როგორ ისწავლეს ფრინველებმა ფრენა
ჯონს ჰოპკინსის მედიცინის მკვლევრებმა გაარკვიეს ის, თუ როგორ განუვითარდათ ფრინველებს ფრენის უნარი.
ამის შესახებ კვლევა Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა მტრედების ტვინების სკანირების გარდა, უძველესი ნამარხებიც შეისწავლეს, რათა დაედგინათ მნიშვნელოვანი ცვლილებები ნათხემში. ტვინის ეს ნაწილი მოგრძო ტვინსა და შუა ტვინს შორისაა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უმთავრესად მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაში. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს არის ფრინველებში ფრენის ევოლუციის გასაღები.
ფრენა არ არის პატარა მიღწევა ხერხემლიანთა სამყაროში. როგორც კვლევის ავტორმა ემი ბალანოფმა აღნიშნა, მხოლოდ სამმა ჯგუფმა მოახერხა ამ "კოდის გატეხვა". ესენი არიან მეზოზოური ეპოქის პტეროზავრები, ღამურები და რა თქმა უნდა, ფრინველები.
თუმცა, შეკითხვა ყოველთვის არსებობდა იმაზე, თუ რა არის ის საერთო, რამაც ამ ჯგუფებისთვის ფრენა შესაძლებელი გახადა.
ამ საიდუმლოს გამოსავლენად მკვლევრებმა თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს. მათ ჩაატარეს PET სკანირება მტრედებზე ფრენის დაწყებამდე და მის შემდეგ. ამით ასახეს ტვინის აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ამ შესაძლებლობასთან.
მკვლევრებმა ფრენის დროს ნათხემის აქტივობის მუდმივი ზრდა დააფიქსირეს. ეს აღმოჩენა არა მხოლოდ მოულოდნელი იყო, არამედ მნიშვნელოვანი კავშირი აღმოჩნდა თანამედროვე ფრინველების ტვინსა და მათ წინაპრებს შორის.
არსებობდა თეორია, რომ ნათხემის როლი ფრენისას მნიშვნელოვანია. თუმცა, მეცნიერები ამაში დარწმუნებულები არ იყვნენ. ამ ბოლო კვლევამ, რომელმაც ცოცხალი ფრინველებისა და დინოზავრების ნამარხების ანალიზი გააერთიანა, მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ამან გამოავლინა, რომ როგორც დინოზავრებში, ისე თანამედროვე ფრინველებში ფრენაზე პასუხისმგებელი სწორედ ტვინის ეს ნაწილია.
კავშირი ნათხემის ევოლუციასა და ფრენას შორის
კვლევამ ასევე გამოავლინა ცვლილებები ნათხემის ქსოვილის ნაკეცებში, რაც მიუთითებს ტვინის სირთულის მატებაზე. ეს აღმოჩენა ადგენს პირდაპირ კავშირს ნათხემის ევოლუციასა და ფრინველებში ფრენის შესაძლებლობების დახვეწას შორის.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნათხემის აქტივობა იზრდებოდა ფრენის დროს, მეცნიერები აღიარებენ, რომ უფრო რთულმა ფრენის მანევრებმა შეიძლება გაააქტიუროს ტვინის სხვადასხვა რეგიონებიც.
დოქტორი გაბრიელ ბევერი, ჯონს ჰოპკინსის ფუნქციური ანატომიისა და ევოლუციის ასოცირებული პროფესორი, ხაზს უსვამს აღმოჩენების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ტვინის ევოლუციური განვითარება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს არსებების საჭიროებასთან, დაფარონ დიდი ტერიტორიები. ფრენა სწორედ ამის საშუალებაა.
ეს ნიშნავს, რომ ტვინში მსგავსი ცვლილებები ოდესღაც სწორედ ამის გამო უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულმა არსებებმა დიდი ტერიტორიებს დაფარვის შესაძლებლობა სწორედ ასე გამონახეს.
ეს ინტერდისციპლინარული კვლევა აერთიანებს ფუნქციურ ანატომიას, ევოლუციასა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ექსპერტებს.
მკვლევრები თხემის კიდევ უფრო კომპლექსურად შესწავლას გეგმავენ, რათა დაადგინონ ფრენაზე პასუხისმგებელი ზუსტი უბნები და აღმოაჩინონ რთული ნერვული კავშირები, რომლებიც ხელს უწყობს ამ არაჩვეულებრივ უნარს.
კომენტარები