Facebook-მა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ვიდეო წაშალა
16 მარტს Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ საკუთარი პლატფორმიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიფფეიქ" ვიდეო წაშალა, რომელშიც ის საკუთარ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.
ყალბი ვიდეო პირველად უკრაინულ ტელეარხზე TV24 გამოჩნდა, რომელიც ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. კადრებში ვხედავთ ზელენსკის უძრავ ტანს და მასთან შედარებით, არაბუნებრივად დიდი ზომის თავს. პრეზიდენტის ხელოვნურად შექმნილი "ორეული", რომელიც საკმაოდ უხარისხოდაა დამუშავებული, ამბობს, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, ისტორიული მნიშვნელობის რეგიონი დონბასი რუსეთს დაუბრუნოს და რომ მათი საბრძოლო მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
აღნიშნულ "დიფფეიქში" ზელენსკის თავი ტანზე მეტადაა პიქსელებად დანაწევრებული, მისი ხმა კი იმაზე ბოხია, ვიდრე სინამდვილეში. შესაბამისად, თუნდაც გამოუცდელი თვალისთვის ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ საქმე მართლაც რეალობასთან შეუსაბამო მიმართვასთან გვაქვს.
ვიდეოს წაშლის შესახებ ინფორმაცია თავად Meta-ს წარმომადგენელმა, ნათანიელ გლეიჩერმა საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ მსგავსი შიგთავსი ჯერ კიდევ 2020 წელს აკრძალა, რაც მაშინ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.
უნდა ითქვას, რომ გაყალბების ამგვარი ფაქტი უკრაინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობა და ჯარისკაცები გააფრთხილა, რომ მსგავსი მცდელობები იქნებოდა. მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნებისმიერი ასეთი ვიდეოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ.
მას შემდეგ, რაც ზელენსკის ყალბი გამოსვლის ამსახველი კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, პრეზიდენტი მომხდარს Instagram-ზე გამოეხმაურა და მომხდარს რუსეთის მხრიდან ბავშვური პროვოკაცია უწოდა.
კომენტარები