მკვდარი ვარსკვლავების გარშემო სავარაუდო ეგზოპლანეტები აღმოაჩინეს
ვარსკვლავთა სიკვდილის პროცესი მათი კოსმოსური სამეზობლოსთვის კატასტროფული მოვლენაა, რადგან ამას ძლიერი ამოფრქვევები და პლაზმის გავრცელება ახლავს თან. იგივე მოხდება მზის შემთხვევაშიც, რომელიც დაახლოებით 5 მილიარდ წელში წითელ გიგანტად გადაიქცევა.
როდესაც ეს მოხდება, მისი გარე შრეები გაფართოვდება და მარსის ორბიტამდე მიაღწევს, ანუ აღნიშნულ არეალში ყველაფერი პლაზმაში მოექცევა. ამის შემდეგ მისგან მხოლოდ შემჭიდროებული ბირთვი დარჩება, რასაც თეთრ ჯუჯა ვარსკვლავს უწოდებენ.
მაინც რა ემართება თეთრი ჯუჯების გარშემო არსებულ პლანეტებს? შესაძლებელია, ისინი გადარჩეს და მათ ორბიტაზე შენარჩუნდეს? მეცნიერთა ახალი აღმოჩენა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა თეთრი ჯუჯების მიმდებარედ აირისგან შედგენილი ორი სავარაუდო ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება მოიპოვეს. მათი ასაკი და მნათობთან დისტანცია მზის სისტემის მსგავსია და მიუთითებს, რომ შესაძლებელია, იუპიტერის მაგვარი ციური სხეულები ვარსკვლავთა სიკვდილს გადაურჩეს.
უნდა ითქვას, რომ ასეთი შორეული ობიექტების პირდაპირ დაფიქსირება ძალიან ძნელია და აქამდე მიკვლეული 5 500-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან უმეტესობა სხვა მეთოდითაა აღმოჩენილი. ეს იმიტომ, რომ მათ ვარსკვლავების სიკაშკაშე ჩრდილავს, მაგრამ ვების ტელესკოპის განსაკუთრებული შესაძლებლობები ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალებას იძლევა.
ასევე, იხილეთ: როგორ აფიქსირებენ ეგზოპლანეტებს: 5 მეთოდი — STEM მარტივად
შედეგად მეცნიერმა WD 1202-232-ისა და WD 2105-82-ის სახელით ცნობილი თეთრი ჯუჯების გარშემო, ჩვენგან 34 და 53 სინათლის წლის მოშორებით, სავარაუდო გიგანტი ეგზოპლანეტები გამოავლინეს. პირველადი მონაცემებით, მათი მასა იუპიტერისას 1-7-ჯერ უნდა აღემატებოდეს.
ერთ-ერთ ამ ობიექტს საკუთარ ვარსკვლავ WD 1202-23-ისგან 11.47 ასტრონომიული ერთეული აშორებს, რაც მზესა და სატურნს შორის დისტანციას ოდნავ აღემატება. მეორე სისტემის შემთხვევაში ეს მანძილი 34.62 ასტრონომიული ერთეულია, თითქმის ნეპტუნის მსგავსი.
თუ ამ ციური სხეულებისა და თეთრი ჯუჯების ასაკი ერთნაირია, მაშინ მზის სისტემაში მათ ეკვივალენტ პლანეტებს თავიანთ ორბიტებზე დარჩენის შანსი აქვს. შესაბამისად, მსგავსი კვლევები ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს მომავლის განსასაზღვრად უმნიშვნელოვანესია.
ავტორები ამ სისტემების უკეთ შესწავლას გეგმავენ. მათი თქმით, შესაძლებელია, ეს ობიექტები ფონური გალაქტიკები იყოს, მაგრამ ამის შანსი მცირეა.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები