავს უკავშირდებოდა. ზურაბიშვილი რეალურად უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს მიმართავდა სიტყვით.
სიტყვით გამოსვლას ქართულად ამ პრესრელიზში გაეცნობით. ვიდეოში პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და იმის იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. შესაბამისად, DeepFake-ის შინაარსი რეალურისაგან სრულებით აცდენილია.
ცნობისთვის, მითების დეტექტორის მიხედვით, ზურაბიშვილის DeepFake-ით სოკართან დაკავშირებული ყალბი რეკლამა აქამდეც გავრცელებულა. ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების ყალბი ვიდეოები არცთუ ისე იშვიათად იქმნება.
ასევე იხილეთ: Facebook-მა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ვიდეო წაშალა
ამ ბმულზე, მაგალითად, იმასაც იხილავთ, თუ როგორ მღერის ილონ მასკი რუსულად კოსმოსში გაფრენის შესახებ (მასკის სახე რეალურად რუსი მომღერლის ტანზეა "მიმაგრებული").
DeepFake ტექნოლოგიით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, შესაძლებელია, ადამიანების გამოსახულებები ჩავანაცვლოთ და მათ ის რაღაცები "ვათქმევინოთ", რაც რეალურად არასდროს უთქვამთ.
ასევე იხილეთ: რა არის Deepfake და როგორ ვებრძოლოთ მას
თუ DeepFake-ებზე მეტის გაგება გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები