პომიდვრის წვენს სალმონელას განადგურება შეუძლია
ახალი კვლევის თანახმად, პომიდორი შესაძლოა, ჩვენს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ის ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და სხვა მრავალი სასარგებლო ნაერთითაა მდიდარი, რომელთაგანაც ორს, უჯრედული ექსპერიმენტების მიხედვით, ბაქტერიების განადგურება შეუძლია.
მეცნიერები ბაქტერიების გვარ სალმონელაზე კონცენტრირდნენ, რომელიც ნაწლავებში მოხვედრისას მოწამვლას იწვევს. კერძოდ, ყურადღება Salmonella enterica Typhi-ზე გაამახვილეს, რომელიც მხოლოდ ადამიანებშია გავრცელებული და კუჭიდან სისხლში შეღწევისას მუცლის ტიფს ედება საფუძვლად.
საკვებში არსებული ასეთი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების თავიდან აცილება სხვადასხვა ხერხითაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სუფთა წყალი ან სათანადო ვაქცინები არაა ხელმისაწვდომი და სანიტარული პირობებიც სავალალოა, ეს პრობლემად რჩება.
პათოგენები ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადადის, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კი ბავშვები არიან. 2016 წელს პაკისტანში ანტიბიოტიკ რეზისტენტულმა მსგავსმა ბაქტერიებმა მრავალი ადამიანის დაავადება გამოიწვია და სპეციალისტები ახლაც შიშობენ, რომ შესაძლოა, იგივე გამეორდეს.
ამ მხრივ პომიდორი და მისი წვენი იმედის მომცემია, რადგან პათოგენებთან შებრძოლების უნარი გააჩნია. როდესაც ლაბორატორიაში გაზრდილი Salmonella Typhi პომიდვრის ახლად გამოწურულ წვენთან შევიდა ურთიერთქმედებაში, ეს პათოგენური კულტურები 24 საათის განმავლობაში განადგურდა, რაც ნაყოფის მჟავური თვისებების დამსახურება სულაც არაა.
მცენარის გენომის გაშიფვრის გზით მეცნიერებმა მასში ორი კანდიდატი ანტიმიკრობული პეპტიდი გამოავლინეს. ისინი Salmonella Typhi-ის ზრდას აჩერებს და ანტიბიოტიკ ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულ შტამებს ანადგურებს. ავტორებმა ამ პეპტიდების ფორმის მოდელი შექმნეს და ბაქტერიული უჯრედების მემბრანასთან მათი ურთიერთქმედების სიმულირება შეძლეს.
შედეგების მიხედვით, პომიდორში არსებული პეპტიდები ზემოხსენებული ბაქტერიის უჯრედის მემბრანას აზიანებს, რასაც მხოლოდ 45 წუთი სჭირდება. სხვა ექსპერიმენტებში მათ Salmonella Typhimurium-ის შტამი გააუვნებლეს, რომელიც საკვებით მოწამვლას იწვევს, მაგრამ არა ლეტალურს.
უკანასკნელი კვლევა მიანიშნებს, რომ ბალანსირებული დიეტა, რომელიც პომიდორსა და სხვა ხილსა თუ ბოსტნეულს მოიცავს, შესაძლოა, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ასეთ ჯანსაღ საკვებზე ბევრი სახელმწიფოს მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Microbiology Spectrum გამოქვეყნდა.
კომენტარები